LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო სურგულაძის საქველმოქმედო საღამო ოპერის თეატრში შედგა

49

1-ელ მაისს, 21:00 საათზე საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრში, საქველმოქმედო ფონდმა „ნატვრის ხე“ და კომპანიამ „სოკარი“ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთდ, მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით რიგით მე 7 – კონცერტი წარმოადგინა.

ფონდის სტუმრები გახლდნენ დირიჟორი, კომპოზიტორი და პიანისტი ეციო ბოსსო, სოპრანო კარმენ ჯანატაზიო, პიანისტი ოლივერ პული. კონცერტში მონაწილეობა მიიღო ოპერის ორკესტრმა, რომელსაც მაესტრო ბოსსომ უდირიჟორა.

ეციო ბოსსო, მუსიკოსი, რომელიც 2016 წელს იტალიაში ასი ათასზე მეტი გაყიდული ბილეთით ყველაზე აქტიურ და წარმატებულ შემსრულებლად აღიარეს. ლონდონში მისი ერთ ერთი კონცერტი წლის უდიდეს მოვლენად ერთხმად აღიარა პრესამ და კრიტიკამ.

2011 წელს ეციოს დაუდგინდა უკურნებელი სენი, გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი, რომელიც ფატალური შედეგით სრულდება. მიუხედავად ამისა, ეციო არ ჩერდება და კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით წერს, ქმნის და გასცემს, უამრავ პოზიტიურ ენერგიას და სიყვარულს. სიყვარული მისგან გუშინდელ საღამოზე ქართველმა მაყურებელმაც მიიღო. მის მიერ უჩვეულო ექსტრავაგანტურობით შესრულებულმა მუსიკალურმა ნომრებმა დიდი მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა. მაესტრომ წარმოგვიდგინა მსოფლიო პრემიერა ნაწარმოებისა „წვიმა მის თვალებში“, რომელიც სპეციალურად თბილისური კონცერტისთვის გადააკეთა და ორკესტრისთვის დაწერა.

კარმენ ჯანატაზიო, რომელიც თავისი თაობის ერთ ერთ ყველაზე ნიჭიერ სოპრანოდ დაასახელეს, ქართველი მსმენელის წინაშე როგორც სოლოგამოსვლებით, ასევე ნინო სურგულაძესთან ერთად წარდგა.

ფონდის დამფუძნებელმა რამდენიმე არია შეასრულა შეკრებილი საზოგადოებისთვის, ოლივერ პულმა კი, რომელიც ძალიან ხშირად დგას ცნობილი ქართველი მეცოსოპრანოს გვერდით, კიდევ ერთხელ დაატკბო ქართული საზოგადოება საკუთარი შესრულებით…

საღამო მაესტრო ეციო ბოსოს ბრწყინვალე პერფორმანსით დასრულდა.

„ნატვრის ხემ“ გასული ღონისძიებებით, ქართული საზოგადოების, მსოფლიო ვარსკვლავების ჩართულობით და დახმარებით ორმოცდაათამდე ბავშვს აჩუქა სიცოცხლე, ბავშვების უმრავლესობას საზღვარგარეთ მკურნალობა დაუფინანსდა და ჩაუტარდათ ურთულესი ოპერაციები. ფონდის საქველმოქმედო ნომერზე დღემდე ორასი ათასზე მეტი ზარია განხორციელებული და შემოსული. შეგახსენებთ ნომერს 09 01 900 999. პირველ მაისს გამართულ საღამოზე შეკრებილი თანხით კიდევ არაერთ პატარას დაუფინანსდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები