LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკოტიკების მოხმარებაზე ნების დართვა ეს არის მტრობა ჩვენი ერისა – ილია მეორე

81

ნარკოტიკების მოხმარებაზე ნების დართვა არის მტრობა ჩვენი ერისა, – აღნიშნული განცხადებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საკვირაო ქადაგებისას მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული სანქციების გაუქმების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„შემთხვევითი არ არის რომ, დღეს წავიკითხეთ სიბრძნე სოლომონისა. ურთულეს დროს ვცხოვრობთ, როცა ადამინმა უნდა გაარჩიოს კეთილი და ბორტი, სად არის შავი და სად არის თეთრი. თუ ადამიანი მორწმუნეა და აქვს შიში ღვთისა, ადვილად გაარჩევს, სად არის კეთილი და ბოროტი. ბოლო დროს დიდი მღელვარება შემოვიდა საქართველოში, ეს მღელვარება დაკავშირებულია იმასთან, რომ ნებადართული გახდა ნარკოტიკების, მარიხუანას მიღება. ეს არის დიდი შეცდომა.  უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკები ერთ დონეზე არ ჩერდება, რაც დრო გადის, ადამიანის ბუნება თხოულობს უფრო მძიმე ნარკოტიკებს და ვეღარ იკავებს თავს. გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკების მოზმარებაზე ნების დართვა ეს არის მტრობა ჩვენი ერისა”

როგორც პატრიარქმა ბრძანა, დარწმუნებულია, რომ ადამიანები, რომელთაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, თანახმანი არ არიან, მაგრამ ზეგავლენის ქვეშ აღმოჩნდნენ.

“დარწმუნებული ვარ, ის ადამიანები, რომელთაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება,  თვითონ არ არიან თანახმანი, მაგრამ იმდენად დიდია მათზე ზეგავლენა, იძულებული გახდნენ ეს გაეკეთებინათ“,-განაცხადა ილია მეორემ და აღნიშნა, რომ ლეგალიზაციის პირობებში, ქვეყანაში შესაძლოა, ნარკოტიკების ცენტრი შეიქმნას.

ამასთან, პატრიარქმა მოუწოდა მთავრობას, ინტელიგენციას და ახალგაზრდებს, გაუფრთხილდნენ სამშობლოს.

„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ ნარკოტიკებს დავუშვებთ, უნდა დავუშვათ ვაჭრობა და მოყვანა ნარკოტიკების და მთავარი რაც არის, გამოიწვევს იმ ახალგაზრდების ჩამოსვლას მეზობელი ქვეყნებიდან, რომლებიც ცხოვრების კალაპოტიდან არიან ამოვარდნილი, შეიქმნება ცენტრი ნარკოტიკების. მივმართავ უპირველეს ყოვლისა ჩვენს ხელისუფლებას, ინტელიგენციას, ახალგაზრდობას, გავუფრთხილდეთ სამშობლოს, ჩვენს შვილებს. გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკების გასინჯვა უკვე დასაწყისია დაცემისა.

მე კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, ნუ დავღუპავთ ჩვენს შვილებს, ნუ დავუშვებთ ამ უკანონობას. ღმერთმა ძალა მოგცეთ, მოგცეთ სიბრძნე.  ამიტომ ვთხოვე მუფეს, წაეკითხა ეკლესიასტე და გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, დღეში ერთი თავი წიკითოთ სიბრძნე სოლომონისა. ღმერთმა დაგლოცოთ“,-განაცხადა პატრიარქმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები