LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო-ს წინაშე გამოწვევებია, ესაა ყირიმის ანექსია, მაგრამ კრიზისი 2008 წელს დაიწყო – ნატო-ს გენმდივნის მოადგილე

38

ნატო-ს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს საქართველოსთან, საქართველო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემოლერმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ალიანსი მადლიერია კონტრიბუციისთვის, რომელიც საქართველოს ნატო-ს მიერ წარმოებულ ოპერაციებში შეაქვს.მისივე თქმით, საქართველო პარტნიორებიდან ყველაზე დიდი კონტიბუტორია.  როუზ გოტემოლერმა აღნიშნა, რომ ალიანსი ერთგულია ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების, რომლის თანახმად საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. 

„ყოველთვის ვამბობთ, რომ საქართველო იქნება ნატო-ს წევრი და მინდა, ახლა ეს სიტყვები თქვენც გითხრათ. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი, გაწევრიანების გზაზე ნაბიჯები კიდევ არის გადასადგმელი, მაგრამ ნატო-ს პოზიცია ძალიან მყარია და ნათელი, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი“, – განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ.

ამასთან, მისი თქმით, ნატო-ს წინაშე გამოწვევებია, მაგალითად ის, რაც 2014 წელს უკრაინაში მოხდა.

„ასევე, ჩვენ ვამბობთ, რომ ნატო-ს წინაშე გამოწვევები დგას. თქვენ კარგად იცით ამის შესახებ. პირველ რიგში, რაც 2014 წელს მოხდა უკრაინაში, რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია და დონბასში სიტუაციის დესტაბილიზაცია. დღემდე გვიწევს შედეგებთან და კრიზისთან გამკლავება“, – განაცხადა როუზ გოტემოლერმა.

მისივე განმარტებით, კრიზისი გაცილებით ადრე დაიწყო და საქართველოზე უკეთ ეს არავინ იცის.

„ეს იყო 2008 წლის აგვისტო, რასაც მოჰყვა რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უკანონოდ აღიარება ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ჩვენ მტკიცედ გიჭერთ მხარს და ვამბობთ, რომ რუსეთმა უნდა უნდა გაიწვიოს ეს გადაწვეტილება, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“, – განაცხადა სტუდენტებთან შეხვედრაზე ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ.

საქართველოშ ვიზიტის ფარგლებში როუზ გოტემოლერი თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლელა ჩიქოვანს შეხვდა. ასევე, გაიმართა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუასთან, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადებები გაკეთდა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები