LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიამორებზე და ფრინველებზე დაკვირვების სერვისი თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე

145

თუშეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი დამთვალიერებელს ნიამორებზე დაკვირვების სერვისს სთავაზობს. ამასთან, ვიზიტორებს შეუძლიათ შეარჩიონ მათთვის სასურველი სალაშქრო, ველო, საცხენოსნო, კულტურული და ფრინველებზე დაკვირვების ტურები. სასურველი ტურის არჩევა ვიზიტორს თუშეთის დაცული ტერიტორიების 11 ტურისტული მარშრუტიდან შეუძლია, რომელიც სხვადასხვა სირთულისაა და 1, 2, 3, 4 და 6 დღიან ბილიკებს მოიცავს.

13 კილომეტრიანი, 4-5 საათიანი მარტივი საფეხმავლო ბილიკია კესელო-ქუე.

მისი მთავარი ღირსშესანიშნაობებია: სოფელი ზემო ომალო, კესელოს ციხე, ეთნოგრაფიული მუზეუმი, შთამბეჭდავი ლანდშაფტები, ფრინველთა მრავალფეროვნება, ნიამორების ნახვისა და მათზე დაკვირვების შესაძლებლობა.

მარშრუტი იწყება თუშეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრიდან და სოფელ ზემო ომალოს გავლით მიემართება კესელოს ციხისაკენ, სადაც ვიზიტორი დაათვალიერებს ციხესა და ეთნოგრაფიულ მუზეუმს. ქუეს მინდვრიდან (სოფელ ომალოსთან ფიჭვნარი ტყით გარშემორტყმული ტერიტორია) შესაძლებელია ნიამორებზე და მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვება. კესელოს ციხეში ფუნქციონირებს კულტურულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც შესვლა უფასოა.

მუზეუმი დამთვალიერებელს თუშეთის შესახებ საინტერესო ექსპონატებს სთავაზობს.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მოგზაურობა სასურველია დღის მეორე ნახევარში, რადგან ქუეს გადასახედიდან ნიამორების დანახვის ალბათობა უფრო მეტად მაღალია საღამოს საათებში (17:00 – 19:00 სთ). ამ დროს ნიამორები საკვებად გამოდიან ღია ადგილებში და ადვილად შეიძლება დურბინდით მათზე დაკვირვება. ნიამორების გარდა, შესაძლებელია იშვიათი მტაცებელი და ლეშიჭამია ფრინველების დანახვა. მარშრუტზე სასმელი წყალი ხელმისაწვდომია სოფელ ქვემო ომალოს სათავეზე და სოფელ ზემო ომალოში.

ვიზიტორთა ცენტრი, საიდანაც კესელო-ქუეს ბილიკი იწყება, სოფელ ქვემო ომალოში მდებარეობს. ტერიტორია შემოსაზღვრულია ფიჭვნარი ტყით. ვიზიტორთა ცენტრის აღმოსავლეთ ნაწილში მოწყობილია გადასახედი, საიდანაც მიმდებარე ტერიტორიაზე იშლება ხედი, შესაძლებელია რამდენიმე სოფლის – ქუმელაურთას, ცოკალთას, ჩიგლაურთასა და ხახაბოს დანახვა. ვიზიტორთა ცენტრი ტურისტებს სთავაზობს კაფეტერიასა და სასტუმრო ნომრებს. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია აღჭურვილობის დაქირავება (კარვები, დურბინდი, სამთო ველოსიპედი) და ტერიტორიაზე მოწყობილი საკარვე ადგილით სარგებლობა.

ადგილზე შეგიძლიათ იქირაოთ სხვადასხვა სხვადასხვა აღჭურვილობა შემდეგ ფასად: კარავი – 10 ლარი; ზურგჩანთა – 5 ლარი; საძილე ტომარა – 5 ლარი; ჭოგრიტი – 10 ლარი; საკონფერენციო დარბაზი (24 ადამიანზე) – 1 სთ – 20 ლარი, 1 დღე – 100 ლარი; საპიკნიკე ადგილი – 1 მაგიდა – 15 ლარი, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – 10 ლარი; საკარვე ადგილი – 1 ადამიანი – 5 ლარი; ცხენი – 1დღე – 40 ლარი, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – 30 ლარი; ველოსიპედი -1 სთ – 10 ლარი, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – 5 ლარი, 1 დღე – 40 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – 20 ლარი.

ტურისტული სეზონი გრძელდება ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით. ნიამორებზე დაკვირვება შესაძლებელია მთელი სეზონის განმავლობაში.

აღსანიშნავია, რომ სოფ. ქვემო ალვანიდან ომალომდე გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანით.

რაც შეეხება განთავსებას, ჰოსტელი ვიზიტორთა ცენტრთან, სოფ. ქვემო ომალოში მდებარეობს. ფასები შემდეგია: 1 ადამიანი – 10 ლარი; მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – 7 ლარი;

ასევე შესაძლებელია ღამისთევა ალაზნისთავის ტურისტულ თავშესაფარში: 1 ადამიანი – 10 ლარი; მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – 7 ლარი;

შვიდადგილიანი სასტუმრო მდებარეობს ვიზიტორთა ცენტრთანაც.

თუშეთის დაცული ტერიტორიები კახეთის რეგიონში, ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალს, თუშეთის ეროვნულ პარკსა და თუშეთის დაცულ ლანდშაფტს აერთიანებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები