LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუშაობა მზის გულზე – რა მექანიზმები არსებობს სიცხეში მუშაობის რეგულაციისთვის

მობილურ ტელეფონზე ამინდის მაჩვენებელი 38 ºC ტემპერატურას აჩვენებს. მტვერი, ხმაური, გადაკეტილი ქუჩა, სტაფილოსფერ და მწვანე უნიფორმებში გამოწყობილი სხვადასხვა ასაკის მამაკაცები, თავზე ქუდებით და შუბლზე ოფლის წვეთებით, მზისგან დამწვრები ისევ შუაგულ მზეზე მუშაობენ. ნაწილს ხელში ბარი უჭირავს, ნაწილი ტრაქტორს მართავს, ნაწილი კი მძიმე სამუშაოსგან და სიცხისგან დაღლილი იქვე ჩრდილში ისვენებს.

ტრაქტორის მძღოლები სხვა მუშებთან შედარებით, უკეთეს მდგომარეობაში არიან. ტრაქტორის ჩაკეტილ ფანჯრებში გამაგრილებელი აქვთ ჩართული, როგორმე მზის მწველ სხივებს რომ გადაურჩნენ.

პეკინის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული მუშები ორ სმენად მუშაობენ. ერთი ნაწილი სამსახურს დილის 8 საათზე იწყებს და საღამოს 8 საათამდე აგრძელებს, მეორე ნაწილი კი საღამოს 8 საათის მერე გვიან ღამემდე მუშაობს.

განსხვავებული მდგომარეობაა ლადო ასათიანის ქუჩაზე. აქ დასაქმებული მუშები ჩვეულებრივ მაისურებსა და პერანგებში არიან გამოწყობილები. სიცხისგან შეწუხებულებს პერანგები გაუხსნიათ, იქვე ტრაქტორი დგას, ტრაქტორის მძღოლი ასე 60 წლამდე ასაკის მამაკაცი იქნება, ტრაქტორის ყველა ფანჯარა და კარი გაღებული აქვს და მზისგან დამწვარი დაკისრებულ მოვალეობას ასრულებს.

ასათიანის ქუჩაზე დასაქმებულ მუშებს გვერდი ავუარე და იქვე „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ ეზოში შევედი, შენობაში შესასვლელი კიბეები სწრაფად ავიარე, შენობაში შევედი. ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, საგანგებო პრესკონფერენციას მართავს. ის მოსახლეობას მოუწოდებს, მეტი უსაფრთხოებისთვის გარეთ გასვლისგან და მითუმეტეს, მზის გულზე ყოფნისგან თავი შეიკავონ.

“გარეთ დასაქმებული ადამიანების რეალობას ეს გაფრთხილება არ ცვლის,“ – ვფიქრობ და შენობიდან ეზოში გამოვდივარ. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული მუშები კი ისევ მუშაობენ…

დასაქმებულებს პრეტენზიები არა აქვთ

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მხოლოდ შენობის შიგნით დასაქმებულ ადამიანთა მუშაობის ჰიგიენური პირობები რეგულირდება და შენობის შიგნით მაქსიმალურ ტემპერატურად 32 გრადუსია მითითებული. შენობის გარეთ დასაქმებულთა შრომის პირობებს კი საქართველოს კანონმდებლობა არ არეგულირებს. აქედან გამომდინარე, გარეთ დასაქმებულების სამუშაო პირობები დამსაქმებლების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ზოგიერთი დამსაქმებელი მეტად ჰუმანურია,  ზოგიერთი კი – ნაკლებად.

პეკინის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებს ორი კომპანია ერთად ასრულებს. ერთ-ერთია „ბლექ სი გრუპი“. მშენებლობის სამსახურის უფროსი, დავით შონია, „ფორტუნასთან“ აღნიშნავს, რომ დასაქმებულთა ინტერესებს მაქსიმალურად ითვალისწინებს და როგორც შეუძლია, სამუშაოდ ხელსაყრელ პირობებს უქმნის.

„მართალია, პეკინზე სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს, მაგრამ, თუ სამუშაოდ გაუსაძლისი პირობებია, მუშებს ჩრდილში ვასვენებთ. ჩვენც ადამიანები ვართ და მათ მდგომარეობაში შევდივართ,“  –  ამბობს „ფორტუნასთან“ შონია.

შენობებს გარეთ, სიცხესა თუ სიცივეში დასაქმებულები სამუშაო პირობებს შეგუებულები არიან. მედიასთან კომენტარების გაკეთებისგან თავს იკავებენ და პრეტენზიებს არ გამოთქვამენ. რთული სათქმელია, მართლა არ აწუხებთ მძიმე პირობებში მუშაობა თუ შემოსავლის წყაროს დაკარგვის ეშინიათ.

რა ინიციატივა აქვთ პროფკავშირებს

გარეთ დასაქმებულ პირებს მხოლოდ შრომის კოდექსით განსაზღვრული პირობები ეხებათ – ერთი საათით შესვენება, სხვა შეღავათები მათ არ აქვთ. „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება“ მიიჩნევს, რომ შრომის პირობები შენობის გარეთ აუცილებლად უნდა რეგულირდებოდეს. პროფკავშირების წარმომადგენლის, ნიკოლოზ კაკაშვილის, თქმით, ხელისუფლებამ საამისოდ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას.

„სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, როგორც შენობის შიგნით, ისე შენობის გარეთაც. პროფკავშირების ინიციატივაა, რომ სამმხრივი დიალოგის ფორმატში, სადაც დამსაქმებელთა ასოციაცია და მთავრობა მიიღებს მონაწილეობას, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი,  მიიღოს რეგლამენტი, რომელიც როგორც შენობის შიგნით, ისე შენობის გარეთ სამუშაო პირობებს დაარეგულირებს,“  –  აღნიშნავს „ფორტუნასთან“ კაკაშვილი.

ჯერჯერობით ხელისუფლებისგან ამ მიმართულებით ნაბიჯები არ იდგმება. უცნობია, როდემდე იქნება დამსაქმებელთა კეთილ ნებაზე დამოკიდებული გარეთ დასაქმებულთა სამუშაო პირობები…

 

 

გვანცა ბზიავა