LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მწამს, სტრასბურგის გადაწყვეტილება ქვეყნის დეოკუპაციის სამართლებრივ საფუძველს შექმნის – პრემიერი

86

რუსეთთან მეორე სახელმწიფოთაშორისი დავის მოსაგებად, საქართველომ წარადგინა უტყუარი მტკიცებულებები, რისთვისაც იუსტიციის სამინისტრომ ძალიან დიდი სამუშაო გასწია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ამ ბრძოლაში საქართველოს მხარეს ნამდვილად იყო მტკიცებულებებით გამყარებული სიმართლე. საქართველო არის ევროპული ინსტიტუციური დემოკრატიის ქვეყანა და სწორედ ამიტომ 2008 წლის რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე, დანაშაულებებსა და ოკუპაციაზე ჩვენი პასუხი არის სამართლებრივი და პოლიტიკური,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც საქართველოს პრემიერმინისტრმა აღნიშნა, ის საქმის კურსში იყო აბსოლუტურად ყველა ეტაპზე განხორციელებული სამუშაოების შესახებ.

“ასეულობით დოკუმენტი და მტკიცებულება იქნა შესწავლილი, რის შედეგადაც სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს მხრიდან წარედგინა 700-მდე მტკიცებულება – ვიდეო და ფოტო მასალები, რადარების მონაცემები, ექსპერტების დასკვნები, სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, სეისმური სადგურის მიერ აფეთქებების დამადასტურებელი ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები, სატელიტური სურათები, მედიის მასალები, საერთაშორისო ორგანიზაციების აღიარებები, სატელეფონო მიყურადების ჩანაწერები, განაღმვის ანგარიშები და ა.შ.

საგულისხმოა, რომ ეს საქმე, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს და 17 ქვეყნის მოსამართლეებით არის დაკომპლექტებული, თავად მისთვისაც არის პრეცედენტული.

მწამს, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება ის, რაც 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულებს მართლმსაჯულების რწმენას დაუბრუნებს და მომავალში ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის ძალიან მყარ სამართლებრივ საფუძველს შექმნის,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები