LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ანანიაშვილი მეუღლეზე: „ჩვენი ისტორია ინდურ ფილმს ჰგავს…“

89

ნანუკა ჟორჟოლიანი გრიგოლ ვაშაძესა და ნინო ანანიაშვილს შინ ესტუმრა, სადაც მათი ქალიშვილი, ელენეც გაიცნო.

წყვილთან ინტერვიუსას ტელეწამყვანი დაინტერესდა, მართალია თუ არა ის ამბავი, რომ გრიგოლი ბალერინა მეუღლეს სხვადასხვა ქვეყანაში, სპექტაკლებზე აუცილებლად უგზავნის ყვავილებს.

ნინო ანანიაშვილი:

30 წელი გვისრულდება, რაც ერთად ვართ. ეს ისეთი იშვიათია, რომ ალბათ, ძალიან ორიგინალურია (იცინის). არ არსებობს სცენა, სადაც მე მიცეკვია და გია არ დასწრებოდა. 16 სპექტაკლი რომ მქონოდა ზედიზედ, 16-ვეს დაესწრებოდა. მე თვითონ მიკვირდა, რომ არ ბეზრდებოდა.

როგორც ცნობილმა ბალერინამ აღნიშნა, მათი სიყვარულის ამბავი ინდურ ფილმს ჰგავს.

გრიგოლ ვაშაძე:

არ ვიცნობდი, მიხაკების კალათი გავუგზავნე, რომელიც სხვადასხვა ფერად ლივლივებდა. იქ სავიზიტო ბარათი ჩავდე. უთხრეს, ისეთი ყვავილები გამოგიგზავნეს, რომ სანახავიაო. კალათა შინ მიიტანა. ძალიან ჭკვიანი ბებია ჰყავდა, მან უთხრა, დაურეკე და მადლობა უთხარი, თან, ქართული გვარი აქვსო. დამირეკა. მდივანმა მითხრა, ძალიან სასიამოვნო გოგონა გირეკავთო. ნინოს ვკითხე, ქართული თუ იცი-მეთქი, შემდეგი კითხვა იყო – დღეს საღამოს რას აკეთებ-მეთქი (იცინის). თავხედობისგან სუნთქვა შეეკრა და მიპასუხა, მე და ბებია მოხარული ვიქნებით, რომ გნახოთ.

გრიგოლ ვაშაძემ ასევე გაიხსენა, როგორ სთხოვა ხელი ცნობილ ბალერინას…

„როცა ადამიანი გიყვარს, მით უმეტეს, ასეთი ადამიანი, ერთი რამ უნდა გახსოვდეს – თუ ცოლი წინდების გასარეცხად და სამზარეულოს დასალაგებლად გინდა, ამისთვის პროფესიონალი უნდა დაიქირავო, თუ ცხოვრების მეგობარს ეძებ, რომელიც შვიდი წლიდან პროფესიაზეა გადამკვდარი, ეს პროფესია არ უნდა წაართვა და მიეხმარო. სიყვარული ისაა, რომ მიეხმარო მას, ვინც შენ გვერდითაა. ვერ ვიტან კამერასთან ამ ლაპარაკს, მაგრამ ჩვენი 30-წლიანი ცხოვრება რომ აიღო, ერთი დიდი დღესასწაულია, არ მოგვბეზრებია, ერთად რომ ვართ, არავინ გვჭირდება დედამიწის ზურგზე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები