LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთავარია წინდები, უფრო სწორად კი, მშრალი წინდები”- CNN travel საქართველოზე წერს

118

“საქართველო – კარიბჭე კავკასიაში ფეხით მოგზაურთათვის” – CNN-ის სამოგზაურო რუბრიკა CNN travel საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველო უნიკალურია, მას აქვს ულამაზესი ბუნება და საამაყო სამზარეულო, რასაც ახლავს გულუხვი სტუმართმოყვარეობა.

სტატიას სრულად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს:

„მთავარია წინდები, უფრო სწორად კი, მშრალი წინდები. ბარგის ჩალაგებისას, პირველ რიგში, სწორედ წინდებზე უნდა იზრუნო, – უდარდელი ტონით ამბობს გიორგი, ჩემი გიდი, – სათადარიგო წყვილის გარეშე ფეხით მოგზაურობა ყოვლად დაუშვებელია”.

მე კი ისღა დამრჩენია, თანხმობის ნიშნად მას თავი დავუქნიო. ჩვენ მივემართებით ქვევით, ვიწრო, მოუკირწყლავი მთის ბილიკით სოფელ ჯუთისკენ, რომელიც საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარეობს.

მეც მინდა ავყვე ლაპარაკს იმ ფეხსაცმლის უპირატესობაზე, რომელიც მოგზაურობისთვისაა შესაფერისი, მაგრამ თავიდან არ ამომდის ჩემი წარმოსახვით დახატული სურათი –  ღრანტეში ბორბალჩავარდნილი ან სულაც ხევში ჩაჩეხილი ჩვენი ჯიპი.

გიორგი გუმანით ხვდება ჩემი სიჩუმისა და კაეშნის მიზეზს და მაშინვე მანუგეშებს, თითქმის ჩავედით, მენდე, ხედები ამად ღირსო.

ყაზბეგზე ასვლა

გიორგი გიდად მუშაობს სასტუმრო Rooms Hotel Kazbeg -ში, რომელიც სტეფანწმინდაში (ყაზბეგის რეგიონის მუნიციპალური ცენტრი), ერთ-ერთი მთის ფერდობზე, ზღვის დონიდან 1,800 მეტრის სიმაღლეზეა აგებული.

80-იან წლებში, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში შედიოდა, ამ შენობაში ელიტარული სანატორიუმი იყო განლაგებული.

2012 წელს კომპანია Adjara Group Hospitality-მ აღადგინა წლების განმავლობაში უყურადღებოდ მიტოვებული სანატორიუმი, რომელმაც იმავე წლის ივლისში გაუღო სტუმრებს კარი.

ამ სასტუმროს ყველაზე შთამბეჭდავი მხარე ადამიანის ხელს არ შეუქმნია. მოკალათდით შენობის ერთ-ერთ საჯარო სივრცეში, განსაკუთრებით კი ფართო ღია ტერასას გირჩევდით, და თქვენ წინ მთელი თავისი სიდიადით გადაიშლება დედაბუნება.

საქართველოში სიმაღლით მესამე მთის, ყაზბეგის დათოვლილი, ზეცისკენ ატყორცნილი მწვერვალი ღრუბლებს დანასავით აპობს. მისი მზრუნველი კალთის ქვეშ კი დაინახავთ გერგეტის სამების ტაძარს (2 170 მეტრი ზღვის დონიდან), მონუმენტს, რომელიც თანაბრად იზიდავს როგორც მომლოცველებს, ისე მთაში მოგზაურობის მოყვარულთ.

დღე უკვე შუადღისკენ იხრებოდა, ჯუთაში რომ ჩავაღწიეთ. კიდევ გვქონდა საკმარისი დრო, რომ დაგვესწრო დედაქალაქ თბილისიდან და სხვა ქალაქებიდან მოზღვავებული ტურისტების ნაკადისთვის. ზამთრის თვეებში ეს სოფელი სრულიად მოწყვეტილია გარე სამყაროს. ასე რომ, წლის დანარჩენ დროს მისი პოპულარობა პიკზეა.

ციცაბო აღმართის დალაშქვრის შემდეგ მივადექით ფეხით მოგზაურთა შორის პოპულარულ საზაფხულო კოტეჯს – „მეხუთე სეზონს“. ეს ადგილი ცნობილია ისეთი ადგილობრივი კერძებით, როგორიცაა კუს ერბო (მლაშე მთიულური ყველით გაჯერებული წვრილად დაჭრილი და შემწვარი კარტოფილი).

„საოცარი გემო აქვს ამ ადგილს. კიდევ უფრო გემრიელი იქნება, ტბიდან უკან რომ დავბრუნდებით“, – ამბობს გიორგი.

უკიდეგანო ბუნება

ამ ეპითეტით გიორგი ამკობს მყინვარულ ტბას ჭიუხის მთის ძირში, რომელიც თითქმის ხუთი კილომეტრითაა დაშორებული წარმოუდგენლად ხასხასა, დიდრონი მთებით გარშემორტყმული მდინარის ველიდან.

ხედები უბრალოდ გამაოგნებელია – უმწიკვლო, ხელუხლებელი, ველური ბუნება, რომელსაც ადამიანის ხელი არ შეხებია.

ტბის პირას შემოგვიერთდნენ ფეხით მოგზაურები მთელი მსოფლიოდან, რაც ზურგს უმაგრებს საქართველოს სტატუსს, როგორც კარიბჭეს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. გამბედავი უკრაინელების ჯგუფი არ შედრკა და ტბის ყინულოვან წყალში გადაეშვა.

მზარდი ტურიზმი

მათ გვერდით  რუსი და თურქი ტურისტების ჯგუფს ვხედავთ, რომლებიც  მთის მწვერვალის ხედებით ტკბებიან და სიამოვნებით მიირთმევენ ადგილობრივ ალუბალს.

„ეს ქვეყანა სამხრეთ კაროლინის შტატის ზომის თუ იქნება. მიუხედავად ამისა, აქ იმდენია სანახავი და გასაკეთებელი!“ – ამბობს ტიმი კოლორადოდან, რომელიც ორი კვირით სტუმრობს კავკასიას და ველოსიპედით მოგზაურობს, – ,,აქ არის  როგორც  ახალი სამთო-საველოსიპედო გზები, ისე, რასაკვირველია, ტრადიციული მარშრუტები ფეხით მოგზაურთათვის. ამასთან, საუცხოო სამზარეულოა, მოსახლეობა კი – ძალიან სტუმართმოყვარე – ასეთი გულთბილი მიღება არსად მინახავს!“

ის სიმართლეს ამბობს. საქართველო უნიკალურია. მას აქვს ულამაზესი ბუნება და საამაყო სამზარეულო, რასაც ახლავს გულუხვი სტუმართმოყვარეობა. გარდა ამისა, ქვეყანა ნელ-ნელა იხვეჭს ტურისტებს შორის პოპულარული ადგილის სახელს. ასე რომ, ჯერ კიდევ წინ არის ახალი აღმოჩენების რომანტიკული განცდა.

ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე ფიქრებში გართულმა ვერცკი შევნიშნე, როგორ აღმოვჩნდი მუხლამდე მთის კალთის ძირში გიჟმაჟი მდინარის აბობოქრებულ ტალღებში. გიორგის დახმარებით წყლიდან ამოვდივარ. ჩემი მეგზური აშკარად ნიშნის მოგებით მიყურებს და გულში გამარჯვებას ზეიმობს.

„შენ მაგაზე არ იდარდო, მეგობარო. ჩემს მშრალ წინდებს მოგცემ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები