LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში ჩამოვიდა

95

სომხეთის ახალი პრემიერი საქართველოში პირველი ვიზიტით იმყოფება. ნიკოლ ფაშინიანი თბილისში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა. სომხეთის დელეგაციას აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა.

აეროპორტიდან ნიკოლ ფაშინიანი მთავრობის ადმინისტრაციაში გაემგზავრება, სადაც საქართველოს პრემიერმინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან გამართავს პირისპირ შეხვედრას. მოგვიანებით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრებს შორის გაფართოებული შეხვედრა შედგება.

12:30 საათზე, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

ნიკოლ ფაშინიანს შეხვედრები დაგეგმილი აქვს ასევე, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.

დღესვე სომხეთისა და საქართველოს პირველი დიპლომატების აუდიენცია საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება.

დღის ბოლოს სომხეთის პრემიერი თბილისის საკრებულოში სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრება.

ღონისძიების შემდგომ, ნიკოლ ფაშინიანს თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ვახშამზე საქრთველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უმასპინძლებს.

ორდღიანი ვიზიტის ბოლოს, ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან ერთად სამცხე-ჯავახეთში გაემგზავრება და ახალქალაქში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდება.

სომხეთის პრემიერმინისტრი საქართველოდან სომხეთში ავტომანქანით დაბრუნდება.