LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სასაფლაოებზე გასვლას პოლიციის დახმარებით შეძლებენ

234

ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სასაფლაოებზე გასვლას ადგილობრივი მცხოვრებლები სამართალდამცველების დახმარებით შეძლებენ.

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, გამყოფ ხაზთან მდებარე თითქმის ყველა სასაფლაოზე დილიდან პოლიციაა მობილიზებული. სოფელ კირბალში, სადაც გამყოფი ხაზით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ სასაფლაო შუაზე გაიმიჯნა, გადაადგილება უსაფრთხო არ არის და მოსახლეობა სხვა დღეებში ამ ტერიტორიაზე გავლისგან თავს იკავებს, რადგან ე.წ. მესაზღვრეები მათ სისტემატურად აკავებენ და ცხინვალის მიმართულებით გადაჰყავთ. დღეს კი, როგორც კირბალელები აცხადებენ, სამართალდამცველები უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას და საფლავებზე გასვლას შეუფერხებლად შეძლებენ.

“საკმაოდ რთულია მდგომარეობ., სხვა დროს აქ მოსვლისგან აქაურები თავს იკავებენ, რადგან დიდია დაკავების და ცხინვალის მიმართულებით გადაყვანის საფრთხე. ამ სოფლის არაერთი მცხოვრები იყო ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული და შემდგომში მათი გათავისუფლება დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაწესებული 2000 რუბლის გადახდის სანაცვლოდ ხდება. ახლა კი შევძელით მოსვლა. ვფიქრობთ, დღეს არანაირი პრობლემა არ შეიქმნება”, – აცხადებს მანანა პაპიტაშვილი.

რაც შეეხება იმ სასაფლაოებს, რომლებიც მთლიანად გამყოფი ხაზის მიღმა აღმოჩნდა, ცხინვალის რეგიონიდან დევნილები არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, ვერც წელს შეძლებენ გარდაცვლილი ახლობლების საფლავებზე გასვლას. უკვე მეცხრე წელია დიდი და პატარა ლიახვის და ფრონეს ხეობიდან დევნილები საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ შესაბამისი ზომების მიღებას, რომ შედგეს მოლაპარაკება და მოხერხდეს წელიწადში ერთხელ მაინც, დღევანდელ დღეს მიცვალებულების მოხსენიების დღეს გარდაცვლილი ოჯახის წევრების საფლავებზე გასვლა. თუმცა, ამასთან დაკავშირებით, დე ფაქტო ხელისუფლებამ ერთი კვირის წინ კვლავ უარი განაცხადა.

პოლიცია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სასაფლაოებზე დღის ბოლომდე დარჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები