LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი ახალი საკანონმდებლო ცვლილება მოამზადეს

103

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა საქართველოში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით დამატებით კიდევ ერთი ახალი საკანონმდებლო ცვლილება მოამზადეს. ცვლილებები ინიციატორები აკაკი ზოიძე, ლევან კობერიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინე ფრუიძე და სოფო ქაცარავა არიან.

ცვლილებების გათვალისწინებით, მოსამართლეს თავად ენიჭება უფლებამოსილება, გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, პირს დამატებით ის უფლებები იმ ვადით ჩამოართვას, როგორც თავად მიიჩნევს სამართლიანად და თანაზომიერად, მსჯავრდებულის და მის მიერ ჩადენილი ქმედების ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით.

„ცვლილებების საფუძველია ის, რომ კანონით გათვალისწინებული სამოქალაქო უფლებების ბლანკეტურად ჩამორთმევა გაუმართლებლად რთულ და მძიმე სამართლებრივ მდგომარეობაში აყენებს ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს. შესაბამისად, აღნიშნული კანონით დამოუკიდებლად, ავტომატურ რეჟიმში უფლებების ჩამორთმევა, ერთი მხრივ, მსჯავრდებულის უფლებებს ლახავს, მეორე მხრივ კი, მოსამართლესაც უზღუდავს სასჯელის ინდივიდუალიზების და მისი სამართლიანი ზომის განსაზღვრის შესაძლებლობებს,“ – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

რაც შეეხება ცვლილებებს, კანონპროექტის მიხედვით, სასამართლოს უფლება ექნება, გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 3 წლამდე ვადით შემდეგი უფლებამოსილებიდან ჩამოართვას ერთ-ერთი ან რამდენიმე – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, ასევე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.