LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაკრები ასტანაშია, ვარჯიში იყო, იქნება მოგება? (ვიდეო)

37

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის სადებიუტო მატჩს ასტანაში გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი ყაზახეთის დედაქალაქში თამაშამდე ერთი დღით ადრე ჩავიდა და მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშა. ხელოვნურსაფარიან მოედანზე ეროვნული ნაკრების ვარჯიში ერთი საათი გაგრძელდა. ასტანაში მყოფი თითოეული ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და წლის პირველი ოფიციალური მატჩისთვის ემზადება. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ყაზახეთისა და საქართველოს შეხვედრასთან დაკავშირებით, ვლადიმირ ვაისმა და ნიკა კვეკვესკირმა მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხეს.

ვლადიმირ ვაისი: “მოგესალმებით ყველას, სამი წლის შემდეგ თქვენი ნახვა ძალიან მიხარია. მე შესანიშნავ კლუბ „კაირათში“ კარგი პერიოდი გავატარე. თუმცა, ამჯერად არა როგორც მეგობარი, არამედ როგორც მეტოქე ჩამოვედი – საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი. ხვალ მხოლოდ ჩვენს გუნდზე ვიფიქრებ, რა დავუპირისპირო სტანიმირ სტოილოვს, რომელიც ჩემი აზრით, ერთერთი საუკეთესო მწვრთნელია და მან ყაზახეთში თითქმის ყველაფერს მიაღწია, რისი მიღწევაც შესაძლებელი იყო.

ყაზახეთის ნაკრების მიზანს ჩვენს მსგავსად ჯგუფის მოგება წარმოადგენს. ვფიქრობ, ხვალ ისინი აგრესიულ და ჭკვიანურ ფეხბურთს ითამაშებენ. სტოილოვი ნაკრებშიც იმ სათამაშო სქემას იყენებს რასაც „ასტანაში“ იყენებდა. მოკლედ რომ ვთქვა, ჩვენ ყველაფერი ვიცით მეტოქის შესახებ და პირიქით, მეტოქემ ჩვენს შესახებ. ახლა მთავარია, ფეხბურთელები როგორ შეასრულებენ დავალებებს, ვინც დაუშვებს ნაკლებ შეცდომას და ითამაშებს უფრო ხარისხიან, ემოციურ ფეხბურთს, ის მოიგებს.

კონკრეტულად შემადგენლობაზე საუბარს არ ვაპირებ. რა თქმა უნდა, ერთ-ორ პოზიციაზე რამდენიმე ვარიანტს განვიხილავ. დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ გადავწყვეტ როგორი იქნება სასტარტო შემადგენლობა. ბუნებრივია, მოედანზე მხოდოდ ის ფეხბურთელები გავლენ, რომლებიც იბრძოლებენ და შეასრულებენ ყველა დავალებას.

მინდორი მშვენიერ მდგომარეობაშია, ამ მხრივ სასაუბრო არაფერია – “ასტანა არენა“ შესანიშნავი სტადიონია, სადაც კარგი ფეხბურთის თამაში შეიძლება. ჩვენ და ყაზახეთს განსხვავებული სტილი გვაქვს, ვნახოთ, რომელი იქნება შედეგიანი. გვსურს ჭკვიანურად ვითამაშოთ. ყველა ფეხბურთელი 100 %-ით მზად არაა, გვაქვს გარკვეული პრობლემები, მაგრამ ჩვენ უნდა შევარჩიოთ ისეთი შემადგენლობა, რომელიც იბრძოლებს და შეტევაში შედეგიანად ითამაშებს. ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია, მაგრამ არა გადამწყვეტი, რა თქმა უნდა, გამარჯვებისთვის ვითამაშებთ, რადგან ამ ჯგუფში თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს.

შანსები 50/50-ზეა. ვერ ვიტყვი, რომ ყაზახეთი ფავორიტია. ფურცელზე შესაძლოა ჩვენც და ყაზახეთიც ჯგუფის ფავორიტები ვიყოთ, მაგრამ ჩემი აზრით, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ლატვიას და ანდორას ზუსტად ანალოგიურად სურთ მოგება. ხვალ მოედანზე ორი თანაბარი გუნდი გავა, ორივეს აქვს თავისი პლიუსები და მინუსები, როგორც მსოფლიოს ყველა გუნდს. ამიტომ ვნახოთ, ვისი ტაქტიკა გაამართლებს, ჩვენი თუ სტანიმირ სტოილოვის. დარწმუნებული ვარ, ხვალ სტადიონი სავსე იქნება, ისიც ვიცი, რომ აქ კარგი გულშემატკივრობა იციან და კარგი ატმოსფერო შეიქმნება. ეს ფაქტორი ჩვენი ფეხბურთელებისთვისაც დამატებითი მოტივაცია იქნება.”

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი არაბიძე (ნასიონალი, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

ყაზახეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა მატჩს ათეულობით ქართველი გულშემატკივარი დაესწრება. ერთა ლიგის გათამაშების პირველი მატჩი ყაზახეთისა და საქართველოს შორის, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიწყება (თბილისის დროით 18:00 საათზე), მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები