LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ოთხოზორია: გამოდის, რომ სახელმწიფომ ვერაფერი მოახერხა

176

დღეს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის, 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 2 წელი გავიდა. ქართულმა მხარემ მკვლელობისთვის მსჯავრდებული რაშიდ კანჯი-ოღლის გადაცემა კვლავ უშედეგოდ მოითხოვა ოკუპირებულ გალში, 18 მაისს გამართულ, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრაზე. მეორე წელია თბილისის დელეგაცია კანჯი-ოღლის გადაცემას მოითხოვს როგორც გალის შეხვედრებზე, ისე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დროს.

გიგა  ოთხოზორიას  ცოლი,  ნინო ოთხოზორია “ლაივპრესსთან” ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში, სახელმწიფომ გიგას საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. მისივე ცნობით, ხელისუფლების მხრიდან ჯერ არავინ შეხმიანებია გიგას გარდაცვალებიდან ორი წლისთავთან დაკავშირებით.

„ყველა შეხვედრაზე საკითხებად ისმევა, რომ საქმე ბოლომდე იყოს გამოძიებული და მკვლელი გადმოცემული. მესმის, რომ არსებობს ამის მიზეზები, თუმცა ორი წელი დამთავრდა და არც მკვლელია გადმოყვანილი აქეთ და არც იქ არის დასჯილი. საქმე ბოლომდე არ არის მიყვანილი და გამოდის, რომ სახელმწიფომ ვერაფერი ვერ მოახერხა. ჩვენს მდგომარეობას ვერც მისი დაჭერა შეამსუბუქებს და ვერც გიგას გააცოცხლებს, მაგრამ მინდა სამართლიანობის განცდა არსებობდეს, სხვებისთვისაც იყოს ნათელი, რომ მსგავსი ქმედებები დასჯადია“- აცხადებს ნინო ოთხოზორია

2016 წლის 19 მაისს, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გამშვებ პუნქტთან ურთიერთშელაპარაკებისას, გიგა ოთხოზორიას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა აფხაზმა „მესაზღვრემ“ რაშიდ კანჯი-ოღლიმ, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიმალა. დე ფაქტო რესპუბლიკის სამხედრო პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების საფუძველზე, ადგილობრივმა სასამართლომ კანჯი-ოღლის შინაპატიმრობა შეუფარდა. თუმცა, 2017 წლის მაისში, საქართველოს ხელისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ მტკიცებულებების არარსებობის საბაბით შეწყვიტა გიგა ოთხოზორიას საქმის გამოძიება და რაშიდ კანჯი-ოღლის სისხლისსამართლებრივი დევნა.

2017 წლის მარტში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კანჯი-ოღლი დამნაშავედ ცნო გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-ტარებაში და დაუსწრებლად მიუსაჯა 14 წლით პატიმრობა. საქართველოს ხელისუფლების მიერ კანჯი-ოღლი იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები