LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოემბრით იმედგაცრუებულები: ვერ მივიღეთ ის, რასაც ველოდით

32

წლევანდელი სარაგბო სანაკრებო სეზონი დასრულდა და ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი განვლილ პერიოდს აფასებს:
– 2016 წელი, რომლის დროსაც 8 თამაში მოვიგეთ, ერთი ფრედ დავასრულეთ და ორში დავმარცხდით, ჩვენთვის განსაკუთრებული იყო – თუნდაც იმიტომ, რომ პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, ივნისში სამხრეთში გავემგზავრეთ და ოკეანეთის ტურნედან ძალიან კარგი შედეგით დავბრუნდით. სამწუხაროდ, ნოემბერში ვერ ვაჩვენეთ ის, რასაც რეალურად წარმოვადგენთ. პირველ მატჩში იაპონიის დამარცხება რომ მოგვეხერხებინა, რასაც თამაშის სტატისტიკური მონაცემებით ნამდვილად ვიმსახურებდით, მერე შოტლანდიასაც სხვა შემართებით შევერკინებოდით და ნეომბრის ტესტებს დადებითი ბალანსით დავასრულებდით. მოკლედ, ნოემბრით იმედგაცრუებულები ვართ – ვერ მივიღეთ ის, რასაც ველოდით და ამან ჩვენს წინა მიღწევებს ოდნავ ჩრდილი მიაყენა.

თუმცა, წინა წლებთან შედარებით, ნამდვილად წინ ვართ წასული. არავის ვაკნინებთ და ყველა მეტოქეს პატივისცემით ვეპყრობით, თუმცა რაგბი ევროპის ჩემპიონატიდან ყურადღებას მხოლოდ რუმინეთზე შევაჩერებ, რომელიც მეტ-ნაკლებად ჩვენი დონის მეტოქეა:

პირველად ისტორიაში, მას ბონუს-ქულით მოვუგეთ და სარეკორდო სხვაობით დავამარცხეთ. ფაქტია, რომ გასულ წლებთან შედარებით საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის დონეთა სხვაობა გაიზარდა. ფაქტია ისიც, რომ ივნისის ტურნედან დაუმარცხებლები დავბრუნდით.

ზრდის დიაგრამა რომ ავიღოთ, მთელი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი აღმასვლა გვქონდა. სამწუხაროდ, ნოემბერში ეს ზრდა შეჩერდა და დიაგრამამ ოდნავ ქვევით დაიწია, ოღონდ ოდნავ და არა იმ დონით, რა დონითაც გაიზარდა. მთლიანობაში, წელი ისე ვერ დავაგვირგვინეთ როგორც გვსურდა, თუმცა მთლიანობაში ის წარმატებული იყო.
ევროპის ჩემპიონატი და პოტენციური დებიუტანტები

2015 წლის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანი იყო, რომ აღებული ტემპი შეგვენარჩუნებინა, ქვეყანა კიდევ ერთხელ გვესახელებინა და გულშემატკივარი გაგვეხარებინა. ამიტომ, ჩვენ აქცენტი იმ ბიჭებზე გავაკეთეთ რომლებმაც მსოფლიო თასზე ითამაშეს და მხოლოდ რამდენიმე ახალბედა გამოვცადეთ.

სიმართლე რომ ვთქვათ გამოსაცდელი ბევრი არავინ იყო. ეროვნული გუნდის კვართით თამაში დიდი პატივია და ამას დამსახურება უნდა. მოთამაშე უნდა იყოს გამორჩეულად კარგი, აკმაყოფილებდეს ყველა მოთხოვნას და ნაკრებში თამაშს იმსახურებდეს, სხვაგვარად მისი მიწვევის აზრს ვერ ვხედავ.

მომავალ ერთა თასზე სიტუაცია შეიცვლება და გაფართოებულ შემადგენლობაში ახალი სახეები იქნებიან, თუმცა ახლა ზუსტ ციფრს ვერ დაგისახელებთ. შეიძლება იყოს 5, ან 10 ახალგაზრდა მორაგბე, რომლებსაც მიეცემათ ‘შანსი’. მათ ვარჯიშებზე უნდა გვაჩვენონ რა შეუძლიათ, ბევრი რამ ექნებათ დასამტკიცებელი და თუ ამას შეძლებენ, მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ შანსს.

ამავდროულად, განვითარებას და ახალი სახეების გამოცდას, მხოლოდ ერთა თასის ნაწილი უნდა ემსახურებოდეს. არის მატჩები, რომლებიც განსაკუთრებული პრინციპულობით გამოირჩევა – რუსეთთან და რუმინეთთან და აქ შედეგი სხვა რამეზე უფრო მნიშვნელოვანია. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ჩვენ რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოქმედი ჩემპიონები ვართ და ტიტულს დაცვა ჭირდება. სანამ ამ ტურნირში ვიღებთ მონაწილეობას, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მას ყოველ წელს ვიგებდეთ.
შერჩევის კრიტერიუმები

ივნისის და ნოემბრის ტესტებზე ჩვენმა მეტოქეებმა ახალბედები მრავლად ათამაშეს. ფიჯი, სამოა, ტონგა, იაპონია – ამ გუნდებში თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს და იმ გუნდის შენების პროცესში არიან, რომლითაც 2019 წლის მსოფლიო თასზე უნდა ითამაშონ. ჩვენ ეს პროცესი 2012-13 წლებში გავიარეთ და მაშინ გამოვცადეთ მორაგბეები, რომლებისგანაც 2015 წლის მსოფლიო თასისთვის შემადგენლობა შევარჩიეთ. ამ გუნდის 60-70% იაპონიის მსოფლიო თასსაც ითამაშებს, ხოლო დანარჩენი 30-40% ჩვენი შესარჩევია და ამისათვის წინ 3 წელიწადი გვაქვს.

მაგრამ ივნისსა და ნოემბერში ამის დრო ნამდვილად არ გვქონდა. სამხრეთულ ტურნეზე გამოუცდელი მორაგბეებით გამგზავრება მიზანშეწონილი არ იყო. იქ ისეთი გარემოა, თუ იძულებულები არ ვიქნებოდით მსგავსი ნაბიჯის გადადგმა გაუმართლებელი იქნებოდა. რაც შეეხება ნოემბერს, მეტოქეების სიძლიერიდან გამომდინარე, ვალდებული ხარ უძლიერესი შემადგენლობით ითამაშო. მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა წახვიდე ექსპერიმენტებზე, როდესაც სხვა გზა აღარ გრჩება.
ნოემბრის ტესტები

მწვრთნელებსა და მოთამაშეებს ნოემბერში სულ სხვა გეგმები გვქონდა. ჩვენ გვესმის გულშემატკივრების, რადგან მოლოდინი ვერც საკუთარი თავის წინაშე გავამართლეთ. გვქონდა იმედი, რომ კარგი თამაშით პირველ ორ შეხვედრას მოვიგებდით და თუ დასკვნით დღეს შოტლანდიას “ცუდი” დღე ექნებოდა, მეტოქეს ბოლო წუთამდე დაძაბულობაში ვამყოფებდით. მაგრამ ეს არ გამოგვივიდა და ამას ერთი კონკრეტული მიზეზი არ აქვს. მინდა ავღნიშნო, რომ საორგანიზაციო კუთხით ნაკრებს საუკეთესო მოსამზადებელი პერიოდი ჰქონდა. ასეთი კარგი პირობები არასდროს ყოფილა და სამწვრთნელო შტაბს და ბიჭებს ასეთი ნაყოფიერი სამუშაო აქამდე არასდროს ჩაგვიტარებია, მაგრამ რაღაც დაგვაკლდა.
იაპონიასთან მარცხის შემდეგ ძალიან გაგვიჭირდა. წაგება მძიმე გადასატანი იყო, რადგან მეტოქეს ყველაფერში ვაჯობეთ, გარდა საბოლოო ანგარიშისა. იაპონიამ იმითაც მოგვიგო, რომ ერთი კვირით ადრე არგენტინასთან ითამაშა და ჩვენზე უკეთ იყო ორგანიზებული. თანაბარი დონის გუნდების შეხვედრისას ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. იაპონია ის გუნდია, რომელიც ერთი თამაშის შემდეგ მკვეთრად უმატებს და კალენდრის დაგეგმარება ჩვენი ასარჩევი რომ ყოფილიყო, შევხდებით ნებისმიერ სხვა გუნდს, რომელსაც მანამდე ნათამაშები ქონდა, ოღონდ არა იაპონიას. ეს ისეთი გუნდია, რომ ჯობს კამპანიის დასასრულს შეხვდე.
ნოემბრის სამ მატჩში ჯამში 11 ლელო მივიღეთ და აქედან 10 ორ წაგებულ შეხვედრაში. ეს იყო ინდივიდუალური შეცდომების შედეგი და ამავდროულად, ახალმა სისტემამაც ვერ იმუშავა. იაპონია იმ სტილის გუნდია, რომელსაც ნებისმიერ მეტოქესთან ბევრი ლელო გააქვს. მან 20 ქულა გააკეთა არგენტინასთან და 30 უელსთან. რაც შეეხება დღევანდელ შოტლანდიას, ის შეტევაში ძალიან კარგია. სტიუარტ ჰოგი საუკეთესო თუ არაა, თავის პოზიციაზე ტოპ-ხუთეულში ნამდვილადაა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ნოემბერში ბევრად უკეთეს გუნდებს ვეთამაშეთ, ვიდრე ივნისში და ლელოთა სიმრავლე ამანაც განაპირობა.

მსოფლიოში საუკეთესო ქომაგები

ეს ადრეც აღმინიშნავს საჯაროდ, რომ როდესაც სახლში ვთამაშობთ… უბრალოდ ვიტყვი – მსოფლიოში საუკეთესო ქომაგი გვყავს! მინდა გაგანდოთ იაპონიისა და სამოას სამწვრთნელო შტაბის ნააზრევი, რომელიც მათგან მატჩის შემდეგ მოვისმინე – არც მოგებული და არც წაგებული თამაშის შემდეგ, არასდროს გვინახავს მაყურებელი სტადიონზე რჩებოდეს და საპატიო წრისას გუნდს ასე გულანთებულად უხდიდეს მადლობას. ჩვენთან ასე არ ხდება, განსაკუთრებით წაგებული მატჩის შემდეგ – მოიხედავ და სტადიონი ცარიელია. საქართველოში კი, მარცხის შემდეგაც სათითაოდ ყველა ჩვენგანი გრძნობს თითოეული ქომაგის თანადგომას – ჩვენ ერთად ვიგებთ და ერთად ვაგებთ!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები