LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ გაგუა: საპენსიო რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში დანაზოგების ზრდისთვის

95

საპენსიო რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში დანაზოგებისა და ინვესტიციების ზრდისათვის და კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტ არჩილ მესტვირიშვილთან და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძესთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„საპენსიო რეფორმა უმნიშვნელოვანესია საქართველოს ისტორიაში. ჩვენ, ექსპერტებთან ერთად, შევიმუშავეთ ისეთი მოდელი, რომელიც გამართლებულია ჩვენი დღევანდელი რეალობისათვის“, – განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

მისი თქმით, საპენსიო რეფორმის განხორციელება ერთდროულად დაიწყება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. მასში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი იქნება მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ისინი ნებაყოფლობით გაწევრიანდებიან სისტემაში, მათი ასაკის მიუხედავად.

საპენსიო რეფორმა გავრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც არიან დასაქმებულები ან თვითდასაქმებულები და იღებენ შემოსავალს დასაქმებიდან ან თვითდასაქმებიდან.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, „დაგროვებითი პენსიების შესახებ“ კანონის პროექტი განსაზღვრული შენატანის საპენსიო სქემის შექმნას გულისხმობს, კერძოდ: თითოეული დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო კანონით სქემის მონაწილე ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განახორციელებს შენატანს – თითოეული დასაქმებულის ხელფასის დაუბეგრავი მოცულობის 2%-ის ოდენობით. რაც შეეხება თვითდასაქმებულ პირებს – ისინი განახორციელებენ შენატანს თავისი შემოსავლის 4%-ის ოდენობით, სახელმწიფო კი, როგორც დასაქმებულების, ასევე თვითდასაქმებულების სასარგებლოდ მათ დამატებით გადაურიცხავს დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს.

ამასთან, მოხდება დაგროვილი თანხის ინვესტირება, რის შედეგადაც მას საინვესტიციო შემოსავალიც დაერიცხება. შესაბამისად, სისტემაში ჩართულ მოქალაქეს საპენსიო ასაკისთვის უკვე ექნება გარკვეული დანაზოგი, რომელიც სახელმწიფო პენსიასთან ერთად გააუმჯობესებს მისი სოციალური უზრუნველყოფის დონეს საპენსიო ასაკში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები