LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს 10 ულამაზესი ტბა, რომელსაც ტურისტები ხშირად სტუმრობენ

923

მორეინის ტბა, მელისანის გამოქვაბული, ვარდისფერი ტბა, ბლედის  და  ლუისის ტბები, პლიტვიცეს ტბების ეროვნული პარკი  – მსოფლიოს ულამაზესი, ზღაპრული ადგილები, რომლებსაც ტურისტები ხშირად სტუმრობენ. ტბები, სადაც  წყლის ფერი ცისფერიდან მწვანეში და  ლურჯში გადადის. ფორტუნასთან ერთად იმოგზაურეთ მსოფლიოს საოცარ ადგილებში და დაგეგმეთ მოგზაურობა #ფორტუნაგიდთან ერთად.

 

1. მორეინის ტბა, კანადა

კანადის ნაციონალურ პარკში მდებარე ყინულოვანი ტბა მოლაშქრეთა საყვარელ ადგილს წარმოადგენს. კლდეებში ჩამალული სილამაზე ქვეყნის ყველაზე ფოტოგენურ ადგილადაც ითვლება. ვიზიტორთა უმრავლესობა მორეინს ივნისის ბოლოს აკითხავს, როცა წყლის ფერი მუქი ლურჯიდან ღია ცისფერში გადადის.

2. მელისანის გამოქვაბული, საბერძნეთი

ბერძნული ლეგენდის მიხედვით ულამაზეს გამოქვაბულში ნიმფები ცხოვრობენ. ხშირი ტყით გარშემორტყმული გამოქვაბულის მთავარ ღირსშესანიშნაობას ულამაზესი ტბა წარმოადგენს. მელისანში მუდმივად დაბალი ტემპერატურაა, თუმცა მის სანახავად მისულ ათასობით ვიზიტორს ეს ნაკლებად აბრკოლებს.

3. ვარდისფერი ტბა, ავსტრალია

ტბის სახელი შესაძლოა ბევრმა ადამიანმა შეცდომით გაშიფროს და მისი წყალი მართლაც ვარდისფერი შეფერილობის ეგონოს. თუმცა, სინამდვილეში ტბა ფერს მუდმივად იცვლის და ეს მასში არსებული ბაქტერიების დამსახურებაა. ვარდისფერი ტბა რომ უამრავ ტურისტს იზიდავს, ამას ალბათ აღნიშვნაც არ სჭირდება.

4. პლიტვიცეს ტბების ეროვნული პარკი, ხორვატია

სამხრეთ ევროპის უძველესი ეროვნული პარკი ჯერ კიდევ 40-იან წლებში შეიქმნა. ხორვატიის გულში განთავსებული ულამაზესი ტბები მნახველს განსხვავებული ფერებით იზიდავს. წყლის ფერი ცისფერიდან მწვანეში, ნაცრისფერში ან ლურჯში გადადის. ამ სილამაზის ნახვა კი ცხოვრებაში ერთხელ მაინც აუცილებელია.

5. ბლედის ტბა, სლოვაკეთი

მსოფლიოს ყველაზე რომანტიკულ ადგილთა სიაში მოხვედრილ ტბას დიდი წარდგენა არც სჭირდება. ევროპის ამ გასაოცარ ადგილზე გასეირნებას ალბათ არაფერი სჯობს. ამასთან ტბის სიახლოევს უძველესი ტაძარიც მდებარეობს და ვიზიტორებს მის შესახებ არსებული უამრავი ლეგენდის მოსმენაც შეუძლიათ.

6. ლუისის ტბა, კანადა

ალბათ ძალიან იშვიათად თუ მოიძებნება ადამიანი, ვისაც ალბერტას ეროვნულ პარკში მდებარე ულამაზესი ტბის შესახებ არაფერი სმენია. სიმშვიდით აღსავსე ლურჯი ტბა ულამაზეს მთებშია ჩამალული. როგორც ტურისტები აცხადებენ, ლუისის ტბაში ნავით გასეირნებას  ვერაფერი შეედრება.

7. უაკატიპუს ტბა, ახალი ზელანდია

ახალ ზელანდიაში ყველაზე გრძელი ტბა ზღვის დონიდან 100 მეტრით დაბლა მდებარეობს. უაკატიპუ საუკეთესო ადგილია მათთვის, ვისაც ველური ბუნების უკეთ შეგრძნობა სურს. ზოგადად, ახალი ზელანდია მიმალული საგანძურებითაა ცნობილი და ტურისტებს წინ დიდი აღმოჩენები ელით.

8. კომოს ტბა, იტალია

კომო უდაოდ ყველაზე მოდური და სელებრითების საყვარელი ადგილია. ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ტბა არისტოკრატთა და დიდებულთა ოჯახების პოპულარული თავშესაფარი ჯერ კიდევ რომაული ხანიდან იყო. დღეს კი მის ტერიტორიაზე სახლები ისეთ ვარსკვლავებს აქვთ, როგორიცაა –  მეთიუ ბელამი, მადონა, ჯორჯ კლუნი, ჯანი ვერსაჩე, რონალდინიო, სილვესტერ სტალონე, რიჩარდ ბრენსონი თუ ბენ სპიზი.

9 ბაიკალის ტბა, ციმბირი

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტბა – მტკნარი წყლის მარაგის 20%-ს მოიცავს. დიახ, ბაიკალი ნამდვილად უზარმაზარია და მას იმაზე მეტი სუფთა წყალი აქვს ვიდრე ჩრდილოეთ ამერიკის ყველა დიდ ტბას ერთად. ბაიკალი გარდა სიდიდისა, ასევე მსოფლიოში ყველაზე სუფთა და ძველი ტბაა.

10. კრატერის ტბა, ორეგონი

ორეგონის შტატის შუაგულში მდებარე ტბა კრატერის ეროვნული პარკის მთავარი ღირსშესანიშნაობაა.  მუქი ლურჯი ფერის კამკამა წყალი შტატის ყველაზე ფოტოგენური ადგილია. კრატერის ტბა ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ღრმა, მსოფლიოში კი სიღრმით მე-10 ტბაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები