
ჯგუფ The Libertines–ის ყოფილი წევრები პიტ დოჰერტი და კარლ ბარატი ახალ სიმღერებზე კვლავაც ერთად იმუშავებენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად დოჰერტი ავრცელებს.
მომღერალმა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ტაილანდური სარეაბილიტაციო კლინიკიდან პაციენტებზე „მავნე ზემოქმედების“ გამო გამოაგდეს, განაცხადა რომ ის პარიზში უსაფრთხოდ დაბრუნდა და ახლა ბარატთან ერთად აპირებს ახალი სიმღერები ჩაწეროს.
სატელევიზიო შოუ „Hernu & Harris Unhinged“–ში დოჰერტიმ აღნიშნა: „წუხელ ველაპარაკე კარლს და ის პარიზში მოდის. მერე კი შეიძლება ტაილანდში ერთად წავიდეთ და რამე დავწეროთ.“
ჟურნალ NME-ის ცნობით კი, დაახლოებით ერთი თვის წინ დოჰერტის 10 000 ფუნტი სტერლინგის გადახდა მოუწია ერთ–ერთი მუსიკოსისათვის. პოეტი და პანკ შემსრულებელი ნიკ ტოჟეკი ამტკიცებდა, რომ სიმღერაში 'Baddie's Boogie' (Babyshambles–ის რიგით მეორე ალბომიდან 'Shotters Nation') მისამღერი აბსოლუტურად იდენტური იყო მის მიერ დაწერილი ლექსის 'Stiff With A Quiff'–ის ერთ–ერთი ნაწყვეტისა, რომელიც მან 1983 წელს საკუთარს ჯგუფთან The Burial–თან ერთად ჩაწერა კიდეც.