LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ბურჯანაძე ოკუპირებულ რეგიონებში ჩასვლას გეგმავს

62

ვლადიმირ პუტინის ვიზიტის შემდეგ, ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესაძლოა, ნინო ბურჯანაძე ჩავიდეს. ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩასვლის სურვილი თავად  გამოთქვა. მოტივი საქართველოს მთლიანობა , სტაბილურობა და უკეთესი მომავალია. ის არც დე ფაქტო რეჟიმების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამორიცხავს. აუდიენციის გამართვის გეგმა ჯერ იდეის დონეზეა, დაუზუსტებელია თარიღიც.

”ეს არის ჩემი სურვილი, რომელიც არაერთხელ გამოვთქვი. დიახ, ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი აფხაზ და ოს ხალხთან შეხვედრა, საუბარია და იმ ხიდის აღდგენაა, რომელიც ჩატეხილია. ვის რა გაუკვირდა, რამ გამოიწვია აღშფოთება? ეს ხელისუფლება დუმილის გარდა არაფერს აკეთებს. ამ ინფორმაციის ასე აჟიტირება, ვფიქრობ, რომ ნაადრევია, რადგან უახლოეს მომავალში, არც ერთ თვეში და არც 2 თვეში ჩასვლას არ ვგეგმავ”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი განმარტავს, რომ პრინციპული  მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ ვინ იქნება მისი მიმართვის ადრესატი ან ნებართვის გამცემი ოკუპირებულ რეგიონში ჩასვლის შემთხვევაში. ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ მისი პრიორიტეტი, ახლაც და წარსულშიც, აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ურთიერთობის დალაგებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები