LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულ რამდენიმე პირს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

48

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გუშინ სპეცოპერაციის დროს დაკავებულ რამდენიმე პირს ბრალი უკვე წაუყენეს. თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა რამდენიმე ადვოკატმა უკვე დატოვა.

ადვოკატ ნინო ლალიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილით წარუდგინეს, რაც თავისუფლების აღკვეთას 8-დან 20 წლამდე ითვალისწინებს.

“იგი ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. მას კლუბური ნარკოტიკის, ე.წ. ექსტაზის დიდი ოდენობით შეძენა-შენახვა-გასაღება ედება ბრალად. იგი ბრალს არ აღიარებს, ველოდებით მტკიცებულებების გადმოცემას”, – განაცხადა ლალიაშვილმა.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი დიღმის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, როდესაც ის დააკავეს. ჩხრეკისას მას არანაირი ნარკოტიკული ნივთიერება არ აღმოაჩნდა.

მისივე თქმით, სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება. ადვოკატი მოითხოვს გირაოს ან აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას.

შეგახსენებთ, რომ გუშინ კლუბ “ბასიანსა“ და კაფე “გალერიში“ სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღებაში ბრალდებული 8 პირი.უწყების ცნობით, არსებობდა დასაბუთებული საფუძველი, რომ კლუბ „ბასიანთან“ და „გალერისთან“ ნარკორეალიზატორებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ.