LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალური მოძრაობა” “ურჩი მინისტრების” მიმართ სანქციების გატარებას ითხოვს

63

“ნაციონალური მოძრაობა” “ურჩი მინისტრების” მიმართ სანქციების გატარებას ითხოვს. შესაბამისი წერილით “ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მიმართა. როგორც ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, იმ მინისტრების მიმართ, რომლებიც პარლამენტში არ მოდიან, რეგლამენტის შესაბამისად, სანქციები უნდა გატარდეს.

“ჩვენ გავუგზავნეთ წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს და მოვითხოვთ, მოახდინოს რეაგირება სანქციების გატარების კუთხით იმ მინისტრების მიმართ, რომლებიც ურჩობენ და პარლამენტში არ მოდიან. პარლამენტის თავმჯდომარემ ამ საკითხში უნდა ჩართოს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი და უნდა იქნას დაწყებული პროცედურები რეგლამენტის შესაბამისად,” – განაცხადა რომან გოცირიძემ.

დეპუტატმა ეს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის პარლამენტში მოწვევის კონტექსტში განაცხადა. კომიტეტის სხდომაზე პარტია “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარემ, კახა კუკავამ მოითხოვა, რომ “ომეგა ჯგუფთან” დაკავშირებულ საკითხზე პარლამენტში ფინანსთა მინისტრი მივიდეს.

გოცირიძე კუკავას ინიციატივას ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მაჭავარიანმა შესაბამის კითხვებს უნდა უპასუხოს.