LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიშნები, რომელიც, შესაძლოა, აუტისტური სპექტრის აშლილობაზე მიუთითებდეს

279

2 აპრილს მსოფლიო აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღეს აღნიშნავს. თეორიულად აუტიზმის შესახებ ჩვენ უკვე ბევრი გვსმენია, ვიცით პრაქტიკული მაგალითებიც. შეიცვალა თუ არა საზოგადოების დამოკიდებულება აუტისტური სპექტრის აშლილობების მიმართ, ამას ჩვენი სტუმრისგან შეიტყობთ. ცალკეული მაგალითები, კი რომელსაც ყოფით ცხოვრებაში ვხვდებით, ნამდვილად იძლევა დაფიქრების საბაბს. ბევრი მასწავლებლის, ექიმის, ფსიქოლოგისა და რიგითი მოაქალაქის დამოკიდებულება ხშირად ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. როგორ ვლინდება აუტიზმი ბავშვებში, არსებობს თუ არა საუკეთესო ასაკი ამის დასადგენად, რა როლი ეკისრება პედიატრს და  რა ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა მივმართოთ შესაბამის სპეციალიტს – ჩვენს კითხვებს ბავშვთა ფსიქიატრი, ნევროლოგი მედეა ზირაქაშვილი პასუხობს.

2 აპრილი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია, გვინდა კიდევ უფრო მეტი გავიგოთ აუტისტური სპექტრის აშლილობის შესახებ. შეიცვალა თუ არა ერთის მხრივ საზოგადოების დამოკიდებულება და მეორეს მხრივ კი მედიცინის მიდგომა აუტიზმის მიმართ?

ნამდვილად, ყოველ წელს იცვლება მიდგომა აუტიზმთან დაკავშირებით , იმიტომ რომ წლიდან-წლამდე, საზოგადოება სულ უფრო მეტ ინფორმაციას იღებს ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით. შეიცვალა მომართვისას პაციენტთა ასაკი, თუ ადრე მშობლებს საშუალოდ 3-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვები მოყავდათ პირველადი დიაგნოსტირებისთვის, ამჟამად მომართვიანობის ძირითადმა ასაკმა 2-3 წლამდე გადმოინაცვლა. ცნობიერების ამაღლებამ ხელი შეუწყო იმას, რომ აუტიზმის  დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები აღარ არიან უარზე, რომ  ბავშვებთან ერთად  დაესწრონ ღონისძიებებს, რომლებიც ამ დღისთვის იმართება, ან მიიღონ მონაწილეობა სატელევიზიო გადაცემებში, სადაც ყვებიან საკუთარ ისტორიებს, ბაღის პედაგოგები შედარებით აქტიურად ამისამართებენ ბავშვებს,  მშობლები მეტად უყოყმანოდ გვაკითხავენ, თუკი: 12 თვის ბავშვი არ იხედება სახელის დაძახებაზე, ან 14 თვისთვის არ იშვერს თითს სასურველის მოთხოვნისას, 18 თვის არ თამაშობს წარმოსახვით თამაშებს და 24 თვისას არ აქვს განვითარებული ფრაზული მეტყველება.

თქვენი რეკომენდაციები ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებისთვის. რა შემთხვევებს უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი უნდა რეაგირებდეს სახელის დაძახებაზე. აქ არ იგულისხმება ის, რომ ათი დაძახებიდან 2-ჯერ გამოგხედავს, ან როდესაც წამიერად შემოგხედავს, მინიმუმ პაუზა უნდა გააკეთოს და დაელოდოს რას სთავაზობ მას. როდესაც ბავშვი არ მეტყველებს, კომუნიკაციისთვის მნიშვნელოვანია მიმიკა-ჟესტების გამოყენება, ანუ რამდენად შეავსებს ბავშვი მეტყველების დეფიციტს ჟესტებით( მიანიშნებს თითით სასურველზე? თავს დაგიქნევთ თანხმობის ნიშნად? და ა.შ).  უნდა დავაკვირდეთ, როგორ თამაშობს ბავშვი და რამდენად ფუნქციურად იყენებს სათამაშოებს. არის წარმოსახვითი თამაშები? აჭმევს, აძინებს თოჯინებს, ცხოველებს, აიღებს კუბს და გაითამაშებს ვითომ ჭიქაა და სვამს, ან ყურთან მიიტანს და ვითომ ტელეფონია? ხშირად მშობლები მოდიან და ამბობენ, რომ არ უსწავლებიათ წარმოსახვითი თამაში, წარმოსახვით თამაშს არ სჭირდება სწავლება.  შეხედავ ბავშვს, გაუღიმებ, უნდა გიპასუხოს ღიმილით, მიუტან სათამაშოს, გაუხარდება და უნდა გაუზიაროს სიხარული სხვა ოჯახის წევრს. როდესაც მშობელი ბავშვს რაიმესკენ მიუთითებს, აუცილებლად უნდა გააყოლოს ბავშვმა თვალი მითითების მიმართულებას. ბავშვი არ უნდა აიგნორებდეს ყოველთვის დირექტივებს და უნდა ასრულებდეს მათ.

რაც შეეხება მეორე შეკითხვას: 12-18 თვიდან 24- 30 თვემდე გახლავთ პირველი კრიტიკული პერიოდი/ასაკი აუტიზმის სპექტრისთვის, როდესაც პირველად იწყებს მშობელი შემჩნევას, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს.

ავღნიშნეთ გარკვეული სიმპტომები, თუმცა გვსმენია, რომ აუტისტური სპექტრის ბავშვები მიდრეკილნი არიან და მოსწონთ ერთი ტიპის სათამაშოები, ხელების ახლოს მიტანა თვალებთან… აკვიატებული ქცევა, ეს რამდენად ასეა?

აუტიზმის სპექტრის აშლილობის დახასიათებისას ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს შეზღუდული ინტერესების სფერო და განმეორებადი ქცევითი პატერნი. უმრავლესობას აქვს მათთვის მეტ-ნაკლებად ამორჩეული, საყვარელი სათამაშო, უხშირესად ეს არის მანქანა, ან კუბები ან საერთოდ შესაძლოა ინტერესის ობიექტი ძალიან უჩვეულო იყოს, მაგ: ფეხსაცმლის ზონარი, ქილები, ბოთლები, ეტიკეტები, სათამაშო ცხოველების კუდები, სამზარეულოს  ნივთები, თოჯინების თმები… ასევე  აუტიზმის ნიშნებს შორის ძალიან შსამჩნევია თანდართული სენსორული დეზინტეგრაციის ნიშნები; ჰიპო ან ჰიპერმგრძნობელობა გარე გამღიზიანებლების მიმართ . მაგ. ბავშვს შესაძლოა ძალიან მოსწონდეს: მბრუნავ ბორბლებზე დაკვირვება, საგნების გადაყრა მაგიდიდან და ვარდნის ტრაექტორიაზე დაკვირვება, საგნის ქნევა ერთი მიმართულებით და ირიბი მზერით მასზე დაკვირვება, ჩრდილებთან თამაში, კედლის გასწვრივ ირიბი მზერით სირბილი- წინარე ჩამოთვლილი მაგალითები ასახვაა ვიზუალური სენსორული დეზინტეგრაციის ნიშნების.

თუმცა, ასე იქცევიან ბავშვებიც, რომლებსაც არ აქვთ აუტისტური სპექტრის აშლილობა…

მშობლების უმრავლესობა სწორად ამას აღნიშნავს, როდესავ ვუხსნით და ჩამოვუთვლით ბავშვის სირთულეებზე. რა თქმა უნდა,  ბავშვებმა შესაძლოა მანქანის ბორბლებიც დაატრიალონ და ფერების მიხედვითაც ჩაამწკრივონ მანქანები, მაგრამ მხოლოდ ერთი ნიშანი არაფერზე მეტყველებს. საკითხი დგას  ასე: რამდენად გვხვდება ასეთი ტიპის თამაში განვითარების სხვა სფეროების პრობლემებთან ერთად? თუ დარღვეულია კომუნიკაცია, ინტერაქცია და შეზღუდულია ინტერესთა სფერო, რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ დროს ვაქცევთ ყურადღებას ასეთი ტიპის თამაშს.

არის თუ არა შესაძლებელი მხოლოდ ერთი, ან ორი სიმპტომი არსებობდეს და სხვა ყველაფერი შეესაბამებოდეს ტიპურ განვითარებას . საქართველოში ხშირად მოწყენილ ბავშვებს ასეთ დიაგნოზს უსვამენ, ან არასწორ დიაგნოზთან გვაქვს საქმე.

აუტიზმის სპექტრის აშლილობის დიაგნოზის დასმისთვის აუცილებელია, რომ პრობლემური ნიშნები  შეესაბამებოდეს სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებს, რომელსაც დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია გვაწვდის. მნიშვნელოვანია, რომ მყარი დეფიციტი ვლინდებოდეს სოციალური კომუნიკაციის, სოციალური ინტერაქციის  და ქცევის სფეროებში. შესაძლოა ბავშვი მეტყველებდეს, მაგრამ  არ იყენებდეს მას კომუნიკაციის მიზნით: მექანიკურად ითვლიდეს, ასახელებდეს საგნებს, რომლებსაც დაინახავს, იმეორებდეს მყისიერად სხვის ნათქვამს, ან წარსულში გაგონილ ფრაზებს იყენებდეს. შეიძლება ბავშვს ჰქონდეს ურთიერთობა გარშემომყოფებთან, მაგრამ ეს იყოს რადიკალურად სელექტიური: ურთიერთობდეს მშობლებთან, მაგრამ სრულად აიგნორებდეს უცხოებს, ან უფრო მეტიც ნეგატივიზმი ჰქონდეს მათ მიმართ. ასევე მყარად იყოს დარღვეული ქცევაც და ასეთ შემთხვევაში დაისმება აუტიზმის დიაგნოზი. დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის თანახმად, როდესაც სირთულეები მხოლოდ ნებისმიერი 2 სფეროს შემთხვევაში ვლინდება და მსუბუქად პრობლემურია ნებისმიერი სხვა სფეროები, საუბარია პერვაზიული აშლილობის დაუზუსტებელ დიგნოზზე.

თუკი ბავშვი ორ წლამდე საუბრობს, არ აქვს პრობლემა და ამ ასაკის შემდეგ იჩენს თავს პრობლემები…

აუტიზმის სპექტრის აშლილობის დროს  არის შემთხვევათა 25-30%, სადაც აშლილობა მიმდინარეობს რეგრესით. პირველ რიგში ეს რეგრესი მეტყველებაზე აისახება. შემთხვევათა 1/3-ში შეიძლება ორ წლამდე ბავშვი ვითარდებოდეს მეტ- ნაკლებად ასაკის შესაბამისად, რადგან ამ ასაკში განვითარების დეფიციტის შემჩნევა მშობელს უჭირს, ხოლო ასაკის მატების პარალელურად,  ასაკობრივი განვითარების გაზრდილი მოთხოვნების ვერ დაკმაყოფილების ფონზე  დეფიციტი მკვეთრად შესამჩნევი გახდეს. ასე, რომ მსგავსი შემთხვევები არ არის იშვიათი.

არსებობს მდგომარეობები, რომლებიც ჰგავს აუტისტური სპექტრის აშლილობას…. მაგალითად ასოციალური ბავშვი, ან მეტყველების დაგვიანება…

რეცეპტული მეტყველების დარღვევა ერთი შეხედვით ძალიან ჰგავს აუტისტური სპექტრის აშლილობას და მთელი გუნდი ვერთვებით ხოლმე, რომ რაიმე არ გამოგვრჩეს. რეცეპტული მეტყველების დარღევისას მიმართული მეტყველების გაგების სირთულე ერთადერთი ჩივილია, რაც აუტისტური სპექტრის აშლილობაში სხვა მრავალ სიმპტომთა შორის, ერთ-ერთი ნიშანია. რეცეპტიული მეტყველების დარღვევის დროს მიმართული მეტყველების გაგების სირთულე, მეორადად განაპირობებს აუტიზმის სპექტრის აშლილობის მსგავს სიმპტომატიკას. მაღალფუნქციური აუტიზმის სპექტრისა და რეცეპტული მეტყველების დარღვევის გარჩევა ერთი შეხედვით ძალიან ჭირს. ამიტომ არის აუცილებელი ნატიფი დიაგნოსტიკა, სხვა სპეციალისტების აზრის გათვალისწინება და კლინიკური მსჯელობა. რეცეპტიული მეტყველების დარღვევაზე ძალიან წარმატებით მუშაობს ენისა და მეტყველების სპეციალისტი, მაშინ, როდესაც აუტიზმის სპექტრის აშლილობის დიაგნოზით ბავშვს ესაჭიროება ქცევითი თერაპია.

არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ საქართველოში ძალიან ხშირად სვამენ განვითარების ეტაპების დაყოვნების დიაგნოზს, აუტიზმის სპექტრის აშლილობების ნაცვლად, თუმცა, განვითარების დაყოვნებას თავისი შინაარსით ცოტათი სხვა დატვირთვა აქვს, უკეთესი ურთიერთობის სურვილი ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანია აუტიზმის სპექტრისგან.

არ შემიძლია, არ გავამახვილო ყურადღება გენეტიკურ დარღვევებზე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ აუტისტური აშლილობა გარკვეული სპეციფიურობით ხასიათდება. ხშირად, გარკვეული ტიპის გენეტიკური დარღვევები თანაარსებობენ აუტისტური სპექტრის აშლილობასთან, როგორიცაა: ფენილკეტონურია, მყიფე X ქრომოსის, ანგელმანის, დაუნის სინდრომები, ასევე ტუბეროზული სკლეროზი, ნეიროფიბრომატოზი. მნიშვნელოვანია ზემოთ ჩამოთვლილი საკითხები არ დარჩეს ყურადღების მიღმა.

ვისაუბროთ თერაპიულ ნაწილზე, რა შედეგები გაქვთ თუნდაც ”მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის” მაგალითზე, სადაც თქვენ საქმიანობთ…

მსოფლიო აღარ კამათობს იმაზე, რომ ადრეული ინტერვენცია აუმჯობესებს პროგნოზს. სამ წლამდე მომართვიანობის შემთხვევაში რადიკალურად იცვლება გამოსავალი. თუ აქამდე ამბობდნენ, რომ აუტიზმის სპექტრის აშლილობისას უმჯობესდება მხოლოდ ფუნქციონირების დონე და დიაგნოზი არ იხსნება, ამჟამად დამკვიდრებულია ისეთი ტერმინი, როგორიცაა: ”ოპტიმალური გამოსავალი”, რომელიც 2013 წლიდან გახდა აქტუალური. 3-25%-მდე იმდენად უმჯობესდება გამოსავალი, რომ შეიძლება დადგეს დიაგნოზის მოხსნის საკითხი, 10%-ში კი დიაგნოზი იხსნება. ამ ბავშვებს რჩებათ სხვადასხვა ტიპის სირთულეები,თუმცა ისინი მათ არ უშლით ხელს ნორმალურ ფუნქციონირებაში.

არსებობს თუ არა მედიცინაში განსაზღვრული მიზეზები, თუ რა იწვევს ამ მდგომარეობას…

აუტიზმის სპექტრის აშლილობაში ეს არის საკითხი, რომელიც მოკლებულია მტკიცებულებებს. დღეს გარკვეული ტიპის კვლევები გარკვეულ რისკ-ფაქტორებზე მსჯელობენ, მაგრამ არავინ იცის რა იქნება ხვალ. სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება აუტიზმის, როგორც ეპიგენეტიკურ სინდრომად განხილვის საკითხი. ეპიგენეტიკა სწავლობს გარემო ფაქტორების ზეგავლენით გენების ექსპრესიას, უფრო მარტივად, რომ ავხსნათ სპეციფიკურ გენთა კომბინაცია უბრალოდ ზრდის აუტიზმის განვითარების რისკს, თუმცა მათი ზედდება თუ არ მოხდა გარკვეულ რისკ ფაქტორებთან, აუტიზმის ნიშნები კლინიკურად არ ვლინდება. რა ითვლება დღესდღეობით ყველაზე სტაბილურ (კვლევებით გამტკიცებულ) რისკ-ფაქტორებად:

  • და ან ძმა აუტიზმის სპექტრის აშლილობით;
  • დედის 40 წელზე მეტი ასაკი ბავშვის დაბადებისას;
  • მამის 40-49 წლის ასაკი ბავშვის დაბადებისას;
  • ახალშობილობის წონა 2500 გრამზე ნაკლები;
  • 35 კვირაზე ნაკლები გესტაციის ახალშობილი;
  • ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობის საჭიროება;
  • მამრობითი სქესი;
  • 20 კვირაზე ადრე ნაყოფის მოშლის საშიშროება;

ძალიან ბევრს მსჯელობენ აცრებზე, ამბობენ, რომ აცრა იწვევს აუტიზმს…

პირველი ეჭვები აუტიზმისა და ვაქცინაციის კავშირის შესახებ, კვლევებში, 90-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა. 1998 წელს ცნობილმა გასტროენტეროლოგმა მკვლევარმა, ენდრიუ ვეიკფილდმა ნამდვილი გადატრიალება მოახდინა სამედიცინო სამყაროში. მან დააკავშირა წითელა-წითურა-ყბაყურის აცრა და აუტიზმი, როგორც მიზეზ- შედეგობრივი ურთიერთდამოკიდებულება. თუმცა, შემდგომში აღნიშნული ჰიპოთეზა ვერც ერთმა  კვლევამ ვერ დაადასტურა და  უფრო მეტიც, ეს ცნობილი მეცნიერი მოგვიანებით დისკრედიტებული იქნა, რადგან გამოაშკარავდა მისი ფინანსური კავშირი ადვოკატებთან, რომელნიც მომართულნი იყვნენ ვაქცინის მწარმოებელთა წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ თიმეროსალის ორგანიზმზე ზემოქმედების მავნებლობა და მიდრეკილება აუტიზმის გამოწვევისადმი არ დადასტურდა არც ერთი მყარი მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამეცნიერო კვლევით, მოსახლეობაში რომ მეტად გაეზარდათ ნდობა ვაქცინაციისადმი 2001 წლიდან მოყოლებული თიმეროსალი ამოღებულ იქნა ბავშვთა ვაქცინებიდან. (იხილეთ CDC.gov-ზე არსებული ინფორმაცია Vaccine Safety – ჩამონათვალთა ნუსხაში). ეს საკითხი კვლავ აქტუალური გახდა, რაც მსახიობმა რობერტ დე ნირომ მეცნიერთა ჯგუფს დიდი თანხა შესთავაზა იმის დასამტკიცებლად, რომ აცრა იწვევს აუტიზმის სპექტრის აშლილობას. ჯერჯერობით მეცნიერული სამყარო ამ უარყოფითი კავშირის შესახებ დუმს, შესაბამისად ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, იმისას, რომ აცრები არ უნდა კეთდებოდეს ბავშვებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები