LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მზის გოგონები“ კანის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში იბრძოლებს

68

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში გადაღებული ქართულ-ფრანგული კოპროდუქცია – „მზის გოგონები“ (“Girls of the Sun”), 8-19 მაისს, კანის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში „ოქროს პალმის რტოსთვის“ იბრძოლებს.

ფილმის სიუჟეტი ქურთისტანში ვითარდება, სადაც 2 განსხვავებული ქალის ცხოვრება იკვეთება.

„მთავარი გმირი ბაჰარი, რომლის როლსაც ცნობილი მსახიობი გოლშითე ფარაჰანი (Golshifteh Farahani) შეასრულებს, ქურთების, ქალთა ბატალიონის “მზის გოგონების“ ხელმძღვანელია. ცნობილი მხატვრული ფილმის Mon Roi მთავარი როლის შემსრულებელი და კანის ფესტივალის გამარჯვებული ემანუელ ბერკოტი (Emmanuelle Bercot) კი ფრანგ ჟურნალისტს მატილდას განასახიერებს, რომელიც მიმდინარე მოვლენების გაშუქებითაა დაკავებული.

რეჟისორ, ევა ჰასონის ფილმზე ქართულ საპროდიუსერო კომპანია 20 Steps Productions მუშაობდა და ფილმის გადაღებები, რომელიც სექტემბერის ბოლოს დაიწყო, ხუთი თვის განმავლობაში გაგრძელდა. პროექტის ფარგლებში, 860-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა. ხოლო, ფილმის ლოკაციების სპეციფიკიდან გამომდინარე, გადაღებებისთვის საკმაოდ საინტერესო, ლოკაციები, კერძოდ: ახალციხესა და რუსთავის მიმდებარე ტერიტორიები შეირჩა.

კინოფესტივალის ფარგლებში, საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების მოედნის პოპულარიზაციის მიზნით, წარმოდგენილი იქნება კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ საინფორმაციო სტენდი, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ე.წ cashrebate მექანიზმის შესახებ. ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში, პროგრამის წარმომადგენლები ინდივიდუალურ შეხვედრებს გამართავენ კინომწარმოებლებთან და პროდიუსერებთან რაც ხელს შეუწყობს საქართველოს კინოგადაღების პოტენციალის პოპულურიზაციას.

კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საერთაშორისო პრომო-კამპანიისა და გაცნობითი ხასიათის პრეზენტაციის შედეგად, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება, საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი სულ უფრო აქტუალური ხდება და უცხოელი პროდიუსერების დაინტერესებაც მატულობს. პროექტის ამოქმედებიდან სულ მცირე დროში უკვე 15 განაცხადი შემოვიდა, საიდანაც გადაღებები უკვე დასრულდა 9 ფილმზე, დამატებით 6 ფილმზე კი გადაღებები ამჟამად მიმდინარეობს. სწორედ აღნიშნული 15 ფილმის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 26 მლნ ლარზე მეტია, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 2000 ადამიანს აღემატება“, – აცხადებენ სააგენტოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები