LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მწვრთნელი მარტამდე დაინიშნება: ვინ იქნება ნაკრების ახალი თავკაცი

85

ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა ორი საკითხი განიხილა და გადაწყვიტა, რომ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გია გეგუჩაძე უხელმძღვანელებს, ხოლო რაც შეეხება ეროვნული ნაკრების მწვრთნელის საკითხს, ამასთან დაკავშირებით სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა აღმასკომის წევრებსა და მედიას განუცხადა, რომ კახა ცხადაძე პოსტზე არ დარჩება…

აღმასკომის შემდეგ ლევან კობიაშვილმა მედიასთან ასეთი კომენტარი გააკეთა:
– ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად გია გეგუჩაძე დაინიშნა. ამავე დროს, ის ასაკობრივი ნაკრებების სპორტული ხელმძღვანელიც იქნება. მიხარია, რომ აღმასკომის წევრებმა ჩემს შეთავაზებას მხარი დაუჭირეს. რაც შეეხება მეორე საკითხს, ის კახა ცხადაძეს ეხებოდა. კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ ის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი აღარ არის. ამავე დროს, აუცილებლად ჩავთვალე, რომ ამ საკითხზე აღმასკომის წევრებთან მელაპარაკა. მივედით შეთანხმებამდე, რომ ბატონ კახასთან ხელშეკრულება მოლაპარაკების გზით შეწყდეს. მზად ვარ, მას კიდევ ერთხელ შევხვდე და ვილაპარაკოთ, როგორ გავწყვიტოთ კონტრაქტი მოლაპარაკების გზით.

– ანუ ლაპარაკია კომპენსაციაზე?

– ჩემს ბოლო პრესკონფერენციაზეც ვთქვი, რომ კახასთან ურთიერთობის მოგვარება ცივილური გზით მსურდა. მისი წინადადება იყო, რომ ზაფხულამდე დაგვეკმაყოფილებინა. მზად ვარ, კიდევ ერთხელ დავილაპარაკოთ და ერთმანეთს ადამიანურად დავშორდეთ.

– აღმასკომის სხვა წევრების პოზიცია როგორი იყო?

– კახას კონტრაქტის შეწყვეტაზე რომ უნდა შევუთანხმდეთ, ეს ჩვენი საერთო აზრი იყო, თორემ მწვრთნელთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია კიდევ ერთხელ დავაფიქსირე და ახლაც გავიმეორებ – ის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი აღარ არის. მიმაჩნია, რომ ვალდებული ვიყავი, ამ საკითხთან დაკავშირებით აღმასკომზეც მესაუბრა. თუმცა, აქვე ვიტყვი – ბოლოდროინდელი ამბების მიუხედავად, ცხადაძე ჩემი მტერი არ არის – ღმერთმა დამიფაროს! მზად ვარ, დღესაც დავურეკო და თუ სურვილი ექნება, შევხვდეთ და ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ გავწყვიტოთ ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმებით.

– ვინ იქნება ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი? გავრცელებული ხმებით, ფოლკერ ფინკესა და შოთა არველაძის კანდიდატურები განიხილება…

– სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ერთ მათგანთან ამ კონკრეტულ საკითხზე არ მილაპარაკია, რადგან ეროვნულ ნაკრებში ცხადაძის დარჩენა მსურდა. იცით, რომ ვთხოვდი კიდეც, დარჩენილიყო… ვინ შეიძლება იყოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ამაზე დღეიდან ვიფიქრებთ.

– საამისოდ რა დრო დაგჭირდებათ?

– იცით, რომ მარტში ამხანაგური მატჩი გველის და გუნდს ახალი მწვრთნელი მანამდე უნდა ჰყავდეს. ჩვენს ინტერესშია, ცხადაძის შემცვლელი რაც შეიძლება სწრაფად მოვძებნოთ.

– ახალ მწვრთნელს ხელფასი რა სისტემით დაენიშნება?

– ფიქსირებული თანხა შედარებით მცირე იქნება, წარმატების შემთხვევაში კი მწვრთნელი ბევრად მეტს აიღებს. მოგებაზე ორიენტირებულ სახელფასო სისტემაზე კახას ტყუილად კი არ ველაპარაკებოდით?! ფედერაცია ამ სისტემით აპირებს მუშაობას.

 

გაზეთი “ლელო”
იბეჭდება მცირე ცვლილებით

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები