

2012 წლის საბავშვო ევროფესტივალზე საქართველოს ოთხკაციანი ჯგუფი წარადგენს, რომლის შემადგენლობაშიც ქეთი სამხარაძე, ნინი დაშნიანი, ელენე არაჩაშვილი და ლუკა ყარმაზანაშვილი არიან. ისინი კონკურსის შედეგად საზოგადოებრივი მაუწყებლის საპროდიუსერო ჯგუფმა შეარჩია რომლის წევრებიც გიგა კუხიანიძე, კობა მეგრელიშვილი და ნათია უზნაძე იყვნენ.
”ეს ოთხი ბავშვი ერთ ჯგუფად გაერთიანდება და კომპოზიტორის დახმარებით ეროვნული კონკურსისთვის რამდენიმე სიმღერას მოამზადებს. საბავშვო ევროფესტივალზე საქართველოს საკონკურსო სიმღერა კი ფინალური კონცერტის შედეგად გამოვლინდება. ეროვნული კონკურსის ფინალი სექტემბერში გაიმართება,” - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის საპროდიუსერო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა და საერთაშორისო პროექტების პროდიუსერმა ნათია უზნაძემ. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ჯგუფისთვის სახელი შერჩეული არ არის და არც იმ კომპოზიტორის ვინაობაა გარკვეული, რომელიც მათთვის სიმღერას დაწერს.
”ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო და პრესტიჟულია ევროვიზიაზე გამგზავრება. სამივე ბავშვი ძალიან ნიჭიერია და მჯერა, რომ ფესტივალზე საქართველოს ვასახელებთ და გამარჯვებულები ჩამოვალთ,” - განაცხადა ქეთი სამხარაძემ რადიო ”ფორტუნასთან” საუბრისას.
რიგით მეათე საბავშვო ევროფესტივალს ჰოლანდია მასპინძლობს. კონკურსი 2012 წლის პირველ დეკემბერს "ჰეინეკენის მიუზიკ ჰოლში" ჩატარდება.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2012 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის გამოსავლენად ეროვნული კონკურსი გამოაცხადა. განცხადებების მიღება 29 ივნისს შეწყდა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა 10-დან 15 წლამდე ნიჭიერ ბავშვებს მთელი საქართველოდან. საბოლოოდ კი კონკურსის შედეგად ის ოთხი ბავშვი გამოვლინდა, რომლებიც რიგით მეათე საბავშვო ევროფესტივალზე საქართველოს წარმოადგენენ.
ქეთი სამხარაძე -13 წლის. დაიბადა ქალაქ ბორჯომში. არის ანსამბლ "პატარა ქართველების" წევრი. 2010 წელს პროექტში "ანა-ბანა" გახდა პირველი ადგილის მფლობელი. ასევე, პირველი ადგილი მოიპოვა იტალიაში გამართული საგუნდო მუსიკის ფესტივალში. 2011 წელს კი გოგი დოლიძის ფესტივალის ლაურეატის წოდება დაიმსახურა. 2011 წელს საბავშვო ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსში მეორე ადგილზე გავიდა. ქეთი ასევე სწავლობს სტუდიაში "ენკი-ბენკი."
ნინი დაშნიანი - 11 წლის. დაიბადა ქალაქ ბრიუსელში. სწავლობს 52-ე საჯარო სკოლაში. ის მე-7 მუსიკალური სასწავლებლის წარმატებული სტიპენდიანტია. მონაწილეობდა მიუზიკლში "ოლივერი".
ლუკა ყარმაზანაშვილი - 12 წლის. ის მუსიკალურ კონკურსზე "ვარსკვლავები 2008" პირველი ადგილის მფლობელი გახდა. მონაწილეობდა პროექტში "ნიჭიერი." ანიმაციურ ფილმში "სკუპი" მთავარ გმირს ახმოვანებს.
ელენე არაჩაშვილი - 10 წლის. სწავლობს დამოუკიდებელ საერო გიმნაზიაში "შავნაბადა" და "ბზიკების სტუდიაში". უკრავს ფორტეპიანოზე.
