LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ რაჭველს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩის წოდება მიენიჭა

40

დღეს საგანგებო ღონისძიებაზე ნიკოლოზ რაჭველს, კომპოზიტორს, დირიჟორსა და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელს, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) ელჩის წოდება მიენიჭა. მის საქმიანობაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ადვოკატირებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიზნით.

“მოხარულები ვართ, რომ ნიკოლოზ რაჭველი შემოუერთდა იუნისეფის გუნდს, მის მხარდამჭერებსა და ელჩებს,“ აღნიშნავს ლაილა ომარ გადი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში. „ნიკოლოზ რაჭველი აქტიურად თანამშრომლობს გაეროს ბავშვთა ფონდთან ბოლო წლების განმავლობაში ბავშვთა უფლებების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვეხმარება კიდევ უფრო ფართო ფენებს მიწვდეს ჩვენი გზავნილი, რომ ყველა ბავშვი უნდა სარგებლობდეს თანაბარი უფლებებით და იყენებდეს საკუთარ პოტენციალს სტიგმისა და ძალადობისაგან თავისუფალ გარემოში. იმედი გვაქვს, ნიკოლოზ რაჭველის ძალისხმევა კვლავ დაგვეხმარება ადვოკატირებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში, რომ საქართველოში დაცული იყოს ბავშვების უფლებები.“

“ჩემთვის ეს პატივია და უდიდესი პასუხისმგებლობა,“ ამბობს ნიკოლოზ რაჭველი, იუნისეფის ელჩი საქართველოში. “ყველაფერს გავაკეთებ საქართველოში ყველაზე დაუცველი ბავშვების უფლებების ადვოკატირებისთვის.“

ელჩის ამპლუაში ნიკოლოზ რაჭველი დაეხმარება იუნისეფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთა უფლებების დაცვასა და იმ ნეგატიური სოციალური ნორმების შეცვლაში, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვთა მიმართ ძალადობას.

ნიკოლოზ რაჭველი 2014 წლიდან ხელოვანთა კავშირთან „კონცეპტ-არტ“-თან და პროდუსერ თეონა ჯორბენაძესთან ერთად ეხმარება გაეროს ბავშვთა ფონდს, კონცერტებისა და საჯარო გამოსვლების საშუალებით ცდილობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მხარდაჭერას და საზოგადოების ინფორმირებას ბავშვთა უფლებების შესახებ. წელს ნიკოლოზმა „კონცეპტარტთან“ ერთობლივად, საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და სხვა ცნობილ ხელოვანებთან ერთად, როგორებიც არიან ნინო მაჩაიძე, ლიზა ბათიაშვილი და დავით ალდაშვილი, აქტიური მონაწილეობა მიიღო იუნისეფის საკომუნიკაციო კამპანიაში „დაინახე ყველა ფერი“, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მიმართ არსებული სტიგმის აღმოფხვრა.

ნიკოლოზ რაჭველი არის კომპოზიტორი და დირიჟორი, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. მისი ნაწარმოებები სრულდება მსოფლიოს ცნობილ საკონცერტო დარბაზებში. რაჭველი არის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის პირველი არჩეული სამხატვრო ხელმძღვანელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები