LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუცა ბუზალაძე „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მოსაგებად დაბრუნდა – „ძალიან საშიში შოუა…“

439

22 აპრილს, „იმედის“ ეთერში, საღამოს ათ საათზე მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვლავები“ დაიწყება. ყველა მონაწილე აქტიურად ემზადება ამ დღისთვის. მათ შორისაა ნუცა ბუზალაძე. მომღერალი უკვე მეორედ მონაწილეობს „ცეკვებში“. პირველი მონაწილეობა არცთუ კარგად დასრულდა, ერთ-ერთ ტურზე ის დაშავდა და მონაწილეობა ვეღარ გააგრძელა. მეორედ კი სიამოვნებით დათანხმდა პროექტიდან შეთავაზებას.

ნუცა ბუზალაძე:

სამწუხაროდ, წინა ჯერზე „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობა ვეღარ გავაგრძელე. მაშინ რატი გაჩეჩილაძესთან ერთად გამოვდიოდი. ერთ-ერთი რთული ილეთის შესრულებისას დავშავდი, გოჯის მოტეხილობა მქონდა და ვეღარ მივიღებდი მონაწილეობას. მაგრამ ახლა ისევ მომეცა შესაძლებლობა და რასაკვირველია, დავთანხმდი (იღიმის).

არ შეგეშინდა? არცთუ უსაფრთხო შოუა…

მართალია, ძალიან საშიში შოუა მართლა, თუკი რამე არასწორად გააკეთე, ფეხი ან ხელი თუ სხვანაირად გაიქნიე, შესაძლოა, ცუდად დამთავრდეს, არ იცი, რა შეიძლება, ამას მოჰყვეს. სახიფათო და საშიში პროექტია, მაგრამ თუ თავს გაუფრთხილდები, არაფერი დაგიშავდება.

უფრთხილდები თავს?

ვერა (იცინის). ძალიან მინდა, ყველაზე რთული ილეთები შევასრულო. როცა ვიგებ, რომ რაღაც რთულია, მინდება მისი შესრულება. ამ მხრივ თავის მოთოკვა ძალიან მიჭირს. თუ არ დავრწმუნდი, რომ არ შემიძლია, ვერ ვეშვები.

წელს შენი მეწყვილე იაკობ ყუფუნიაა. რატი აღარ მონაწილეობს?

არა, რატი წელს პროექტში არ მონაწილეობს. მითხრა, რადგან მონაწილეობა გადაწყვიტე, აუცილებლად უნდა მოიგოო.

შენც ასეთი განწყობა გაქვს?

აბა, რა!.. ნებისმიერ მონაწილეს რომ ჰკითხოთ, იმავეს გიპასუხებთ. გასართობად აქ არავინ მოდის, ძალიან დიდი შრომაა ჩასადები. შოუს რომ ნახავთ, მიხვდებით, თითოეულ მონაწილეს რამხელა შრომა აქვს ჩადებული ნომერში. იმდენი ნიუანსია დასამახსოვრებელი, ხანდახან მეც კი ტვინი მიდუღდება, იდეალური გამოსვლა ვერ გექნება, მაგრამ მაქსიმალურად უნდა შეეცადო.

ფორმაში ჩადექი, დიეტა დაიცავი?

არა, ახლა ვიწყებ. სპორტდარბაზშიც ვივლი, რეპეტიციების პარალელურად და სადღაც სეზონის შუაში ვიქნები იმ ფორმაში, რაც თავადაც მომეწონება (იღიმის). წინა ზაფხულს ძალიან აქტიურად ვვარჯიშობდი, შემდეგ შევეშვი და მოვეშვი კიდეც. ახლა ისევ დავიწყებ.

წარმატებებს გისურვებ!..

ძალიან დიდი მადლობა (იღიმის).

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები