LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მტკვარი ჰესი” ექსპლუატაციაში 2019 წელს შევა

426

თანაინვესტირების ფონდმა საზოგადოებას „მტკვარი ჰესის“ საინვესტიციო პროექტი წარუდგინა.

პროექტი, რომლის ჯამური საინვესტიციო მოცულობა $131 მლნ ამერიკულ დოლარს უტოლდება სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტებში, მდ. მტკვარზე ხორციელდება.

„მტკვარი ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 53 მგვტ-ს შეადგენს, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება 251.5 მლნ. კვტ.სთ.-ს უტოლდება.

როგორც თანაინვესტირების ფონდში აცხადებენ, „მტკვარი ჰესის“ პროექტი განსაკუთრებულია რამდენიმე მიზეზით:

  • იგი ითვალისწინებს მომდინარე წყლის დღე-ღამურ რეგულირებას, რაც წყლის დაგროვების და ჰიდრო რესურსების ოპტიმალური გამოყენების საშუალებას იძლევა.
  • სამშენებლო პროცესში გამოიყენება უახლესი და ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო ტექნოლოგიები. 6 კმ სიგრძის გვირაბის გაყვანა ხდებაგერმანული კომპანია Herrenknecht-ის მიერ წარმოებული მასშტაბური მანქანა-დანადგარით,ეგრეთ წოდებული TBM (Tunnel Boring Machine)-ით, რომელიც გვირაბის რკინაბეტონის სეგმენტებით მოსახვის საშუალებას იძლევა.
  • ჰესის აღჭურვა მიმდინარეობსმსოფლიოს წამყვანი ავსტრიული კომპანია Voith-ის უმაღლესი ხარისხისელექტრო-მექანიკური დანადგარებით.
  • აღსანიშნავია, რომ პროექტის უარყოფითი ზეგავლენა გარემოზე მინიმალურია.

დღეის მდგომარეობით ფონდის მიერ პროექტში უკვე ინვესტირებულია $53 მლნ ამერიკულ დოლარზე მეტი. სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულია 500-ზე მეტი ადამიანი. ქვეყნის ბიუჯეტისთვის კი მილიონობით ლარის ღირებულების მუდმივი შემოსავლის წყარო იქმნება.

“ფონდისთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ პროექტის ორი უმსხვილესი კონტრაქტორი ქართული სამშენებლო კომპანიებია. ჰესის გვირაბის სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს მრავალი წლის გამოცდილების მქონე და არაერთი წარმატებული პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ფერი“, ხოლო ჰესის შენობის, სათავე-ნაგებობების და სხვა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს აწარმოებსასევე გამოცდილი ქართული კომპანია „საქენერგორემონტის“ და უკრაინული კომპანია Kievmetrobud-ის კონსორციუმი”, – აცხადებენ თანაინვესტირების ფონდში.

პროექტის მთავარი ტექნიკური კონსულტანტია წამყვანი ევროპული კომპანია Škoda Praha, რომლის მაღალკვალიფიციური ინჟინრები ყოველდღიურ ზედამხედევლობას უწევენ პროექტის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს ადგილზე.

პროექტის ფარგლებში ფონდმა ადგილობრივი კომერციული ბანკებიდან $65 მლნ ამერიკული დოლარის ღირებულების ფინანსური რესურსი მოიზიდა.

„მტკვარი ჰესის“ ექსპლუატაციაში შესვლა 2019 წლის პირველ კვარტალში იგეგმება.

„მტკვარი ჰესი“ 2009 წელს დაწყებული და შემდეგ მრავალი წლის მანძილზე გაჩრებული პროექტი იყო. 2014 წელს თანაინვესტირების ფონდმა ჰესი 100%-ით შეისყიდა.  ფონდის ჩართულობით და ენერგეტიკის სამინისტროსთან ხელშეწყობით შესაძლებელი გახდა პროექტის გაცოცხლება, რომელიც დღეს უკვე აქტიურ სამშენებლო ფაზაშია.

 

პოპულალურები