LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნეტფლიქსის“ სერიალები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

1757

მომავალ წელს „ნეტფლიქსი“ 8 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს 700 ორიგინალური ფილმისა და სერიალის გადღებაზე, რაც სხვათაშორის, ზოგიერთი პატარა ქვეყნის ბიუჯეტს აღემატება. მანამდე კი,„ნეტფლიქსის“ უკვე შექმნილ ფილმებს გთავაზობთ, რომელთა ნახვაზე ნამდვილად არ დაგენანებათ დროის დახარჯვა.

„გვირგვინი“ (The Crown) – ნაკლებად დინამიური თხრობის მიუხედავად, ბრიტანეთის დედოფლის ელიზაბეტ II-ზე ცხოვრებაზე შექმნილი სერიალი, მაყურებელს პირველ რიგში საინტერესო სიუჟეტით, არაჩვეულებრივი რეჟისურითა და მსახიობების ბრწყინვალე თამაშით ხიბლავს.

„გონებაზე მონადირე“ (Mindhunter) – დევიდ ფინჩერის სერიალი გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი აგენტის ჯონ დუგლასის  წიგნის მიხედვით შეიქმნა, რომელმაც პირველმა მოიფიქრა, ეჭვმიტანილის პროფილის შექმნით, მისი მოქმედების წინასწარ განსაზღვრა. ახალ ნამუშევარში ფინჩერმა ყურადღება პერსონაჟების ხასიათის თავისებურებებზე გაამახვილა, ცნობილი მანიაკების ნაცვლად კი, მაყურებელს უცნობი სერიული მკვლელის ისტორია შესთავაზა.

„ძალიან უცნაური საქმე“ (Stranger Things) – 1980-იანი წლებისთვის დამახასიათებელ სამეცნიერო-პოპულარულ ჟანრში შექმნილი ფანტასტიკის მოქმედება გამოგონილ ქალაქში – ჰოუკინსში ვითარდება, სადაც პატარა ბიჭუნა იკარგება, მის ძებნაში ჩაბმული ოჯახი კი, იმ საზარელ საიდუმლოს გებულობს, რომელშიც ქვეყნის ხელისუფლება, მისტიკური არსებები და ზებუნებრივი ძალებით დაჯილდოებული გოგონაა ჩათრეული.

„შავი სარკე“ (Black Mirror) – მართალია, სერიალის ბოლო სეზონმა კრიტიკოსების მკაცრი შეფასება დაიმსახურა, მაგრამ „შავი სარკე“ მაინც ერთ-ერთ საუკეთესო ტელენოველად რჩება, რომელიც თანამედროვე საზოგადოებაზე უახლესი ტექნოლოგიების გავლენას იკვლევს.

„ნარკობარონი“ (Narcos) – მართალია, პაბლო ესკობარზე უამრავი ფილმი შეიქმნა, მაგრამ სერიალის ავტორებმა უარი თქვეს ცნობილი ნარკობარონის ბიოგრაფიული ფაქტების მოთხრობაზე, აქცენტი 1970-1980-იანი წლების კოლუმბიაზე გააკეთეს და ის სიღატაკე, ადამიანების უიმედობა ასახეს, ვინც „კოკაინის მეფის“ სისასტიკეს ემსხვერპლა.

„ხელმარჯვე ოსტატი“ (Master of None) – მსუბუქი კომედია მაყურებელს ნაკლებად წარმატებული 30 წლის მსახიობზე მოუთხრობს, რომელიც ნიუ-იორკის დაპყრობას ცდილობს. სერიალის შემქმნელები შეგნებულად არიდებენ თავს სერიოზულ თემებზე მსჯელობას და აქტუალურ პრობლემებს ყოველდღიური ცხოვრების ფონზე განიხილავენ.

„ნარინჯისფერი – სეზონის ჰიტი“ (Orange Is the New Black) – Netflix-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი, რომელიც ფაიფერ კერმანის ავტობიოგრაფიული წიგნის მიხედვით შეიქმნა, მაყურებელს ქალთა ციხეზე მოუთხრობს და თანამედროვე საზოგადოებისთვის აქტუალურ – რასიზმის და რელიგიურ თემებს განიხილავს.

„ცხენი ბოჯეკი“ (BoJack Horseman) – სახალისო მულტსერიალი ყოფილ ტელევარსკვლავზე – ცხენზე სახელად „ბიჯეკი“, რომელიც ძველი დიდების დაბრუნებას ცდილობს, პარალელურად სერიოზულ – ნარკომანიის, ალკოჰოლიზმისა და დეპრესიის თემებს ეხება.

„ბრწყინვალება“ (GLOW) – 1986 წელს, როცა არნახული პოპულარობით სარგებლობდა რესტლინგი, ქალბატონების შოუ Gorgeous Ladies of Wrestling შეიქმნა. სწორედ რესტლერ ქალბატონებს ეძღვნებათ სერიალი „ბრწყინვალება“, რომლის ავტორებმა 1980-იანი წლების ეპოქა გააცოცხლეს ეკრანზე.

„ბანქოს სახლი“ (House of Cards) – ბო უილიამსონის პოლიტიკური ტრილერი, რომელიც  მაიკლ დობსის რომანის მიხედვით შექმნილი BBC-ის ამავე სახელწოდების სერიალის ადაპტაციაა, ამერიკის პოლიტიკურ ელიტას და მათ რეალურ სახეს აცნობს მაყურებელს.

„ამერიკელი ვანდალი“ (American Vandal) – დეტექტიური სერიალების ერთგვარი პაროდია, ამერიკულ სკოლასა და ერთ-ერთ მოსწავლეზეა, რომელსაც ავტომობილების დაზიანება ბრალდება, თუმცა მეგობრებს გულწრფელად სჯერათ მისი უდანაშაულობა და დამოუკიდებელ გამოძიებასაც იწყებენ.

„ძვირფასო თეთრკანიანებო“ (Dear White People) – ოთხი შავკანიანი სტუდენტის ისტორია, რომლებიც სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან უნივერსიტეტში სწავლისას, აქტუალურ პრობლემებს განიხილავს და მაყურებელს საკუთარი თავის ძიებისკენ უბიძგებს.

„ის ხომ გრეისია“ (Alias Grace) – კანადელი მწერლის მარგარეტ ეტვუდის რომანის ეკრანიზაცია, რომლის მოქმედება მე-19 საუკუნეში ვითარდება, რეალურ მოვლენებს ეფუძნება და მაყურებელს 16 წლის ირლანდიელი ემიგრანტის, მოსამსახურე გრეის მარქსის იტორიას მოუთხრობს, რომელსაც საკუთარი დამქირავებლის მკვლელობა ბრალდება.

„წყეული სამყაროს დასასრული“ (The End of the F***ing World) – როუდ-მუვის ჟანრში გადაღებული ბრიტანული სერიალი ორი მოზარდის პრობლემებს განიხილავს, რომელთაგან ერთს ფსიქოპატი ჰგონია საკუთარი თავი, მეორემ კი, მთელი სამყარო მოიძულა. თავგადასავლების ძიებაში ახალგაზრდები მანქანას იტაცებენ, თუმცა საინტერესოდ დაწყებული მოგზაურობა, სამწუხაროდ  ტრაგიკულად სრულდება.

„ოზარკი“ (Ozark) – მორიდებული ბუჰხალტერის ისტორიას, რომელსაც მოსაწყენი ცხოვრება ბეზრდება და ნარკობიზნესში ებმება, ცნობილ სერიალს „მძიმე დანაშაული“ ადარებენ, რაც ნაწილობრივ გამართლებულიცაა, რადგან ორივე ფილმის მთავარი პერსონაჟი – პატარა ადამიანია, რომელიც დაიღალა ჩაგრულის როლში ყოფნით და ცხოვრების შეცვლა გადაწყვიტა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები