LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს გარშემო მიმოფანტული 10 ულამაზესი სასახლე

481

ციხე-კოშკები აზიისა თუ ევროპის არქიტექტურის უნიკალურ ნაწილს წარმოადგენს. ისინი ვიზიტორებში მეფეებს, რაინდებს, ბრძოლებს, ცხენებსა და სხვა შთამბეჭდავ სცენებს აცოცხლებენ. როგორც წესი, ყველა სასახლე უამრავ თქმულებას, ამბავს ინახავს, რასაც თანამედროვე ცხოვრებაზეც ძალიან დიდი გავლენა აქვს.

მოგზაურთა პორტალმა “Add To Bucket List”-მა მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა და საუკეთესო სასახლეების რეიტინგი მხოლოდ ამის შემდეგ შეადგინა. სიაში მოხვდა ის დანიშნულებები, რომელთა მონახულებაზე უარს ალბათ არც ერთი მოგზაური არ იტყოდა.

1. მონ-სენ-მიშელი, საფრანგეთი

საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ციხე-სიმაგრედ ქცეულ კლდოვან კუნძულს მნიშვნელოვანი სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა. ისტორიული ნაგებობა, რომელიც ასობით წელს ითვლის, სენ-მიშელის ყურის სამი კუნძულიდან ერთადერთი დასახლებულია. კუნძული არქიტექტურის უნიკალურ ძეგლადაა მიჩნეული და 1979 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშიც საპატიო ადგილს იკავებს.

2. ბოდიამის სასახლე, ინგლისი

წყალზე გაშენებული ულამაზესი სასახლე დღემდე უამრავ დამთვალიერებელს იზიდავს. ციხემ, რომელსაც თავის დროზე მეფე რიჩარდ მე-3 ფლობდა, საუკუნეების განმავლობაში უამრავი ბატონი გამოიცვალა. სასახლის უმთავრესი დანიშნულება სამხრეთ ინგლისის დაცვა იყო. დღეს კი კომპლექსი სამუზეუმო სივრცედაა გადაქცეული და ოჯახთან ერთად დასასვენებლად საუკეთესო ადგილს წარმოადგენს.

3. ნაგოიას სასახლე, იაპონია

მე-16 საუკუნეში აშენებული უნიკალური სასახლე მეორე მსოფლიო ომის დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტის დანიშნულებას ასრულებდა. მოგვიანებით კომპლექსი აღადგინეს და დღესდღეობით ის იაპონიის ყველაზე პოპულარული ტურისტული დანიშნულებაა.

4. უინძორების სასახლე, ინგლისი

მსოფლიოში ყველაზე საკულტო, შუა საუკუნეების სასახლე მე-11 საუკუნით თარიღდება და ის პლანეტის ყველაზე დაკავებული სასახლეა. ტრადიციული ინგლისური დიზაინით ნაშენი კომპლექსი დაუჯერებლად დიდი ზომისაა. ამასთან, სასახლე ინგლისის ყველაზე ნახვადი ღირსშესანიშნაობაცაა.

5. ნოიშვანშტაინის სასახლე, გერმანია

ევროპის ყველაზე ელეგანტური სასახლე ბავარიაში, დიდებულ ალპებში მდებარეობს. მართალია, კომპლექსი შუა საუკუნეებით არ თარიღდება, მე-19 საუკუნეშია აშენებული, თუმცა ეს მის ზღაპრულ, ჯადოსნურ გარემოზე არანაირ გავლენას არ ახდენს.

6. შატო დე ლოშე, საფრანგეთი

მე-12 საუკუნეში აშენებული სასახლე დღეს მხოლოდ მუზეუმის ფუნქციას ასრულებს. ლეგენდის მიხედვით, სასახლე მეფე ჩარლზ VII თავის ერთ-ერთ საყვარელს მიუძღვნა. მოგვიანებით კი ჩარლზის ვაჟმა კომპლექსს დანიშნულება შეუცვალა და ციხედ გადააქცია. სასახლეში სამეფო დიდებულება დღემდე ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა.

7. ბოჟნიცეს ციხესიმაგრე, სლოვაკეთი

სლოვაკეთის ყველაზე ელეგანტურმა ნაგებობამ წლების განმავლობაში უამრავი ცვლილება განიცადა. სასახლეზე ყველაზე დიდი გავლენა ფრანგულმა არქიტექტურამ მოახდინა და გოთიკისა და რენესანსის ნაზავი ნამდვილ ზღაპრად ჩამოყალიბდა. დღეს კომპლექსი პოპულარულ სამუზეუმო სივრცეს წარმოადგენს და სხვადასხვა კულტურულ ფესტივალებსაც ხშირად მასპინძლობს ხოლმე.

8. ბრანის ციხესიმაგრე, რუმინეთი

ულამაზესი სასახლის მთავარი დატვირთვა და ვიზიტორთა ინტერესის მიზეზი – მისი გრაფ დრაკულასთან კავშირია. ტრანსილვანიაში განთავსებული კომპლექსი მთის მწვერვალზეა აგებული და მისგან მართლაც დაუვიწყარი ხედი იშლება.

9. ედინბურგის სასახლე, შოტლანდია

ქალაქის თავზე გაშენებული კოშკი ვიზიტორებს მდიდარი ისტორიით და მისტიკური ლეგენდებით აოცებს. შოტლანდიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დანიშნულება მსოფლიომ პარანორმალური აქტივობის გამო გაიცნო. თუმცა, გარდა მოჩვენებებისა კომპლექსი მნახველებს საოცარი არქიტექტურით, მუზეუმებითა და კარგად აღჭურვილი საგანმანათლებლო ცენტრითაც აოცებს.

10. კსენჟის ციხესიმაგრე, პოლონეთი

პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასახლე მე-13 საუკუნეშია აშენებული. ულამაზესი კომპლექსი ცნობილი ათობით მიწისქვეშა გვირაბის დამსახურებით გახდა. სასახლე, რომელმაც უამრავ საუკუნეს, ომსა თუ მმართველობას გაუძლო, ფაქტობრივად თავიდან ააშენეს და დღეს მის ტერიტორიაზე სასტუმროები, რესტორნები და არტ-გალერეებია განთავსებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები