LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ კინტრაია: „ექიმი ციხეში არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიდიოდეს, ეს არის დიდი შეცდომა…“

1300

გინეკოლოგი ნიკოლოზ კინტრაია ქუთაისის №2 სამშობიაროს მთავარი ექიმის, ირაკლი მერკვილაძის დაპატიმრების ფაქტს ეხმაურება და ვრცელ პოსტში აღნიშნავს, რომ ექიმების დაჭერა არ შეიძლება.

ნიკოლოზ კინტრაიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ჩემს მოვალეობად მიმაჩნია, გამოვეხმაურო ექიმ ირაკლი მერკვილაძის დაკავების ფაქტს და კიდევ ერთხელ ხმამაღლა განვაცხადო ის რაც არაერთხელ მითქვამს ტელევიზიიდანაც რომ, სრულიად მიუღებელია ექიმის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა, თუ საქმე არ ეხება გულგრილობას. არავითარ შემთხვევაში ექიმი ციხეში არ უნდა მიდიოდეს. ეს არის დიდი შეცდომა და აი, რატომ. როდესაც სამედიცინო შემთხვევა პაციენტის სიკვდილით მთავრდება, დამნაშავე კი არ უნდა ვეძებოთ და პროკურატურა კი არ უნდა ადგენდეს ვინმეს ბრალეულობას, არამედ სამედიცინო საზოგადოება უნდა არჩევდეს ამ შემთხვევას და ეძებდეს მიზეზს, რატომ ვერ მოხერხდა პაციენტის გადარჩენა, რა არ გაკეთდა ან ვერ გაკეთდა სწორად, რომ შემდგომში ყველამ გაითვალისწინოს ეს გამოცდილება მსგავსი პაციენტის მართვისას და იმავე მიზეზით, თუ ეს შესაძლებელია, პაციენტი აღარ მოკვდეს.

რომელი ექიმი არ არის დაინტერესებული თავისი პაციენტის გამოჯანმრთელებით, რომელ ექიმს არ უნდა, მისი პაციენტი კარგად იყოს? ან რომელი ექიმი არ აკეთებს ყველაფერს იმისათვის რომ, მისი პაციენტი გადარჩეს?

პაციენტი, სამწუხაროდ, ამერიკაშიც კვდება და შვეიცარიაშიც, ნებისმიერი სამედიცინო შემთხვევა შეიძლება გართულდეს, ამის სტატისტიკა არსებობს და ციფრებს ვერსად ვერ გავექცევით. 24 წელია, ექიმად ვმუშაობ და დამერწმუნეთ, რომ არ არსებობს დედამიწაზე პრაქტიკოსი ექიმი ვის პაციენტსაც გართულება არასოდეს არ ქონია. თუ ექიმი ამბობს, ჩემს პაციენტებს არასდროს არაფერი ურთულდებათო, ის ან ცრუობს ან ძალიან ცოტა პაციენტი ჰყავს.

ასე რომ, ჩემო კეთილებო, დღეს თუ ირაკლი მერკვილაძე დაიჭირეს სამედიცინო შემთხვევის გამო ხვალ არცერთი ჩვენგანი დაზღვეული არ იქნება სატუსაღოში მოხვედრისგან და რისთვის? იმისთვის, რომ თავდაუზოგავად ყველაფერი იღონე პაციენტის გადასარჩენად? ასე თუ გაგრძელდა, ექიმები თავს აარიდებენ რთული პაციენტების მართვას და სიკვდილიანობა მერე ნახეთ თქვენ.

თქვენი მონა-მორჩილი

თსსუ პროფესორი ნ.კინტრაია

საქართველოს მეან/გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციის პრეზოდენტი,

საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი“.

 

 

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის №2 სამშობიაროს მთავარ ექიმი, ირაკლი მერკვილაძე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ადამიანისთვის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით ჩადენილ ქმედებაში დამნაშავედ ცნო და სასჯელის ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ის სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.

დაზარალებული ალა მატინოვა აცხადებს, რომ ხუთი წელი ელოდა ამ დღეს. მისი 22 წლის შვილი მშობიარობის შემდგომ გარდაიცვალა, გარდაცვლილის დედა ექიმს უყურადღებობაში ადანაშაულებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები