LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლებთან მოლაპარაკება მრავალმხრივ ფორმატში უნდა მოხდეს – ოპოზიცია სერგეი შამბას პასუხობს

69

„ერთადერთი გზა საქართველოს ეკონომიკური გაძლიერება და ისაა, რაც უფრო მეტ აფხაზ თანამოძმეს დააფიქრებ და ათქმევინებს, რომ ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ და  გვქონდეს საერთო ძლიერი საქართველო, რომელშიც  ყველანი ძლიერები ვიქნებით,“ – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერმინისტრ სერგეი შამბას განცხადებასთან დაკავშირებით პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ალტერნატივა არ აქვს.

„რაც შეეხება სერგეი შამბას განცხადებას, ალბათ, ყველას გვაინტერესებს, რამ გამოიწვია ამ განცხადების გაკეთება და ამას აუცილებლად ჩავუღრმავდებით, მაგრამ ფაქტია, რომ რაც უნდა შეეცადოს ოკუპაციას და ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებას რუსეთის ფედერაცია, კატასტროფა, რასაც ცხინვალში და აფხაზეთში ახორციელებს, ყოველთვის იქნება შესაბამისად აღქმული ჩვენი თანამოძმეების მხრიდან. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ალტერნატივა არ აქვს და მე ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ,“ – განაცხადა ვაშაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ თინა ბოკუჩავას განცხადებით, დაუშვებელია, მსგავს მოლაპარაკებებზე საქართველო იყოს პირისპირ, ან მხოლოდ რუსეთთან, ან მხოლოდ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან.

„დაუშვებელია ასეთი ტიპის მოლაპარაკებებზე საქართველო იყოს პირისპირ, ან მხოლოდ რუსებთან ან მხოლოდ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან. სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების პირობებში ამის გარანტია არ არსებობს და ამიტომ, ყველა პოლიტიკური ძალა, ისევე როგორც ზოგადად, საზოგადოება ფხიზლად უნდა იყოს, რომ ეს არ დაუშვას. პატრიოტული, რეალურად პროდასავლური პოლიტიკური ძალების მიერ ნებისმიერი ტიპის დიალოგი უნდა შედგეს მრავალმხრივ ფორმატში, სადაც იქნებიან წარმოდგენილი საერთაშორისო პარტნიორები,“ – განაცხადა დეპუტატმა.

ბოკუჩავას თქმით, მსგავსი ფორმატი უკვე არსებობს და ეს არის ჟენევის დისკუსიები, რომელშიც არიან აშშ და ევროკავშირი.

„ამის პარალელურად ხელისუფლებამ შექმნა ე.წ. კარასინის ფორმატი, რომელიც საზოგადოების ზურგსუკან იმართება და ჩემი ღრმა რწმენით, დიდი რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ინტერესებს. ასე რომ, ასეთი ტიპის დიალოგი უნდა იყოს გამორიცხული,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრემიერმინისტრმა, სერგეი შამბამ გამოცემა „ეხო მასკვისთან“  ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართველები მტრად არ მიაჩნია და საქართველოში მეგობრებიც ჰყავს.

„საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში შეიძლება ითქვას, ლიდერი მე ვიყავი. თუმცა, ასევე, პირველმა დავიწყე საუბარი იმაზე, რომ დროა, როგორმე დიალოგი დავიწყოთ,“ – განაცხადა შამბამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები