LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო სურგულაძემ გია ყანჩელის მისთვის შექმნილი მინიატურები იტალიაში შეასრულა

215

გარკვეული პერიოდის წინ ცნობილმა კომპოზიტორმა გია ყანჩელმა შექმნა ახალი მინიატურები, რომლებიც მეცოსოპრანო ნინო სურგულაძეს მიუძღვნა. 9 ნაწარმოები ნინომ თბილისში გამართულ კონცერტზე შეასრულა. ახლახან ამ ნაწარმოებებს კიდევ სამი დაემატა და მეცოსოპრანომ ის საქართველო0-იტალიის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავზე რომში, ერთ-ერთ სახელგანთქმულ თეატრში შეასულა.

ნინო სურგულაძემ კონცერტის დეტალების შესახებ ინფორმაცია სიამოვნებით გაგვიზიარა.

ნინო:

5 დეკემბერს მქონდა კონცერტი „საპიენცას აულა მანიაში“, ეს არის თეატრი, რომელიც 900 კაცს იტევს. ცნობილი იტალიელი პიანისტი და მაესტრო ალესანდრო სტელლა მიწევდა აკომპანირებას ფორტეპიანოზე. შედგა გია ყანჩელის 12 მინიატურის მსოფლიო პრემიერა. ბატონმა გიამ ეს ნაწარმოებები მომიძღვნა, თუმცა სულ 9 გახლდათ, რომში დაგეგმილი კონცერტისთვის მათ დაემატა კიდევ სამი ნაწარმოები, მათ შორის „იარე წინ“ და „ალილუია“. გერმანიაში უკვე ამ ნაწარმოებების ნოტები გამოვიდა, იგეგმება დისკის გამოცემაც…

კონცერტი საქართველო-იტალიის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს მიეძღვნა. კონცერტამდე ერთი დღით ადრე შედგა მიღება, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის ელჩები და კონსულები ესწრებოდნენ. იქ იყო ასევე ქეთევან ბაგრატიონიც.

სამწუხაროდ, თავად ბატონი გია ყანჩელი კონცერტს ვერ დაესწრო, დიდი სურვილის მიუხედავად, ვინაიდან შეუძლოდ გახლდათ…

ამ კონცერტის შესახებ ვისაუბრე იტალიურ რადიოსთან „ბარკაჩა“, სადაც ხშირად საუბრობენ კლასიკურ მუსიკაზე. სხვათა შორის, ერთ-ერთი წამყვანი პირადად იცნობდა ბატონ გიას და მასთან დაკავშირებული ამბებიც გაიხსენა. თავად კონცერტს კი ძალიან თბილად გამოეხმაურნენ.

სასიამოვნოა, რომ კრიტიკოსებმა კონცერტი დადებითად შეაფასეს. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ კლასიკურ კონცერტებზე ამდენი ხალხი არ დადის, თუმცა ამ შემთხვევაში გამონაკლისი იყო, რადგან დარბაზი სავსე გახლდათ (იღიმის). იტალიელი მსმენელი აღფრთოვანდა მუსიკით და აღნიშნეს, რომ ამ მინიატურებით ქართული კულტურა განსაკუთრებულად და განსხვავებულად შეიგრძნეს. მიხარია, რომ ეს ნაწარმოებები საზღვარგარეთ პირველად შესრულდა…

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები