LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის მსჯავრდებულები, შესაძლოა, გათავისუფლნენ

40

ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის მსჯავრდებულები, შესაძლოა, გათავისუფლნენ, თუ პარლამენტი მიიღებს კანონს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით,  კანონმდებლობით დგინდება მცირე ოდენობები შენახვის და მოხმარების მიზნით, ასევე, დიდი ოდენობები იმ 143 პრეპარატზე, რომელიც აქამდე დადგენილი არ იყო და თუნდაც უმცირესი რაოდენობით ამ პრეპარატების აღმოჩენა იწვევდა ადამიანების წლობით ციხეში გაშვებას.

„შესაბამისად, ეს ცვლილება ასევე შეეხება ადამიანებს, ვინც იმ მიზეზის გამო, რომ მათ აღმოუჩინეს უმცირესი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ან ნარკოტიკული ნივთიერების კვალი და დღეს ბრძანდებიან ციხეში. ასეთი ადამიანები გათავისუფლდებიან სასამართლოს მეშვეობით, რადგან ეს ახალი გარემოება იქნება“, – განაცხადა ზოიძემ.

საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ რამდენიმე პრინციპი უკვე დაასახელა. მისი თქმით, პირველი პრინციპია ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დეკრიმინალიზაცია, ასევე რეალიზაციის შემთხვევებისას დაწესდება შემამსუბუქებელი და დამმძიმებელი გარემოებები; სააფთიაქო ნარკოდანაშაული კი რეალიზაციის დანაშაულს გაუტოლდება.

საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები