LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავა: გაზის ბაზარი უფრო კონკურენტული გახდება

68

თბილისში დღეს ბუნებრივი გაზის ბაზრის რეფორმირების საკითხებზე მაღალი დონის პოლიტიკური დისკუსია გაიხსნა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2-დღიანი ღონისძიება ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ განხორციელებული EU4Energy Governance პროექტის „ევროკავშირი ენერგეტიკისთვის მმართველობა“ ფარგლებში მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, გაზის ბაზრის მთავარი თემაა ბუნებრივი გაზის ბაზრის რეგულირება და იმ შესაძლებლობების განხილვა, თუ როგორ უნდა მოხდეს რეფორმირების შედეგად საქართველოს მოსახლეობისა და ბიზნესისთვის მაქსიმალური სარგებლის მოტანის უზრუნველყოფა.

უწყების ცნობით, დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა. მისი თქმით, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს აქვს ნაკისრი ვალდებულება ენერგო კანონების ეტაპობრივი ჰარმონიზაციის შესახებ. მისი თქმით, საუბარია როგორც ბუნებრივი გაზის, ასევე, ზოგადად, ენერგეტიკის ბაზარზე უფრო გამჭვირვალე, ევროსტანდარტებთან მისადაგებული და ჰარმონიზებული თამაშის წესების შემოღებაზე, რომლებიც გასაგები იქნება ნებისმიერი ინვესტორისთვის. მისი თქმით, რეფორმის შედეგად გაზის ბაზარი უფრო კონკურენტული, მომხმარებელი კიუფრო დაცული გახდება.

ენერგეტიკული გაერთიანების პროტოკოლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, საქართველომ აიღო ვალდებულება შემდგომი ორი წლის განმავლობაში ევროკავშირის კანონმდებლობის განხორციელებაზე ბუნებრივი გაზის სექტორში. ევროკავშირის ე.წ  „მესამე ენერგეტიკული პაკეტის“ დანერგვა ითვალისწინებს ბუნებრივი გაზის სექტორის რესტრუქტურიზაციას და კონკურენციისთვის გახსნას, ასევე მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანი სარგებელის უზრუნველყოფას.

„დღევანდელი ღონისძიება საფუძველს შეუქმნის საქართველოში მარეგულირებელი ჩარჩოს ჩამოყალიბებას უსაფრთხო და ხელსაყრელი გაზმომარაგების უზრუნველსაყოფად. მხოლოდ საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული სტრუქტურა, რომელიც შედეგად მოიტანს უფრო მაღალი დონის კონკურენციას, ენერგო უსაფრთხოებას, ენერგო მომხმარებლებისთვის მომსახურების გაუმჯობესებას და აგრეთვე, შექმნის ენერგიის დაზოგვის უფრო მეტ შესაძლებლობას“, – განაცხადა ღონისძიების გახსნისას, ენერგეტიკული გაერთანების სამდივნოს გაზის განყოფილების უფროსმა, პრედრაგ გრუიჩიჩმა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებაზე მიერთების ოქმის თანახმად, საქართველომ აიღო ვალდებულება დანერგოს ევროკავშირის კანონმდებლობა ბუნებრივი გაზის სფეროში 2020 წლის დასრულებამდე. ე.წ. „ევროკავშირის მესამე ენერგო პაკეტის“ დანერგვა შედეგად მოიტანს ქვეყნის გაზის სექტორის რესტრუქტურიზაციას, ბაზარი გაიხსნება კონკურენციისთვის და უზრუნველყოფს მომხმარებლების მიერ შესაბამისი სარგებელის მიღებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები