LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო დავითაშვილი: „აი, ასეთი ბიჭი გამოდგა შოთა, პური და წიგნი ერთნაირად რომ სჭირდება…“

211

მწერალი ნატო დავითაშვილი სოციალურ ქსელში საინტერესო ამბის შესახებ წერს, რომელიც თავად გადახდა. როგორც ის ჰყვება, სახლში მოზარდთან ერთად ასაკიანი ქალი მოწყალების სათხოვნელად მივიდა. აღმოჩნდა, რომ ბიჭს ძალიან უყვარს კითხვა და ქალმა სთხოვა, საჭმელთან ერთად რაიმე წიგნიც ეჩუქებინა მისთვის…

„ხანდახან ცხოვრებაში ისეთი რამ ხდება, რაზეც არასდროს იფიქრებ, რასაც ვერასდროს წარმოიდგენ. ხანდახან ასეთი ამბავი ერთდროულად სევდიანიცაა და სიხარულით სავსეც. ალბათ, ეს წიგნში რომ დამეწერა, ვინმეს ხელოვნური და გაპრანჭული მოჩვენებოდა.

გუშინ. კარზე დამიკაკუნა წყვილმა – მოზარდმა ბიჭმა და ასაკოვანმა ქალმა. კარი რომ გავუღე, პური და ცოტაოდენი საჭმელი მთხოვეს, რომ გამენაწილებინა. ბიჭი ჩემს შვილზე 1-2 წლით უმცროსი იყო და მისი ტანსაცმელიც ვუწილადე. ამ დროს ქალი მთხოვს, ჩემს შვილს კითხვა უყვარს და იქნებ, რამე ზედმეტი წიგნიც გქონდეთო.

ამ დროს ბიჭს, აწოწილსა და გამხდარს, თვალები გაუბრწყინდა. ვკითხე, რისი კითხვა უყვარდა. მითხრა, ფანტასტიკა და ფენტეზი მიყვარს განსაკუთრებითო, ბეჭდების მბრძანებელი, ჰობიტი და უელსიც მაქვს წაკითხულიო.

შევაქე და „უჩინარი კაცი“ ვაჩუქე. ის კი მეუბნება, იქნებ, იმ ქალის წიგნები გაქვთ, ნისლებში და ფრთოსანი ლომები რომ დაწერა, ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკაში მხოლოდ ეს ჰქონდათო.

ხომ წარმოგიდგენიათ, რა მომივიდოდა. შემოვბრუნდი და „აიას გზა“ გავუტანე. იცოდა, ეს სერიის ბოლო წიგნიაო. მადლობა გადამიხადა.

კარი რომ მივკეტე (სახლში მარტო ვიყავი), მეგონა, გული გამისკდებოდა, სასწრაფოდ ალექსის დავურეკე და გავუზიარე.

დამტუქსა, წარწერით რად არ მიეციო. არადა, მომერიდა, მანამდე ვერ მოვახერხე. გული მომეცა, მივუსწარი და წიგნზე წავუწერე.

ორივე ბედნიერები ვიყავი, ვუყურებდით ერთმანეთს და ვიცინოდით.

აი, ასეთი ბიჭი გამოდგა შოთა. ერთი აწოწილი, გამხდარი ბიჭი, პური და წიგნი ერთნაირად რომ სჭირდება!“ – აღნიშნავს მწერალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები