LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს საუკეთესო ქალაქები სტუდენტებისთვის

533

საზღვარგარეთ სწავლით დღეს არავის გაკვირვება აღარ შეიძლება, თუმცა მაინც საინტერესოა, სად შეიძლება საუკეთესო განათლების მიღება. გამოცემამ TopUniversities, რომლის ძირითად საქმიანობას საგანმანათლებლო სფეროს კვლევა წარმოადგენს, განათლების ხარისხი, სწავლის საფასური და სამომავლოდ სამუშაოს შოვნის შესაძლებლობა გათვალისწინა და მსოფლიოს საუკეთესო საუნივერსიტეტო ქალაქების რეიტინგი შეადგინა.

პარიზი – 18 სასწავლებლის, მათ შორის მთელ მსოფლიოში ცნობილი სორბონას, რენე დეკარტის, პიერ და მარი კიურის უნივერსიტეტების წყალობით, საფრანგეთის დედაქალაქი უკვე მეოთხე წელია საუნივერსიტეტო ქალაქების ლიდერია. მართალია, პარიზი საკმაოდ ძვირიანი ქალაქია, თუმცა სხვა ქალაქებთან შედარებით სწავლა აქ ბევრად იაფია. სხვათაშორის, სწორედ პარიზის ელიტარულ უნივერსიტეტებში სწავლობდნენ ცნობილი ფილოსოფოსები, მეცნიერები, პოლიტიკოსები და ბიზნესმენები, აქ დაიბადა ახალი მიმდინარეობები კინოსა და ლიტერატურაში. ადგილობრივი სასწავლებლების კურსდამთავრებულები დღესაც განსაკუთრებული პატივით სარგებლობენ, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ევროპული კომპანიები პირველ რიგში სწორედ მათ დაქირავებას ცდილობს.

მელბურნი – ავსტრალიური ქალაქი იმ შვიდი უნივერსიტეტის წყალობით გახდა ცნობილი, რომელებიც მუდმივად ლიდერობენ მსოფლიოს 100 საუკეთესო სასწავლებლის რეიტინგში. მელბურნი ავსტრალიის კულტურული დედაქალაქია, ამიტომ საუკეთესო განათლების მიღების იმედი, პირველ რიგში ლიტერატორებს და მხატვრებს, მსახიობებს და რეჟისორებს უნდა ჰქონდეთ. სხვათაშორის, დამსაქმებელთა მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, უცხოელი სტუდენტები ხშირად რჩებიან მელბურნში და ხარისხიანი განათლების მიღების შემდეგ, სწორედ აქ იკეთებენ წარმატებულ კარიერას. „ავსტრალიური განათლების“ ერთადერთი ნაკლი მაღალი საფასურია, საკმაოდ ძვირი ჯდება ქალაქში კომფორტულად ცხოვრებაც.

ტოკიო – იაპონიის დედაქალაქი 13 უნივერსიტეტის მფლობელია, უცხოელ სტუდენტთა უმეტესობა კი, ტოკიოს, ტექნოლოგიისა და სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტებს ანიჭებს უპირატესობას. აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკისა და ლონდონის შემდეგ, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ცენტრი ტოკიო, სტაჟირებისა და კარიერული ზრდის საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა, რადგან ადგილობრივი უნივერსიტეტის კურსდამდავრებულებს  რეგიონალურ კომპანიებთან ერთად, მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციებიც სიამოვნებით იწვევენ სამუშაოდ. გარდა ამისა, ტოკიოში, რომელიც უსაფრთხოებითა და ცხოვრების მაღალი დონითაა ცნობილი, სწავლაც საკმაოდ ხელმისაწვდომია.

სიდნეი – ავტრალიის კიდევ ერთი ქალაქი მოხვდა TopUniversities-ის რეიტინგში. სიდნეის ხუთ უმაღლეს სასწავლებელს შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტი, რომელიც მსოფლიოს 50 საუკეთესო სასწავლებლის ნუსხაშია. ამასთანავე, სიდნეიში ყოველთვის თავისუფლად შეიძლება როგორც სეზონური – პლაჟზე ან კაფეში, ისე მაღალანაზღაურებადი სამსახურის შოვნა უკვე გამოცდილი სპეციალისტისთვის.

ლონდონი – ბრიტანეთის დედაქალაქი დიდი ხანია ითვლება მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოების ცენტრად. მით უფრო, რომ 19 სასწავლებლიდან ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი და ლონდონის სამეფო კოლეჯი მსოფლიოს 10 საუკეთესო უნივერსიტეტის ნუსხაშია. მეცნიერებასთან ერთად ლონდონი შემოქმედებითად განწყობილ სტუდენტებსაც მრავლად იზიდავს, რადგან აქ ნებისმიერი სპეციალობის ახალგაზრდას შეუძლია სამსახურის შოვნა, მთავარია დააინტერესოს დამქირავებელი საკუთარი ცოდნითა და  კრეატიული იდეებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები