LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში წელს „დედამიწის საათი” 24 მარტს აღინიშნება

300

მთელი მსოფლიო „დედამიწის საათის” აღსანიშნავად ემზადება. ღონისძიება წელს 24 მარტს გაიმართება და მას ტრადიციულად საქართველოც შეუერთდება. ღონისძიება ადგილობრივი დროით 20:30 საათზე, დედაენის ბაღში ჩატარდება.

როგორც საქართველოში აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, გასულ წელს 187 ქვეყანა და მილიონობით ადამიანი შეიკრიბა ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნის გარშემო – ჩვენი ერთადერთი სახლის, დედამიწის დასაცავად.

”ვიმედოვნებთ, რომ 24 მარტს ჩვენს ქვეყანაშიც ძალიან ბევრი ადამიანი ჩააქრობს სინათლეს ერთი საათით და შემოუერთდება „დედამიწის საათს. ასევე ვიმედოვნებთ, რომ ბევრი მათგანი არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი საათით და ბუნების დაცვას ცხოვრების წესად აქცევს”, – აცხადებენ ორგანიზატორები.

მათივე ინფორმაციით, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის პროექტი – „დედამიწის საათი“, მსოფლიოს უდიდესი გარემოს დაცვითი მოძრაობაა, რომელმაც სტარტი 2007 წელს სიდნეიში აიღო.  სინათლის ჩაქრობის სიმბოლური და ერთჯერადი ღონისძიების სახით წამოწყებულმა „დედამიწის საათმა“ ისეთი მასშტაბები შეიძინა, რომ ერთი საათის და მეტი დროის განმავლობაში, მას შეუერთდნენ კერძო პირები, ბიზნესკომპანიები და სხვადასხვა ორგანიზაციები.

ღონისძიება კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მის შესაძლო სავალალო ზეგავლენის შეჩერებას ისახავს მიზნად. ამ დღეს ყოველწლიურად, ერთი საათით, მსოფლიოს გარშემო იკრიბება მილიონობით ადამიანი და ასობით ქვეყანაში ქრება მთავარი ღირსშესანიშნაობების განათება.

”კლიმატის ცვლილებასთან ერთად, რომლის პირდაპირი შედეგებიც დღეს თვალსაჩინოა, ასევე გამოკვეთილი და მწვავე საკითხია ბიომრავალფეროვნების შემცირების მაღალი ტემპი. საზოგადოება კი ამ საკითხის შესახებ ნაკლებად არის ინფორმირებული. სწორედ ამიტომ,  წლევანდელ „დედამიწის საათზე“ კლიმატის ცვლილებასთან ერთად, ბიომრავალფეროვნების შემცირების პრობლემას გაესმევა ხაზი. ბუნებაში ყველა ცოცხალი ორგანიზმი, მათ შორის ადამიანიც, ერთმანეთზეა დამოკიდებული. ბიომრავალფეროვნების შემცირება ბევრ პრობლემას გამოიწვევს, რადგან იგი უზრუნველყოფს ყველა საჭირო რესურსზე ხელმისაწვდომობას: წყალი, საკვები, სუფთა ჰაერი, მედიკამენტები, თავშესაფარი და სხვა. ეს გამოწვევა დაუყოვნებელ მოქმედებას მოითხოვს.

ამჟამად საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილია ფაუნის 139 და მერქნიანი ფლორის 56 სახეობა; მათგან ცხოველთა 43 და მცენარეთა 20 სახეობას მინიჭებული აქვს კატეგორიები „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი“, ან „გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფი“. ჰაბიტატების განადგურება და ფრაგმენტაცია, ბრაკონიერობა, გარემოს დაბინძურება, ბუნებრივი რესურსების ჭარბი გამოყენება და სხვა ამგვარი ქმედებები, ამ სახეობების პოპულაციებს კიდევ უფრო ამცირებს. უმეტეს შემთხვევებში კი საზოგადოება ამ საკითხს სერიოზულ პრობლემად არ აღიქვამს. ამჯერად, ჩვენი მიზანია გავავრცელოთ ინფორმაცია ცხოველთა გარკვეულ სახეობებზე და ვაჩვენოთ, რომ თითოეულის როლი მთლიან ეკოსისტემაში მნიშვნელოვანია.

საქართველოში ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა შეიმუშავა საინფორმაციო მასალები, რომლებსაც „დედამიწის საათის“ კამპანიის ფარგლებში გამოიყენებს. პოსტერებზე საქართველოს ბიომრავალფეროვნებიდან რამდენიმე სახეობის ცხოველია წარმოდგენილი”, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

ცნობისთვის, ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, თბილისის მერია, კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN). კრეატიული იდეის ავტორი და შემსრულებელი: სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაი. მედია მხარდაჭერა: რუსთავი 2, იმედი, მაესტრო, TV Pirveli, National Geographic საქართველო, ინდიგო, მარკეტერი, myvideo.ge, amindi.ge, პალიტრა მედიაჰოლდინგი, Alma, outdoor.ge, Kimono, Cinemania, adjarasport.com, trend.ge, კომერსანტი და რადიოჰოლდინგი ”ფორტუნა”.

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი დამოუკიდებელი გარემოსდაცვითი ორგანიზაციაა, ხუთ მილიონზე მეტი მხარდამჭერითა და გლობალური ქსელით 100-ზე მეტ ქვეყანაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები