LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ რაჭველი “იავნანას” დასაცავად

225

ნიკოლოზ რაჭველი აქვეყნებს ვრცელ სტატუსს, სადაც საუბრობს საკუთარ დამოკიდებულებაზე ფონდ “იავნანას” მიმართ. შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში გავრცელდა საგამომძიებლო ფილმი, სადაც საქველმოქმედო ფონდში დარღვევებზეა საუბარი.

ნიკოლოზ რაჭველი ამასთან დაკავშირებით წერს:

რა შეიძლება იყოს უფრო უკადრებელი და უღმრთო ვიდრე იმ მრავალშვილიანი ოჯახების ბედითა და ადამიანური სისუსტეებით სპეკულირება, რომლებიც ფონდმა „იავნანამ“ პირდაპირი გაგებით გადაარჩინა. აქციების მონაწილე ასეულობით არტისტი და მათ შორის მეც ამ ოჯახებს პირადად ვხვდებოდით და ეკრანზეც ჩვენი თვალით ვხედავდით იმ სახლებს მათ რომ გადაეცემოდათ. (როგორი უსიამოვნო სანახავი იყო როდესაც ერთიდაიგივე ქალბატონი 2013 წელს მადლიერებას გამოხატავდა, ხოლო ახლა ყვება თუ როგორი უკმაყოფილოა „იავნანას“ მიერ შეძენილი სახლით). მაგრამ დიდი დრო არ გასულა, როცა ყველაფერი ნათელი გახდა. თურმე ზოგიერთ მათგანს პაატა ბურჭულაძის სახელით დაუკავშირდნენ და თხოვეს ახლანდელ მათ პრობლემებზე კამერის წინ საუბარი იმ მოტივით, რომ მათ კვლავ დახმარებოდნენ, საბოლოო ჯამში ასე მოტყუებით ალაპარაკეს, რათა ჩვენს საზოგადოებას შექმნოდა სრულიად განსხვავებული სურათი. ხოლო როდესაც ამ ოჯახებმა ნახეს “ჟურნალისტური გამოძიების” ე.წ. ფილმი და გააცნობიერეს. თუ როგორ მოატყუეს და უნებურად რა კამპანიაში ჩააბეს, მაშინვე დაიძრნენ „იავნანას“ ოფისში გულწრფელი ბოდიშის მოსახდელად და სიმართლის მოსათხრობათ…
მაგრამ ჩემი მთავარი კითხვა სხვაა: ვის ინტერესშია ყოველივე ეს? თუკი ფონდის ფინანსური მხარე აინტერესებთ, ამის გასარკვევად უამრავი ცივილური და სამართლებრივი გზა არსებობს, მაგრამ აქ აშკარად სხვა მოტივს ვხედავ: პაატა ბურჭულაძის სახელის განადგურება და ამ მიზნის მისაღწევად მართლაც ამორალური მოქმედებების განხორციელება!

თითოეულ პროექტში პაატა ბურჭულაძის სიყვარულით და ნდობით ათეულობით დიდი ვარსკვლავი სტუმრობდა თბილისს, ისევე როგორც ჩვენ, ორკესტრები, ანსამბლები, ჯგუფები და ერთად ვაკეთებდით სასიკეთო საქმეს. დიახ, კონცერტებსა და საქველმოქმედო მარათონებსაც ჭირდება ფული, არც ისე მცირედი, მაგრამ მე ხომ მახსოვს რომ ამ ფულს პაატა ბურჭულაძეს პირველ რიგში, მისი შეძლებული მეგობრები (ბიზნესმენები, მომღერლები) ზოგი თავისი ნებით და ზოგიც ნამუსზე აგდებით ან მათი კომპანიის სახელის სასიკეთო საქმეში გაჟღერების მიზნით აძლევდნენ სწორედ ღონისძიებების მოსაწყობად, რათა შემდეგ ჩვენ, რიგით მოქალაქეებს ჩვენი წვლილი შეგვეტანა მრავალშვილიან ოჯახებისთვის ბინების შეძენის, შეჭირვებული სტუდენტების სწავლის დაფინანსების თუ სხვა უამრავ სასიკეთო საქმის განხორციელებაში. ნუთუ ვინმეს დააჯერეს, რომ მსოფლიო საოპერო და საკონცერტო სცენების სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულ ვარსკვლავს ისე უჭირდა, რომ სუპერმარკეტების შესასვლელში მდგარ ყულაბებში ჩვენს მიერ ჩაყრილ ხურდა ფულს (თუნდაც სოლიდური ჯამით) საკუთარ თავს ახმარდა…

როგორც ავღნიშნე, ჩვენი შემოქმედებითი გუნდი, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ჩემი მომღერალი თუ ინსტრუმენტალისტი მეგობრები, 13 წლის მანძილზე, გვერდით ვედექით და ვახორციელებდით „იავნანას“ პროექტებს, რაც მაღალი ხელოვნების პოპულარიზაციის გარდა, ხშირ შემთხვევაში ქვეყნისთვის პოლიტიკურ მნიშვნელობასაც ატარებდა. როგორ დავივიწყო თუნდაც აგვისტოს ომის შემდეგ სპორტის სასახლეში ათასობით ანთებული სანთლის ფონზე შესრულეული ვერდის „რექვიემი“ და ჩამოსული ვარსკვლავების უპრეცენდენტო მხარდაჭერა! ბარსელონას ლიცეუში მონსერატ კაბალიეს პატრონაჟით გამართული აქცია-კონცერტი, ესპანეთის სახელოვანი საზოგადო მოღვაწეების მიერ (მათშორის პლაჩიდო დომინგოს) საქართველოს და ფონდის მხარდაჭერა, პარიზის სალ-ფლეიელში 200-ზე მეტი ქართველი მუსიკოსის გალა-კონცერტი, „იავნანას“ ბენეფიციარებისთვის თანხების მოსაზიდად გამართული აქციები ათენში, მადრიდში, ლონდონში, თელ-ავივში! ამ ყველაფერს აკეთებდა პაატა ბურჭულაძის სახელი! და მასთან ერთად არმია უანგარო ადამიანებისა. ახლა კი გვეუბნებიან, რომ თურმე ეს ყველაფერი „კარგად მორთულ-მოკაზმული ტაშ-ფანდური“ ყოფილა. ჩემთვის ეს შეურაცხყოფაა, ჩემთვის და ყველა მათგანისთვის, ვინც ფონდის მხარდასაჭერად სცენაზე გამოვდიოდით. ისიც ითქვა, რომ სწორი და პატიოსანი საქციელი იქნებოდა ფონდს ღონისძიებები არ გაემართა და შემოსული თანხა პირდაპირ სოციალურ დახმარებებად გაეცაო, მაგრამ თუკი არანაირი აქტივი არ იქნებოდა, თუ კი არანაირი ტელემარათონი არ იქნებოდა, თუკი ემოციური ვიდეო კადრებით სავსე სატელევიზიო ეთერები არ იქნებოდა თანხას ვინ და რატომ გაიღებდა მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, სტუდენტებისთვის, მოხუცთა თავშესაფრებისთვის?.. პაატას შეძლებულ და დამფინანსებელ მეგობრებს ხომ თავადაც შეუძლიათ პირადად განახორციელონ ქველმოქმედება „იავნანას“ გარეშეც, მაგრამ ეს არის მსოფლიოში დამკვიდრებული უალტერნატივო ფორმატი, რომელიც შედეგად გვიტოვებს მაღალი დონის კულტურულ პროექტს და გაწეულ ქველმოქმედებას (თუნდაც ამერიკაში მსოფლიო ვარსკვლავების მიერ ჰაიტისთვის ჩატარებული კონცერტ-აქცია შეიძლება მოვიყვანოთ შესადარებელ მაგალითად, რა ის გრანდიოზული შოუ უსახსროდ გაკეთდა? დახმარებოდნენ პირდაპირ, მაშინ რა საჭირო იყო ტელემარათონი და გრანდიოზული კონცერტი?)!

აქვე მინდა ერთი რამ განვმარტო: სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურები, როგორც წესი, სასპონსორო თანხებს რიცხავენ მიზნობრივად, კონკრეტული პროექტის, კონცერტის, მარათონის ჩასატარებლად დარბაზის დაქირავებისთვის, ტექნიკური აღჭურვისთვის, სოლისტების მგზავრობისთვის, დეკორაციისთვის, გადამღები ჯგუფისთვის და სხვა, რაც შემდეგ დამფინანსებელს კონკრეტული ხელშეკრულებებითა და მიღება-ჩაბარების აქტებით ბარდებოდა. ეს ყველამ ვიცით, ვისაც ოდესმე რაიმე ღონისძიება გაგვიმართავს ან საქველმოქმედო პროექტთან გვქონია შეხება. სხვა რომ არაფერი ითქვას, 13 წლის მანძილზე ღონისძიებებში დახარჯული დაახლ. 3 მილიონი ლარი, რომელზეც „იავნანას“ წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ავტორები აპელირებენ, სინამდვილეში 4-5 საერთაშორისო არტისტის ჰონორარს თუ გაწვდებოდა (კარგად მახსოვს მარტო გასულ წელს რამდენი მილიონი დახარჯა ჩვენმა ბიუჯეტმა „აეროსმიტის“, „ვანესა მეის“ თუ რობი უილიამსის კონცერტებში!). მაშინ მიჩნდება კითხვა: მონსერატ კაბალიეს, ფერუჩო ფურლანეტოს, დიმიტრი ხვოროსტოვსკის, რამონ ვარგასის, დოლორა ზაჯიკის, დიანა ვიშნევას, იური ტემირკანოვისა და მისი მსოფლიო რანგის სიმფონიური ორკესტრის, მორის ბეჟარის ლეგენდარული საბალეტო დასის, მარჩელო ალვარესის, მარკო ბერტის, მიშელ კრაიდერის, ჯუზეპე ჯაკომინის, რენატო ბრუზონის და სხვა ვარსკვლევების ჩამოყვანა, ვინც წლების მანძილზე „იავნანას“ სტუმრობდა ჩვენს სახელმწოფოს რა დაუჯდებოდა?

არ მჩვევია გრძელი სტატუსების წერა, ახლაც მგონია, რომ თავი მოგაწყინეთ ჩემო ფეისბუქის მეგობრებო, მაგრამ ძალიან მწყდება გული, რომ რამდენიმე უსახური ადამიანი ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, საზოგადოების, ვინც ერთი შეხედვით ნაკლებად ერკვევა შემოქმედებით თუ საქველმოქმედო საქმიანობის დეტალებში, იურიდიულ კანონებსა და საქველმოქმედო ორგანიზაციის წესებში. ძალიან ადვილია ერთი დიდი ტყუილი გარს მოახვიო ხალხს დადგმული კადრებით, დემაგოგიური წინადადებებით და კარგად დაგეგმილი PR კამპანიით, მაგრამ მთელი გულით და გონებით მჯერა, რომ ყოველივე ამას (იმედით ვუყურებ საგამოძიებო ორგანოებს და მათ ობიექტურ მუშაობას!) მოჰყვება სინანულის გრძნობა ყველა ჩვენგანში, ვინც დღეების, საათების თუ წუთების განმავლობაში მაინც ჩათვალა, რომ პაატა ბურჭულაძე იმსახურებს იმას, რაც ახლა “იავნანას” გარშემო ხდება.
აქვე მინდა გავაზიარო ვიდეო კადრები Youtube-დან, დამაფიქრებელია ჩემთვისაც და იმედია ყველასთვის, ვინც თვალს ადევნებთ ფონდის გარშემო მიმდინარე ყოვლად უსიამოვნო და ცილისმწამებლურ პროცესებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები