LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაგვის გამო დაჯარიმებულები: პირველი დღის შედეგები

97

ნაგვის დაყრაზე საჯარიმო სანქციების დაწესების პირველ დღეს, ამ დროის მონაცემებით, 14 ადამიანი დაჯარიმდა. ერთი მათგანი სამშენებლო ნარჩენისთვის, დანარჩენი კი სიგარეტის ნამწვის გადაგდებისთვის.

შესაბამისად, დღეს ძირითადად 80 ლარიანი ჯარიმები დაიწერა.

როგორც “ფორტუნას” “თბილსერვის ჯგუფში განუცხადეს, დაჯარიმებულებიდან 3 უცხოეთის მოქალაქე იყო.

“თბილსერვის ჯგუფის” დირექტორის მოადგილის ლევან გოგოძის განცხადებით, ჯარიმები მოქალაქეებმა ძალიან დადებითად, ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე მიიღეს.

“არცერთი კონფლიქტური სიტუაცია არ შექმნილა. ჩვენმა თანამშრომლებმა განუმარტეს მათ, რომ განმეორების შემთხვევაში საჯარიმო სანქციები გაიზრდება. ჩვენი მიზანი არა ჯარიმის დაწერა, არამედ თვითშეგნების ამაღლებაა. ვფიქობ რომ მომავალში უფრო მეტად გაითავისებენ მოქალაქეები, რომ ნაგავი არ უნდა დაყარონ”, – განაცხადა ლევან გოგოძემ.

მისივე თქმით, ახალი ინიციატივა ნაგვის დაყრაზე საჯარიმო სანქციების პროცესში მიმდინარე, თუმცა მუშა პროცესშია. ამ დროისთვის მონიტორის ჯგუფის წევრები მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებზე გადაადგილდებიან. გამოჩნდებიან თუ არა “თბილსერვის ჯგუფის” წევრები თბილისის გარეუბნებში ამას რამდენიმე თვეში გადაწყვეტენ.

დღეიდან, 20 აპრილიდან “თბილსერვის ჯგუფის” მონიტორებმა ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის დაჯარიმება დაიწყეს. ქუჩების დანაგვიანებისთვის განკუთვნილია ჯარიმები 80-დან 1000 ლარამდე.

 

თამთა უთურგაშვილი