LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანი ბრეგვაძე: „გოგონებს რომ ვუყურებ, გული მისკდება, ზოგს იმხელა ტუჩი აქვს…“

264

ნანი ბრეგვაძე ჟურნალ „გზასთან“ თავის მოვლის შესახებ საუბრობს. ცნობილი ქართველი მომღერალი, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია, აღნიშნავს, რომ პლასტიკურ ოპერაციებზე ცუდი აზრის არაა.

„ვისი რა საქმეა, რას გავიკეთებ?! ძალიანაც ვუვლი ჩემს თავს! თუმცა ბოლო დროს ცოტა მეზარება ეს ყველაფერი… ადრე რაღაც ინიექციებიც შემიყვანია, რადგან ქალმა თავს უნდა მიხედოს! არავის მოსწონს მსახიობი სცენაზე „მოჭუჭკნული“. ერთადერთი, ახალგაზრდა გოგონებს რომ ვუყურებ, გული მისკდება, ზოგს იმხელა ტუჩი აქვს. ყველა ერთმანეთს დაემსგავსა და აღარ არსებობს ინდივიდუალობა. ტუჩიც გაიდიდე, კი ბატონო, მაგრამ ზომიერად.

თქვენზე უთქვამთ, ოცი წლის გოგოს აღნაგობა აქვსო…

ღმერთმა დამიფაროს, ამ ასაკში ოცი წლის გოგოს ტანადობა მქონდეს! ყველა ასაკს შესაფერისი სილამაზე აქვს! ლამაზად მოხუცებულ ქალს რა სჯობია?! მაგალითად, ნინო რამიშვილი ბოლო წლებში ნაოჭებით საოცრად გალამაზებული და დიდებული იყო. მთელი შენი ინტელექტი და შინაგანი სამყარო გარეგნობაში ჩანს სიბერეში – ამის ნათელი მაგალითი იყო ვერიკო ანჯაფარიძე!

რაც შეეხება აღნაგობასა და სიგამხდრეს, დიეტა არასდროს დამიცავს, ყოველთვის გამხდარი ვიყავი. ახალგაზრდობაში ვიყავი ცოტა უფრო ლამაზად შევსებული, ახლა კი რაღაც კატასტროფა მჭირს, ვიკლებ და ვიკლებ… არავინ თქვას, არაფერს ვჭამ და ვსუქდებიო, ალბათ, არასწორად იკვებება. ორგანიზმს უნდა მოუსმინო.

ქალი ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს. პირადად მე მაღაზიაში კი არა, როდესაც სახლში ვარ და ვიცი, ფოსტალიონი უნდა მივიდეს და მე ქვითარს ხელი უნდა მოვაწერო, არავითარ შემთხვევაში ხალათით არ დავხვდები!.. პატივი უნდა სცე ყველას და შენც იგივე დაგიბრუნდება. რაც უნდა ცუდი მითხრას ადამიანმა, ცუდად არ ვუპასუხებ – ეს არის ჩემი ცხოვრების უმთავრესი წესი! არასდროს არავინ გამილანძღავს, რადგან უარყოფითი ისევ შენზე მოქმედებს ცუდად!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები