LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნავთობი გაძვირდა – გაიზრდება თუ არა მგზავრობის საფასური

მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის ფასი 78 დოლარს მიუახლოვდა. ვარაუდობენ, რომ მისი ღირებულება 80-100 დოლარის ფარგლებში იტრიალებს. ნავთობის გაძვირება ავტომატურად აისახება საქართველოში საწვავის ფასზე. საწვავის ფასის გაძვირება კი, ზრდის როგორც პროდუქტების, ასევე საზოგადოებრივი და საქალაქთშორისო ტრანსპორტის მგზავრობის საფასურსს.

მიუხედავად ამ ნეგატიური „ტრადიციისა“, „თბილისის მიკროავტობუსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნათია მიქიაშვილი „ფორტუნასთან“ საუბრისას ამტკიცებს, რომ საწვავის ფასის გაძვირება არ იმოქმედებს ყვითელი „მარშუტკების“ მგზავრობის საფასურზე.

„ყვითელი სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა არ გაძვირდება, მსგავსი რამ არ იგეგმება,“ –  აღნიშნა ნათია მიქიაშვილმა.

მგზავრობის ტარიფის გაზრდას არ გეგმავენ საქალაქთშორისო მარშრუტებზე მოძრავი სამარშრუტო ტაქსები, თუმცა, როგორც „ფორტუნას“ ავტოსადგურ „ოკრიბას“ წარმომადგენელმა განუცხადა, კომპანია მგზავრობის საფასურის გაზრდაზე მას შემდეგ დაიწყებს ფიქრს, თუ საწვავის ღირებულება 2.50 თეთრს მიაღწევს.

„ჯერჯერობით არ ვაპირებთ. იმ შემთხვევაში თუ საწვავის ღირებულება  2.50  თეთრს გასცდება, შესაძლებელია გადავხედოთ ფასებს. ჩვენ გვაქვს რეალურზე ნაკლები ფასები. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ მომსახურება იყოს რეალური და არა გაბერილი,“ – განუცხადეს „ფორტუნას“ „ოკრიბაში“.

მოკლე ვადაში არა, თუმცა, თუ საწვავის ღირებულება ზრდას განაგრძობს, შესაძლებელია, ქალაქის მასშტაბით მოძრავი ტაქსების ტარიფებმა ყველა მარშუტზე 1 ლარის ფარგლებში მოიმატოს. როგორც „ფორტუნას“ ტაქსის კომპანია „ბედაურის“ ხელმძღვანელმა ედვარდ ლომიძემ განუცხადა, ტარიფების ზრდას საწვავის ფასის 10 თეთრით მომატება გამოიწვევს.

„არ ვიცით რამდენად გაძვირდება, მაგრამ თუ გაძვირდება თავისთავად მოემატება ფასი.  10 თეთრით თუ მოიმატა საწვავის ფასმა, გადახედვა მოგვიწევს. ჯერჯერობით ახლა ამაზე არ ვფიქრობთ.  10 თეთრით მომატების შემთხვევაში, დაახლოებით 1 ლარით მოიმატებს ყველა მარშუტზე მგზავრობის ღირებულება,“ –  განაცხადა ედვარდ ლომიძემ.

გიორგი დგებუაძე, რამდენიმე წელია, თბილისის ქუჩებში საკუთარი ავტომობილით მგზავრებს ემსახურება. “ტაქსაობა” მისი ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყაროა. თუ საწვავი კიდევ გაძვირდება, მას აუცილებლად მოუწევს ტარიფის გაზდა.

„თუ საწვავი გაძვირდა, გაძვირდება ყველაფერი. მე რა ვქნა? მხოლოდ მე ვმუშაობ. შესაბამისად, მომიწევს გავაძვირო ტარიფი. იმედია ეს არ მომიწევს და ფასის არა ზრდაზე, არამედ შემცირებაზე ვიფიქრებთ,“ – განუცხადა გიორგი დგებუაძემ „ფორტუნას.

ხანმოკლე ვადაში ტარიფებში მექანიკურ ცვლილებებს გამორიცხავს ეკონომიკის საკითხებში ექსპერტი პაატა შეშელიძე, თუმცა აცხადებს, რომ ტარიფებში დიდი რყევები შესაძლოა, საწვავის ფასის 20-30 თეთრით მომატებამ გამოიწვიოს.

„ქალაქის ტრანსპორტის ფასის გაძვირება ქალაქის მთავრობის გადაწყვეტილების გარეშე არ მოხდება.  არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება ახლა მიიღონ, მითუმეტეს, რომ ისინი პოლიტიკურად არ იქნებიან დაინტერესებული ასეთი დარტყმა გააკეთონ. ამიტომ არ მგონია.  რაც შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, ზოგადად ფასების ზრდა უნდა იყოს მნიშვნელოვანი, რომ სერიოზული გავლენა მოახდინოს იმ ადამიანების გადაწყვეტილებაზე, რომლებიც ამ ფასით რაღაცას ყიდულობენ და ყიდიან. ამიტომ, მყისიერი მექანიკური ცვლილებები არ ხდება ხოლმე მოკლე ვადაში. თუ გაიზარდა 20-30 თეთრით, რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკას გადახედავენ,“ –  აღნიშნა შეშელიძემ.

ცნობისთვის, ერთი ლიტრი“სუპერი“ 2.37 თეთრი ღირს. ერთი ლიტრი „პრემიუმი“ 2.24-დან – 2.36 თეთრამდე მერყეობს. ერთი ლიტრი „ევრო რეგულარი“ 2.09 თეთრიდან – 2. 22 თეთრამდეა. ხოლო ერთი ლიტრი „ევრო დიზელი“  2.25 თეთრიდან 2.29 თეთრამდე ღირს.

ქეთი გიგოლაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები