LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ჯანგირაშვილი მოძალადეებისთვის ეთერის დათმობას აპროტესტებს

163

ტელეჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი აქვეყნებს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, უნდა გაშუქდეს თუ არა ადამიანების აგრესიული ქმედებები ფართოდ მედიაში და ასაბუთებს, რატომ არ უნდა დაეთმოს დრო ამგვარ თემებს.

ნინო ჯანგირაშვილი წერს:

„ტერორისტს, ფაშისტს, სერიულ მკვლელს, ყველას აქვს თავისი მოტივები და არგუმენტები. წარმოიდგინეთ გადაცემა ტერორისტული აქტის შესახებ, სადაც “ბალანსის მიზნით“ მოწვეულია ტერორისტების წარმომადგენელი, რომელიც გვიხსნის, რომ დიახაც, კონკრეტული პრობლემის მოგვარება და სამართლიანობის აღდგენა სისხლიანი ტერორისტული აქტის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა და საერთოდაც უკეთესი იქნებოდა, თუ იმ კონკრეტულ ტერაქტში არა ასი, არამედ ათასი ადამიანი მოკვდებოდა. წამყვანი შეიცხადებს – რას ბრძანებთ, როგორ გეკადრებათ… უსვამს “ჩამჭრელ კითხვებს“, ალაპარაკებს ათი, თხუთმეტი, ოცი წუთი, როგორც დებატების სრულუფლებიან მონაწილეს. აძლევს უფლებას, დაემუქროს ყველას, ვინც გაბედავს და ტერორისტების შესახებ ცუდ რამეს იტყვის. “ობიექტურობის დაცვის მიზნით“ მეორე მხარესაც აძლევს სიტყვას და მთელი გადაცემა მიდის დიდი მსჯელობა რა ჯობდა კონკრეტული საკითხის მოსაგვარებლად: ტერორისტული აქტი თუ რამე სხვა გზა, ან გვაქვს თუ არა უფლება, ტერორისტები აუგად მოვიხსენიოთ.

სინამდვილეში ასეთი გადაცემის არსებობა წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ცივლიზებული სამყარო დიდი ხანია შეთანხმდა: ტერორისტების არგუმენტები განხილვას არ ექვემდებარება. ადამიანის სიცოცხლე უმაღლესი ფასეულობაა და ვინც მას ხელყოფს, საკუთარ თავს დისკუსიის მიღმა აყენებს. ცივილიზებული სამყარო ასევე შეთანხმდა, რომ ყველა ადამიანს, მიუხედავად მისი რასისა, კანის ფერისა, მრწამსისა, სექსუალური ორიენტაციისა აქვს თანაბარი უფლებები. თანაბარ უფლებებში მხოლოდ სუნთქვის უფლება არ იგულისხმება. იგულისხმება თავისუფლად ცხოვრების, თვითრეალიზაციის, მუშაობის, სიყვარულის, წარმატების, ბედნიერების უფლება. დღეს ჩვენ ეთერში გამოგვყავს ადამიანები, რომლებიც გვიმტკიცებენ რომ ადამიანების რაღაც ნაწილს მხოლოდ “ხო არ ვკლავთ, ეგდოს თავისთვის და ვინ რას ერჩის“ უფლება აქვს. საათობით ვალაპარაკებთ ვიღაც ტიპებს, ვინც ლანძღავს და ემუქრება ადამიანებს იმის გამო, რომ ისინი გმობენ დისკრიმინაციას და ამ პოზიციას ღიად გამოხატავენ. და ამას ვარქმევთ ბალანსს, ობიექტურობას თუ რაღაც ჯანდაბას. “რა ვქნათ, რეიტინგი სხვანაირად არ მოდის“, “რასაც საზოგადოება ითხოვს იმას ვაკეთებთ“, “მაგათაც ხო აქვთ გამოხატვის თავისუფლება“ “ცალმხრივად ხო არ გავაკეთებ გადაცემას“ და მსგავსი არგუმენტები დიდი სიბრიყვეა. მათზე, ვისაც თავის მთავარ საქმიანობად სხვა ადამიანების დევნა–ტერორი აქვს არჩეული, შეიძლება ვისაუბროთ, თუმცა მხოლოდ როგორც პრობლემაზე, და მათ გარეშე, რადგან მათ პოზიციას არანაირი ადამიანური და სამართლებრივი ლეგიტიმაცია არ გააჩნია.

არ იფიქროთ, რომ კოლეგებს ვსაყვედურობ. პირველ პირში ვწერ, რადგან მეც ამ სიბრიყვის ინდუსტრიის ნაწილი ვარ. უბრალოდ მინდა წინ წავიდეთ, რაღაც ძირითად ფასეულობებზე შევთანხმდეთ და მხოლოდ ეთერში ზრდილობიანი შეცხადებით არ შემოვიფარგლოთ“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები