LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუქარა თათია დოლიძის მიმართ – GEORGIAN WOMEN’S MOVEMENT სახელმწიფოს და საზოგადოებას მიმართავს 

99

ქალთა ორგანიზაცია GEORGIAN WOMEN’S MOVEMENT სახელმწიფოს და საზოგადოებას მიმართავს, რომ თათია დოლიძის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე რეაგირება მოხდეს.

“რამდენიმე დღის წინ, 14 ივლისს, თბილისში გაიმართა ე.წ. “ქართველთა მარში” , მკვეთრად ქსენოფობიური და რასისტული მოწოდებებით. მას შემდეგ საკუთრივ აქციის ფეისბუკის გვერდზე ისევე, როგორც მისი ორგანიზატორების პირად გვერდებზე, ინტენსიურად იწერება სიძულვილით სავსე, რასისტული, ჰომოფობიური, ქალთმოძულე განცხადებები ამ მარშის მოწინააღმდეგეთა მისამართით. 16 ივლისის საღამოს ვითარებამ კულმინაციას მიაღწია – აქციის ორგანიზატორებმა, მათ შორის კონსტანტინე მორგოშიამ, გია კორკოტაშვილმა, ბექა ვარდოსანიძემ, რამაზ გაგნიძემ, გიორგი ონიანმა და მიხეილ ამისულაშვილმა მიზანში ამოიღეს ახალგაზრდა ქალი, რომლის მისამართითაც, გამოიყენეს დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი და ჯგუფური გაუპატიურების მუქარის შემცველი კომენტარები.

“ცალსახად შემაშფოთებელ გარემოებად მიგვაჩნია ის, რომ ხელისუფლება მყარად დუმს როგორც საკუთრივ აქციის, ისე მისი ორგანიზატორების სიძულვილით სავსე პროპაგანდის შესახებ.  საჯარო სივრცეში მთავრობის წარმომადგენელთა მხრიდან არც ერთი განცხადება არ გაკეთებულა ამ პროცესების თაობაზე. ვთვლით, რომ დუმილით და უმოქმედობით სახელმწიფო სიძულვილს წაახალისებს. ეს სიძულვილი კი უკვე ძალიან ბევრს უქმნის საფრთხეს – არა მხოლოდ საქართველოში მცხოვრებ უცხოელებს, არამედ ნებისმიერს, ვისაც მარშის ორგანიზატორები შეხედულების თუ პოზიციის გამო აითვალწუნებენ.

“ვითარებას თვისებრივად ამძიმებს ისიც, რომ სიძულვილის მთესველი ფიგურების  მედიაში ხილვა უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა – როგორც მოყვითალო ელფერის, “მყვირალა” შოუებში, ისე უფრო სერიოზულ და სიღრმისეულ დისკუსიებზე პრეტენზიის მქონე გადაცემებში. ამ ადამიანებს წარმოგვიჩენენ ლეგიტიმურ “მხარედ” და “პოზიციად” – არადა, წესით, მედია დიდი სიფრთხილით და პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს სიძულვილის გავრცელების და გაძლიერების საფრთხეს.

“ვითარება იმდენად გროტესკული გახდა, რომ უკვე ქალის გაუპატიურებაზე ღიად მეოცნებე ჯგუფი გვესაუბრება საზოგადოების, ქართველების, ტრადიციების სახელით. მსგავსი ფიგურები “ქართველობას”, როგორც ასეთს, რასიზმთან, სიძულვილთან, ძალადობასთან, ქალთმოძულეობასთან აიგივებენ – რასაც, ჩვენი ღრმა რწმენით, ყველა კეთილსინდისიერი მოქალაქე უნდა შეეწინააღმდეგოს. შესაბამისად, ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, მოვითხოვთ:

“მედია საშუალებებმა გამოუცხადონ ბოიკოტი “ქართული მარშის” ორგანიზატორებს, არ მიიწვიონ ისინი გადაცემებში, არ მისცენ ღია ტრიბუნა.  გაუპატიურების მხარდამჭერი პირები არ შეიძლება იყვნენ ლეგიტიმური “მხარე”, ან საზოგადოების რომელიმე ნაწილის  წარმომადგენლები.

“მთავრობამ გააკეთოს ოფიციალური განცხადება და გამოხატოს თავისი პოზიცია როგორც ქსენოფობიური მარშის, ისე ახალგაზრდა ქალის მიმართ გამოყენებული სიძულვილის ენასთან და ძალადობის მუქარასთან დაკავშირებით;

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყოს გამოძიება და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები გაუპატიურების შესაძლო მუქარის თაობაზე; მუქარის ავტორებმა საჯარო ბოდიში მოიხადონ სიძულვილის ენის და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო,” – ნათქვმია განცხადებაში.