თუკი მსოფლიო მუსიკის ისტორიაში რომელიმე ჯგუფზე შეიძლება ითქვას, რომ ლეგენდარულია, U2 ერთ–ერთი უპირველესი მათგანია. ბენდმა დუბლინის პროვინციული სცენებიდან მსოფლიოარენებზე ძალიან ადვილად შეძლო მოხვედრა. მისი ვოკალისტი, ბონო კი დღემდე უამრავი ადამიანის კერპია. "ის ნამდვილი პოეტი და ფილოსოფოსია. გასულ ღამეს კი მგონი წყალზე მოსიარულეც დავინახე,"– აღნიშნა ერთ–ერთ ინტერვიუში არანაკლებ ლეგენდარული "როლინგ სტოუნზის" ვოკალისტმა მიკ ჯაგერმა ბონოზე საუბრისას.
76 წლის 25 სექტემბერს დუბლინის “Mount Temple”- ის სკოლის დაფაზე 14 წლის ლარი მალენმა განცხადება გამოაკრა, რომელშიც ეწერა, რომ ის როკ-ბენდის ჩამოსაყალიბებლად ახალგაზრდა, ნიჭიერ მუსიკოსებს ეძებდა. რამდენიმე დღეში ჯგუფმა „Feedback” რეპეტიციები დაიწყო. კასტინგით შერჩეული ახალგაზრდები შორს იყვნენ მუსიკალური ტექნიკის სრულყოფილი ცოდნისაგან, სწორედ ამიტომ მათ თავს ექსპერიმენტების უფლება თამამად მისცეს. ბენდის ერთ-ერთმა წევრმა პიტერ მარტინმა ჯგუფი პირველივე რეპეტიციის შემდეგ დატოვა, მეორე ახალბედა მუსიკოსი აივენ მაკკორნიკი კი მხოლოდ რამდენიმე კვირა იყო „Feedback” -ის წევრი.
1978 წლამდე მუსიკალური ჯგუფი ხუთი ადამიანისგან შეგებოდა - ბონო (ვოკალი), დეივ ევანსი (გიტარა), დიკ ევანსი (გიტარა), ადამ კლეიტონი (ბას გიტარა) და თავად ლარი მილენი (დასარტყამი ინსტრუმენტები). მას შემდეგ რაც ჯგუფმა შეიცვალა სახელი (1977 წელს), ხოლო დიკ ევანსმა სკოლა დაამთავრა, ბენდმა სახელწოდებით „The Hype”, ოთხი მუსიკოსის შემადგენლობით განაგრძო მუშაობა. 1978 წელს მას სახელი კიდევ ერთხელ შეეცვალა და საბოლოოდ დაერქვა U2.
მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის მუსიკაზე პანკ როკის სხვადასხვა ჯგუფის გავლენა აშკარად შეიმჩნეოდა 1983 წელს ბონომ ინტერვიუში განაცხადა, რომ ისინი არ მიეკუთვნებოდნენ არანაირ ახალ მიმდინარეობას, თავს არანაირი მოძრაობის ნაწილად არ განიხილავდნენ, არ განიცდიდნენ გავლენას და უბრალოდ უკრავდნენ U2-მუსიკას.

1978 წელს U2-მ გაიმარჯვა წმ. პატრიკის დღეს გამართულ ტალანტების კონკურში. აღებული 500 გირვანქით კი პირველი დემო-სმიღერა ჩაწერეს. 1979 წლის დეკემბერში კი ჯგუფი პირველ გასტროლებზე წავიდა ლონდონში, თუმცა მათი გამოსვლა არც ისე წარმატებული გამოდგა.
პირველი სერიოზული წარმატება 1980 წელს ალბომ “Boy”-ს გამოშვებას მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ალბომში მუსიკალური თვალსაზრისით ხარვეზები აშკარად იყო, ჯგუფმა მაინც დადებითი შეფასებები მიიღო. ამავე წელს U2-მ რამდენიმე ევროპულ ქვეყანასა და აშშ-ში გამართა კონცერტი.
გასტროლებს მოყვა ალბომები „October”(1981 წელს) და “War” (1983 წელს). უკვე აშკარა იყო რომ ჯგუფს სერიოზულ თემებზე მუშაობა შეეძლო. ერთ-ერთ სიმღერაში „Sunday Bloody Sunday” საუბარი იყო 1972 წელს ირლანდიაში დატრიალებულ სისხლიან მოვლენებზე. სიმღერა საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა. ხოლო „War Tour”- ის ფარგლებში ნამღერი ეს სიმღერა, რომლის დროსაც ბონო თეთრი დროშით ხელში გამოდიოდა სცენაზე, საყოველთაოდ ცნობილი გახდა.
მომდევნო წლების განმავლობაში ჯგუფს არაერთი სერიოზული წარმატება ხვდა წილად, თუმცა ხშირად იყო შიდა დაპირისპირებები და უარყოფითი შეფასებები მუსიკალური კრიტიკოსებისაგან. ჯგუფმა შექმნა არაერთი საყვოელთაოდ ცნობილი სიმღერა, თანამშრომლობდა ბი ბი კინგთან, ბობ დილანთან, ბრიუს სპრინგსტინთან, R.E.M.-თან.
U2-მ დღემდე გამოსცა 9 სტუდიური და 8 Live-ალბომი. ასევე მოაწყო არაერთი საკონცერტო ტურნე მთელი მსოფლიოს გარშემო.
U2-ს მუსიკალური სტილი ყოველ ალბომთან ერთად იცვლებოდა, თუმცა მათი მელოდიური ინსტურმენტალური შესულება და ადვილად ამოსაცნობი ჟღერადობა თითქმის ყველა სიმღერაში იგრძნობა. პოსტ-პანკის სტილის შემდეგ ბენდი გაიტაცა როკ ჰიმნების, პანკის და რითმული მუსიკის ელემენტებმა, ასევე აშშ-ში აქტიური მოღვაწეობის პერიოდში მათ შემოქმედებაზე იგრძნობოდა ამერიკული გავლენაც. მათ რამდენიმე ტრეკი აქვთ ჩაწერილი ამერიკაში საკმაოდ პოპულარულ გოსპელ სტილშიც კი, რომელიც ძირითადად ქრისტიანულ მოტივებს მოიცავდა.
ჯგუფის სიმღერის ტექსტები ხშირად სოციალურ და პოლიტიკურ თემებს ეხება, თუმცა U2 რადიკალურ პოლიტიკურ პოზიციებს ყოველთვის გვერდს უვლიდა, ამიტომაც ბევრი მათ დღესაც აპოლიტიკურ ბენდად მიიჩნევს.
კრიტიკოსები ამბობენ, რომ ჯგუფის შემოქმედებაზე „The Who”-ს, “The Crash”-ის, “Television”-ის, “The Beatles”-ის, ელვის პრესლისა და პატი სმიტის გავლენები იგრძნობა. ხოლო როგორც თავად ბონომ როკენროლის დიდების დარბაზში 2005 წელს განაცხადა, პირადად მასზე უდიდესი გავლენა მოახდინა ირლანდიელმა მუსიკოსმა და კომპოზიტორმა ვან მორისონმა.
აქტივიზმი
ჯგუფი U2 და მისი წევრები ცალ-ცალკე მსოფლიოში ცნობილები არიან თავიანთი საქველმოქმედო და სოციალური აქტივიზმით. მათი მონაწილეობა აღნიშნული ტიპის აქციებში ჯერ კიდევ 1980-იან წლებში დაიწყო, როდესაც ისინი გამოდიოდნენ სიღარიბისა და შიდსის დასაძლევად.
1984 წელს ჯგუფის წევრები ბონო და კლეიტონი მონაწილეობდნენ ეთიოპიის მხარდასაჭერ კონცერტში, რომელიც დროებითი ჯგუფის “Band Aid”-ის მიერ მოეწყო.1985 წელს “Live Aid”-ში მონაწილეობის წინ კი ბონომ ჟურნალისტებს განუცხადა: "ეს ნამდვილი გამოწვევაა. მთელი ევროპა და მსოფლიო უნდა გაერთიანდეს შიდსის დასაძლევად. ეს არის ბრძოლა, რომელშიც ტერორიზმთან ბრძოლისაგან განსხვავებით შეიძლება გავიმარჯვოთ, როგორც ერთ დროს მალარიასთან გავიმარჯვეთ".
U2 ასევე მონაწილეობდა „გრინპისის“ მიერ მოწყობილს ეკოლოგიურ ღონისძიებებში. 1992 წელს ბოსნია და ჰერცოგოვინაში დატრიალებული ამბების აღსანიშნად კი ჯგუფმა ლუჩიანო პავაროტისთან ერთად ჩაწერა სიმღერა „Miss Saraejevo”.
მომდევნო წელს კი ერთ-ერთი სინგლის გაყიდვით მიღებული მთელი შემოსავალი ბენდმა ჩერნობილის კატასტროფით დაზარალებულ ბავშვებს გადაურიცხა.
2003 წლიდან ბონო და ეჯი მონაწილეობდნენ ნელსონ მანდელასთან ერთად ჩატარებულ კონცერტებში, რომლის მიზანიც იყო სამხრეთ აფრიკაში შიდსთან ბრძოლა და აივ-ინფიცირებულთა დახმარება.
2005 წელს მიიღეს მონაწილეობა ქარიშხალ კატრინასა და რიტას მიერ დაზარალებულთა დასახმარებლად.
ჯგუფის წევრებში ფილანტროპული საქმიანობით განსაუთრებით გამოირჩევა ბონო. ის დასახელებულია პოლიტიკურად ყველაზე ეფექტურ მუსიკოსად, ასევე მონაწილეობს არაერთ სოციალურ პროგრამაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
თუმცა ეს არასრული ჩამონათვალია მათი სოციალურ აქტივობებისა, ბონოსა და U2-ს წევრების საქველმოქმედო და სოციალურ აქტივიზმს ხშირად აკრიტკებდნენ და აკრიტიკებენ.
ჯილდოები
U2-ს მოპოვებული აქვს 22 გრემის, ერთი ოქროს გლობუსის, 6 MTV-ის, ერთი ამერიკის მუსიკალური და უამრავი სხვა მუსიკალური ჯილდო. 2005 წლიდან მათი სახელი შეიტანეს როკენროლის დიდების დარბაზსა და მუზეუმში.
U2-ს სტუდიური დისკოგრაფია
Boy (1980)
October (1981)
War (1983)
The Unforgettable Fire (1984)
The Joshua Tree (1987)
Rattle and Hum (1988)
Achtung Baby (1991)
Zooropa (1993)
Pop (1997)
All That You Can't Leave Behind (2000)
How to Dismantle an Atomic Bomb (2004)
No Line on the Horizon (2009)