LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანი ბრეგვაძე: „ჩემი მეუღლე ციხიდან რომ გამოვიდა, ეკას გავუწიე ანგარიში და შევრიგით, მაგრამ…“

138

ჟურნალ „სარკესთან“ ნანი ბრეგვაძემ საკუთარი პირადი ცხოვრებისა და მეუღლის შესახებ საინტერესოდ ისაუბრა. მომღერლის თქმით, მეუღლე ძალიან უწყობდა ხელს კარიერულ წინსვლაში და მათ შორის დიდი სიყვარული იყო…

„ჩემი მეუღლე ყოველთვის მეუბნებოდა, ნანი, შენ მომღერლად დაიბადე, არასდროს შეწყვიტო სიმღერა, დადგება დრო, შენ იქნება ძალზე პოპულარული, გექნება დიდი სახლი საკუთარი სადარბაზოთი და დაცვით და იცხოვრებ ისე, როგორც უცხოელი ვარსკვლავები ცხოვრობენო…

მიუხედავად მისგან ასეთი მხარდაჭერისა, თქვენი ქორწინება მაინც დაირღვა…

დიახ. მჯერა, რომ რაც ცხოვრებაში ხდება, აუცილებლად ისე უნდა მოხდეს, ასეა საჭირო. მე უნდა შევხვედროდი მერაბ მამალაძეს, კარგი გარეგნობის მქონე ვაჟკაცს, კარგი ოჯახის შვილს, შეგვარებოდა ერთმანეთი და შეგვძენოდა ეკა.

ჩვენ შორის დიდი სიყვარული იყო, ჩემი ოჯახისთვისაც სასურველი და მიღებული სიძე გახლდათ. ყოველთვის ხელს მიწყობდა, გასტროლებზეც დამყვებოდა, მაგრამ რაღაც მომენტში ვერ გაუძლო, ცოლის პოპულარობა ქართველ კაცებზე დამთგრუნველად მოქმედებს. ჩვენ კამათს და დავიდარაბას მიჩვეულები არ ვიყავით და დავცილდით ერთმანეთს.

მერე მერაბი დაიჭირეს, კარგა ხნის შემდეგ გამოვიდა ციხიდან. ეკა 14 წლის იყო, სიგიჟემდე უყვარდა მამა, მეც ანგარიში გავუწიე შვილის სურვილს, ჯერ კიდევ ღვიოდა სიყვარული და შევრიგდით. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ცოტა ხანში დავშორდით და უკვე სამუდამოდ“

ცნობილი შემსრულებლის თქმით, სიმღერამ გადაატანინა ყველა სირთულე და აუნაზღაურა ყველა დანაკლისი, მისი ცხოვრების დანაკარგებიც სიმღერას უკავშირდება.

რაც შეეხება თავის მოვლას, ქალბატონი ნანი აქაც მეუღლეს ახსენებს და ამბობს, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ მეუღლემ იოგას აზიარა:

„ჩემი მეუღლე ციხიდან რომ გამოვიდა, უკვე კარგად იყო დაუფლებული იოგას და მეც მაზიარა ამ ხელოვნებას. ყოველდღე ვვარჯიშობდი და არის ერთი პოზა „სანთელი“, რაც თავზე დგომას ნიშნავს, იმასაც საუცხოოდ ავსრულებდი. ახლა დიდი სპორტულობით აღარ გამოვირჩევი. მართალია, გარეთ ნაკლებად ვსეირნობ, მაგრამ ჩემს სახლში ოთახიდან ოთახში ძალიან ბევრს ვმოძრაობ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები