LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანკა კალატოზიშვილი: “ჩემი შვილი ძალიან მგავს, თუ რაღაც არ უნდა, არ გააკეთებს…”

478

ნანკა კალატოზიშვილს „სტრადაში“ ინტერვიუსთვის შევხვდით. მას თან პატარა დანი ახლდა, რომელიც 4 წლისაა და დედიკოს ძალიან ჰგავს, როგორც გარეგნულად, ასევე, ნანკას თქმით, ხასიათითაც. ჩენი საუბარი, ძირითადად, დედა-შვილობას შეეხებოდა, თუმცა ნანკას ვკითხეთ, რატომ აღარ არის „ცეკვავენ ვარსკვლავების“ წამყვანი და მისგან საინტერესო პასუხი მივიღეთ.

რატომ აღარ მიგყავს „ცეკვავენ ვარსკვლავები“?

ნანკა:

ოფიციალური ვერსია ალბათ, სხვა ექნებათ… არ ვიცი, რას იტყვიან… შემოთავაზება მივიღე, ვიცოდი, რომ მე უნდა წამეყვანა, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო, რომელიც ჩემთვის სასაცილო იყო, გადაწყვიტეს, რომ მე წამყვანი აღარ უნდა ვყოფილიყავი. ვერ გეტყვი, რომ გული მწყდება, რადგან ასეთი მენტალობის ადამიანებთან მუშაობა მეც არ მენდომებოდა.

არ გინდა მიზეზზე საუბარი?

მე ხომ ვიცი, რა არის რეალობა და რის მერე რა მოხდა. „რუსთავი 2“-ის აქციაზე მისვლის შემდეგ უცბად აღმოჩნდა, რომ პროექტი აღარ მიმყავს…

ასეთი შემთხვევა გქონია?

მე ადრეც დამიჭერია მხარი „რუსთავი 2“-ისთვის, მაგრამ პრობლემა არ შექმნილა. ამ ეტაპზე ალბათ, აღარ იყო მოსაწონი (იცინის). პოლიტიკასთან ჩემი დაკავშირება სრული სისულელეა. მოკლედ, ასე მოხდა, მაგრამ ტყუილად არაფერი ხდება და ალბათ, რაღაც ახალი უნდა დაიწყოს ჩემს ცხოვრებაში.

დედა და შვილი

ნანკა:

დანი ერთ თვეში 4 წლის გახდება. ეს ოთხი წელი ძალიან საინტერესო იყო, მარტივი არაფერია, მით უმეტეს, პასუხისმგებლობის აღება ადამიანზე, რომელიც უნდა გაზარდო. ეს იყო ყველაზე რთული გადაწყვეტილება ჩემთვის, ამ პასუხისმგებლობის აღება… წინ, დარწმუნებული ვარ, ძალიან მაგარი რაღაცები გველოდება.

გარეგნულად ძალიან გგავს. ხასიათით?

ძალიან, თუ რაღაც არ უნდა, არ გააკეთებს. მეც ასეთი ვარ და მესმის მისი. თუ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, რაც უნდა, ის აკეთოს.მთავარია, უზრდელი არ იყოს. სხვათა შორის, ძალიან თავმოყვარეა.

მასთან იმ დოზით ურთიერთობა გაქვს, როგორიც გინდა?

რა დროც მაქვს, რა თქმა უნდა, მისია. გვიყვარს სეირნობა, მაგრამ ცუდია, რომ ჰაერი საერთოდ არ არის. ბავშვს ბოდიშს ვუხდი, რომ სხვაგან ვერ ვასეირნებ… უყვარს ტკბილის ჭამა, სეირნობა და თამაში. ერთად ვთამაშობთ ხოლმე, ვხატავთ…

როგორი გინდა გაიზარდოს?

თავდაჯერებული, მიზანდასახული და საკუთარ თავს არ უღალატოს.

გინდა, იყოს მსახიობი?

რაც უნდა, გამოვიდეს, მაგრამ ბედნიერი იყოს. არ მინდა, თავი მოიტყუოს, მაგრამ ამას არ იზამს, ისეთი დედის და მამის შვილია. მინდა, იქ იყოს, სადაც საკუთარ გზას კარგად იპოვის.

გოგო შვილზე გიფიქრია?

სულ ბიჭის დედა მინდოდა ვყოფილიყავი, არ ვიცი, რატომ, ასე წარმომედგინა. ალბათ, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე. ბიჭიაო, რომ მითხრეს, ძალიან ბედნიერი ვიყავი…

მეორე შვილზე ფიქრობ?

ასე თეორიულად, რა თქმა უნდა, ძალიან მინდა, მაგრამ უბრალოდ არასდროს მომნდომებია შვილის გაჩენა. მინდოდა საყვარელი ადამიანისგან… დანი დიდი სიყვარულის ნაყოფია… მე ასე ვარ და მგონია, რომ ასეც უნდა იყოს – შვილის გაჩენა საყვარელი ადამიანისგან უნდა გინდოდეს.

ვიცი, რომ თეატრში ხშირად დაგყავს…

ხშირად დამყავს თოჯინების თეატრში. ასევე მყავდა მუსკომედიის თეატრში. აჩიკო სოლოღაშვილი მგელს თამაშობდა. საგრიმიოროში რომ შევიყვანე, უკან გამოიქცა, აჩიკოსი ძალიან შეეშინდა (იცინის). დანი ჩემს სპექტაკლებზე არ დამყავს, ჯერ რა უნდა იქ? საბავშვო სპექტაკლი არ მითამაშია, სიამოვნებით ვითამაშებდი. რომც წავიყვანო ჩემს სპექტაკლზე, არ გაჩერდება და სცენაზე ამოსვლას მოინდომებს.

ერთხელ ტელევიზორს ვუყურებდით, რეკლამა გადიოდა ჩემი მონაწილეობით, დამინახა და ის დედა მინდაო (იცინის).

რაიმეზე კამათობთ?

არ ვეჩხუბები. არ მიყვარს, როცა ბავშები ტირილით აშანტაჟებენ მშობლებს. რომ გაიზარდა ცოტა, ავუხსენი, რომ ტირილით ვერაფერს გამაგებინებს და მშვიდად უნდა ამიხსნას. ხვდება, რომ ტირილით არ გასდის და იწყებს წყნარად ახსნას. ერთხელ გადაწყვიტა, ეტირა და ეგორავა და მე ვუყურებდი, სანამ მორჩებოდა, რეაქცია არ მქონია. კივილ-წივილი და მაღალი ნოტები ჩვენს ურთიერთობაში არ არის.

ძალიან ინტერესიანი ბიჭია…

ძალიან და უყვარს დიალოგი. ერთხელ ვუხსნიდი, რომ რაღაც არ უნდა გაეკეთებინა. როცა ვთხოვე, რაც ვილაპარაკეთ, იმის მოკლე შინაარსი მომიყევი-მეთქი, მომიყვა (იღიმის). აი, ნახე, ვერ ისვენებს და სულ დადის წინ და უკან. ჩემი შვილი როგორ იქნება მოსვენებული, ახლაც ძლივს ვზივარ ერთ ადგილას (იცინის).

ფოტო: დათუნა აგასი

გადაღების ადგილი: „სტრადა“

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები