LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნელი სიკვდილი – სისხლში ტყვიის დონის მატებაა

“მე მომატებული მაქვს ტყვიის დონე სისხლში. დღეს მითხრეს პასუხი აშშ-ში და თან დაამატეს: „მაქედან ვინც ჩამოდიხართ მომატებული გაქვთ, რას ჭამთ? რას სუნთქვათ?“ აი, ასე ზრუნავენ ჩვენზე. დღე და ღამე !!! მე თუ მაქვს მომატებული ე.ი. ყველას გაქვთ მომატებული !!! პროდუქციაზე უნდა დაწესდეს რეგულაციები !!! მასე ცხოვრება არ შეიძლება !“ – რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ნატალია მუჩაიძის პოსტი გავრცელდა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. განსაკუთრებით საყურადღებო კი პედიატრ ინგა მამუჩიშვილის რეაქცია იყო. ექიმი აღნიშნავდა, რომ თუ პროდუქციაში მავნე ნივთიერებების შემცველობაზე კონტროლი დროულად არ დაწესდება, სავალალო მდგომარეობა შეიქმნება.
საფრთხე რეალურია. სისხლში ტყვიის დონის მატება შეიძლება გარემო პირობებმა, საკვებმა პროდუქტმა, სათამაშოებმა ან ნებისმიერმა სხვა ფაქტორმა გამოიწვიოს. ტყვიის დიდი რაოდენობით შემცველობა კი ჯანმრთელობას სერიოზულ პრობლემებს უქმნის.

 

რა დაავადებებს იწვევს ტყვიის დონის მატება სისხლში

ორგანიზმში ტყვიის შემცველობას განსაკუთრებით მძიმე მეტალებით გაჯერებული სამშენებლო მასალა და მავნე გამონაბოლქვი ზრდის. მავნე გამონაბოლქვიდან გამომდინარე არასასურველია გზის პირას მოყვანილი პროდუქტიც. პედიატრი ეკა უბერი „ფორტუნასთან“ აღნიშნავს, რომ წყალში ტყვიის შემცველობაც საფრთხის შემცველია.

„მავნე სურსათმა შესაძლოა სისხლში ტყვიის დონე გაზარდოს. განსაკუთრებით მავნე კი ის სურსათია, რომელიც ტყვიით გაჯერებული წყლით ირწყვება. ტყვიის შემცველობა შესაძლოა მაღალი იყოს ნიადაგშიც, რაც ამ ნიადაგზე მოყვანილ პროდუქტს მავნეს ხდის,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ ეკა უბერი.

ტყვიის მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობა ახასიათებთ ორსულებს და ადრეული ასაკის ბავშვები მიეკუთვნებიან. ორსულობის პერიოდში დედის სისხლში ტყვიის შემცველობა პირდაპირ გადაეცემა ნაყოფს, რაც შეეხება მცირეწლოვან ბავშვებს, ისინი მოზრდილებთან შედარებით გარემოსთან მეტად მგრძნობიარეები არიან. ეკა უბერის თქმით, ტყვიის დონის მატება პირველ რიგში ბავშვის ნერვულ სისტემას აზიანებს.

„ტყვიის მაღალმა შემცველობამ შესაძლოა IQ-ს დაბალი მაჩვენებელი და ნერვული სისტემის სხვადასხვა დაავადებები გამოიწვიოს. არსებობს მოსაზრება, რომ ბავშვის ჰიპერაქტიურობის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ტყვიით მოწამვლაა,“ – აღნიშნავს ექიმი.

როგორ ვებრძოლოთ ორგანიზმში ტყვიის დონის მატებას

განვითარებულ ქვეყნებში სისხლში მძიმე მეტალების და განსაკუთრებით ტყვიის შემცველობას აქტიურად აკონტროლებენ. საქართველოში კი, როგორც ჩანს, გარემო პირობები, საკვები პროდუქტი, სამშენებლო მასალა თუ სხვა ფაქტორები განსაკუთრებით საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. საფრთხე მაღალია იმდენად რამდენადაც სისხლში ტყვიის დონის მატების გამომწვევი მიზეზები ნაკლებად კონტროლდება.

„ფორტუნა“ რამდენჯერმე ეცადა ჯანდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებას და გარკვევას – არსებობს თუ არა სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ორგანიზმში ტყვიის შემცველობას აკონტროლებს, თუმცა უშედეგოდ.

მანამ სანამ უცნობია, რა მექანიზმები არსებობს ქვეყანაში მოსახლეობამ სისხლში ტყვიის დონის მატების თავიდან ასაცილებლად, პედიატრი ეკა უბერი უკვე გაჩენილი პრობლემის მოგვარების გზებზე საუბრობს.

„ორგანიზმში ტყვიის დონის მატება თავიდან რომ ავიცილოთ, აუცილებელია მოსახლეობამ გარემოსგან დაიცვას თავი. სისხლიდან მძიმე მეტალების გამოსადევნად კი დეტოქსიკაციური თერაპია არსებობს. სამწუხაროდ, 100 %-იანი გარანტია არ არსებობს. შესაძლოა, ტყვიამ თავის ცუდი საქმე გააკეთოს და თერაპია დაგვიანებული აღმოჩნდეს,“ – დასძენს ეკა უბერი. 

გვანცა ბზიავა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები