LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ბუნტურის საქმე და პირადი – „თბილი და სანუკვარი ურთიერთობა გვაქვს…“

1466

ბალერინა ნათია ბუნტური ამჟამად მხოლოდ სცენაზეა დაკავებული, საკუთარი ძირითადი პროფესიით და საინტერესო პარტიების შესასრულებლად ემზადება. ფართო მაყურებელმა ის სერიალიდან „ჰეროკრატია“ გაიცნო, მანამდე ვერის უბნის მელოდიებშიც“ შეამჩნევდით, იყო ტელეწამყვანი…

ნათიას პროფესიულ და პირად თემებზე ვესაუბრეთ.

ნათია ბუნტური:

გამიმართლა და ადრეულ ასაკში საზღვარგარეთ მოვხვდი, მით უმეტეს, ისეთ ძლიერ საბალეტო ტერიტორიაზე, რასაც ამერიკულ საუკეთესო სასწავლებლებსა და დასებთან მუშაობა ჰქვია, ამან ცხოვრებისეული და პროფესიული გამოცდილება, გამძლეობა და დისციპლინა მომცა. იმ პერიოდში მივხვდი, რომ აქ უფრო ბედნიერი ვიყავი, ვარჩიე ჩემს ქვეყანაში ყოფნა, ამას არ ვნანობ, რადგან ბევრი რამ დავიგროვე ჩემს „ჩემოდანში“, სულ თან დამაქვს, იქიდან მსუყედ დავბრუნდი და დღემდე მომყვება. გადავწყვიტე ჩემს სახლში ყოფნა და იმავე საქმის კეთება. ამიტომ დავბრუნდი. ბევრი რამ ისე არ დალაგდა, როგორც მეგონა და თუნდაც ჩემი თავისგან ველოდი, თუმცა როცა წინსვლისკენ ისწრაფვი, მაინც ახერხებ ამას. ბოლომდე კმაყოფილი ვერ იქნები, მაგრამ თუნდაც ჩვენი საუბარი იმას ცხადყოფს, რომ ვიღაც ინტერესდება ჩემით, ე.ი. აქამდე რაღაც გამიკეთებია, საინტერესო.

აქ ოთხი სეზონი ნინო ანანიაშვილის დასში ვიცეკვე, ვიტამინივით იყო მასთან ყოველდღიური შეხება და მუშაობა. შემდგომში მივხვდი, რომ არის რაღაცები, რასაც უნდა შეეშვა, თავი კი არ უნდა დააღწიო, უბრალოდ, სხვა მიმართულებით გადადგა ნაბიჯი. მარიამ ალექსიძე, ქორეოგრაფი, სწორედ ამ დროს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, მაშინ, როცა ცოტა მიმართულება უნდა შემეცვალა. მასთან უკვე მეცხრე წელია, ვმუშაობ. ამან უფრო კარგი შედეგი გამოიღო, ვიდრე დასის წევრობამ.

ტელეწამყვანობის გამოცდილებაზე რას გვეტყვით?

ჩემთვის საშიში და სახიფათო იყო – საქმე, რომელიც არასდროს გიკეთებია, თან, ასეთი საპასუხისმგებლო, უდიდესი სტრესია. ჩემი ახლო მეგობარი, ლიკა ლაბაძე წავიდა თეატრიდან და იყო წამყვანი, მერე მე მივედი, მეუბნებოდა, ნათია, არ ინერვიულო, ფაქტობრივად, სცენაა, თუ რამე შეგეშლება, თავი უნდა დაიძვრინოო. თავის ხელში აყვანით, ლაფსუსების დაფარვით, შევძელი ამ პროფესიის მორგება.

„ვერის უბნის მელოდიებში“ მონაწილეობას როგორ იხსენებთ?

ყველა მონაწილეს, დარწმუნებული ვარ, ძალიან ენატრება ეს მიუზიკლი, რომელშიც ძალიან დიდი შრომა და მონდომება ჩაიდო. თეატრიდან რომ წამოვედი და მარიამ ალექსიძის პირველ დადგმაში ვიცეკვე, ბათუმში მომიწია რაღაც პერიოდით ცხოვრება. ზუსტად მაშინ დაიწყეს ამ მიუზიკლის დადგმა. ის სამი თვე ვიმუშავე ბათუმში. დღეში 12-საათიანი რეპეტიციები გვქონდა, შედგა დიდი პრემიერა. მიუზიკლში პირველად მივიღე მონაწილეობა.

საზოგადოებამ გაგიცნოთ „ჰეროკრატიიდან“, სადაც ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის როლი მოირგეთ…

თეატრში უფრო მეტი წელი დამიხარჯავს, თუმცა უფრო მეტად აქედან გამიცნეს. ეს არ მწყინს. დავალება არ მქონია, რომ ქალბატონი სანდრას ზუსტი პროტოტიპი განმესახიერებინა, უნდა ვყოფილიყავი, არარსებული, სიურრეალისტური ადამიანი, როგორც აჩრდილი. შრომის, მონდომების, დაფიქრების გარეშე არაფერი გამოდის. არ ვიცი, როგორი გამომივიდა, მაგრამ რომ შევძელი, გადაღებების პროცესში კარგად ჩავერთე, ეს ბევრს ნიშნავდა. ეს იყო სხვანაირი პირველი ლედი. არ ვიცი, როგორი იყო ქალბატონი სანდრა და მას არ შევხვედრივარ არასდროს. შესაძლოა, ჩემი პერსონაჟი უფრო ძლიერი, მანიპლუტორი, მმართველი ტიპი იყო… მე განვასახიერებდი ძალაუფლებას და სისუსტეს, რომელიც პირველ პირს თან ახლდა.

როგორ შეაფასებდი ყოფილ და ამჟამინდელ პირველ ლედის?

სანდრა რულოვსს ბავშვობიდან პატივს ვცემდი, ისევე, როგორც ყველა ადამიანს, ვინც უცხო ქვეყანაში შეითვისა და გაითავისა მისი კულტურა და ენა. ვფიქრობ, რომ ძალიან ყოჩაღი ქალია. რაც შეეხება ამჟამინდელ პირველ ლედის, ძალიან სიმპათიური ქალბატონია, როგორც ჩანს, ერთგული და თბილი ადამიანია. მგონია, რომ კეთილი ადამიანია.

თქვენი ყველა პროფესია ფორმაში ყოფნას მოითხოვს…

თქვენთან ვარჯიშიდან მოვედი (იღიმის). გაგანია რეპეტიციიდან გამოვიქეცი და ასე ვთქვათ, დავცხრი. ასეთ ტრანსფორმაციებს ვახერხებ 10-15 წუთში. მთავარია, ჩანთაში მედოს ის, რაც იმ დღეს დამჭირდება, საჭმელი, გამოსაცვლელი, სავარჯიშო შარვლები, წინდები, პირსახოცები. თუნდაც რეპეტიციაზე ცუდად რომ გამოიყურები, შესაძლოა, არ მოგეწონოს იმ დღის ნაცეკვიც.

შვილი გყავთ. გადატვირთული გრაფიკი არ უშლის ხელს მასთან ურთიერთობას?

ეს ყველაზე დიდი სადარდებელია. ახლაც, მაშინ, როცა ბაღიდან უნდა გამომეყვანა, თქვენ შეგხვდით, მერე კიდევ სამსახურში მივდივარ, ვერც დღეს ვნახავ, ვერც ხვალ, რადგან გადაღება მაქვს. ხან ბებიაა მასთან, ხან – მამა. ასე ვენაცვლებით ერთმანეთს. ხშირად არის, როცა მე გამომყავს ბაღიდან და მერე ერთად ვატარებთ დროს, მაგრამ დროის ნაკლებობას ძალიან განვიცდი. ჩემი შვილი ექვსი წლის ხდება. ჩვენ ახლო, თბილი და სანუკვარი ურთიერთობა გვაქვს, გარკვეულწილად, დროის დეფიციტი ამით კომპენსირდება.

ამ ეტაპზე პირად ცხოვრებაში რა ხდება?

„ჰეროკრატიაში“ ერთ-ერთ ეპიზოდში მიიღო მონაწილეობა იმ ადამიანმა, ვისთან ერთადაც საკმაო ხანია, ვარ. არ ვარ იოლი ადამიანი, არც სხვაა ასეთი და არც გარემოება. ბოლომდე მიდის ის წყვილი, ვისთვისაც ფასეულია გრძნობები, ერთობლივი ჩანაფიქრები. ალბათ, ასეც იქნება, მაგრამ ჯერ ოჯახის შექმნაზე არ გვისაუბრია. არის ბევრი საფეხური და სირთულე. უნდა გავიდეს პერიოდი და ამ მომენტამდე, ალბათ, თავისით მივალთ. მთავარია, ორმა ადამიანმა ერთნაირი მოსაზრებებით და გზით იარონ. პროფესიით მსახიობი არ არის, მაგრამ მოუწია რამდენიმე გადაღებაში მონაწილეობამ.

სამომავლოდ პროფესიული კუთხით რა გეგმები გაქვთ?

უფრო მეტად სცენაზე ვარ. გიორგი ალექსიძის სახელობის დასის წევრი ვარ. მაისში მისი საიუბილეო საღამო იგეგმება, საკმაოდ რთული პარტიები გვაქვს შესასრულებელი მეც და ჩემს კოლეგებსაც. დიდი სამზადისია ამ მიმართულებით, ჯაზის საერთაშორისო დღეს კი ფილარმონიაში ვიცეკვებთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები