LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NATO-ს გემები ფოთის აკვატორიაში იმყოფებიან

66

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ფოთის აკვატორიაში იმყოფება ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთი, რომლის შემადგენლობაში არიან დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, ბულგარეთის და რუმინეთის გემები. შენაერთის მასპინძელია საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტი.

ნატოს გემები ფოთის პორტში 18 მაისამდე დარჩებიან. ამ პერიოდში გაიმართება ეკიპაჟის წევრების და საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლების ერთობლივი წვრთნები, რომელთა მიზანია საქართველოს და ნატოს საზღვაო ძალების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლება. მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთი ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების შემადგენლობაშია და მისი ერთ-ერთი ამოცანაა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პოლიტიკის დემონსტრირება და პარტნიორ სახელმწიფოებთან საზღვაო თანამშრომლობის გაღრმავება.

შენაერთის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სტუმრობს ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის მოადგილე, ვიცე-ადმირალი ერვი ბლეჟო. 15 მაისს გაიმართა მისი შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვიცე-პრემიერ გიორგი გახარიასთან. სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს როლზე ნატოს შავი ზღვის უსაფრთხოების ინიციატივაში და საქართველოს შედგომ მონაწილეობაზე ნატოს ოპერაციაში „ზღვის მცველი.“ ამ ოპერაციაში საქართველოს შსს მონაწილეობს ნატოსთან ტაქტიკური მემორანდუმის საფუძველზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები