LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლღა კილინა ფსიქიატრიული საავადმყოფოს შესახებ: „აბაზანაში არ იყო შუქი, ნახევარი მეტრი ჭუჭყი იყო შიგ და ტილები დადიოდნენ…“

178

სოციალურ ქსელებში ახლახან ისევ აქტუალური გახდა 2016 წელს გვერდზე „ქალები საქართველოდან Women of Georgia“ ოლღა კალინას მიერ გამოქვეყნებული ჩანახატი, რომელიც მის ცხოვრებას ეხება და ადამიანებს, ვინც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში აღმოჩნდებიან. ახალგაზრდა ქალს პარანოიდული შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს. ის თავად ჰყვება, რა გადაიტანა საავადმყოფოში…

გთავაზობთ პოსტს სრულად:

„დავიწყებ იქიდან, რომ მაქვს პარანოიდული შიზოფრენიის დიაგნოზი. ეს დიაგნოზი მივიღე 21 წლის ასაკში, როდესაც ვსწავლობდი უნივერსიტეტში. სულ მინდოდა მეცნიერული კარიერა, ბიოლოგია მაინტერესებდა. დამატებით ლაბორატორიაშიც დავდიოდი, როცა ბაკალავრიატში ვსწავლობდი იმისათვის, რომ მიმეღო შანსები კარიერის გასაგრძელებლად. იმ დროს ეკონომიკური მდგომარეობა სტაბილური არ იყო, ანუ 90-იანი წლები იყო, თან მამაც გარდამეცვალა. შესაბამისად, ოჯახიდან არანაირი მხარდაჭერა არ მქონდა, გარდა ელემენტარული გზის ფულისა და ხშირად მიწევდა ცუდ პირობებში მეცადინეობა იმისათვის, რომ რაღაც შედეგი მიმეღო. ერთხელ მახსოვს კონფერენციაზეც ფეხით წავედი. მე რუსთავში ვცხოვრობ, კონფერენცია კი თბილისში იმართებოდა და ორი საათი მოყინულ გზაზე მივდიოდი, ძლივს მივედი. მაშინ შეიძლება ყველას უჭირდა, მაგრამ მე მაინც გამონაკლისი ვიყავი. თან მე ეროვნული უმცირესობა ვარ და იმ დროს მიჭირდა ქართული ენა ძალიან იმიტომ, რომ ნაკლებად სოციალური ვიყავი, თან როცა სულ უცხოენოვან წიგნებში ხარ და არც ტელეპროგრამებია…

მოკლედ, ძალიან გამიჭირდა კავშირისა და კომუნიკაციის დამყარება. მაინცდამაინც ამაზე აქცენტს იმიტომ ვაკეთებ, რომ ეს პირობები არის რისკ-ფაქტორები, შემდგომში რაღაცა პრობლემების განვითარების კუთხით. ბევრი ფსიქო-სოციალური ფაქტორი მოქმედებს ადამიანზე და აუცილებლად გასათვალისწინებელია ყველა ეს ფაქტორი ჯამში, არა მხოლოდ გენეტიკური მიდრეკილებები და ბიო-ქიმიური რეაქციები.

ჩემს შემთხვევაში იყო ეს გარემო პირობები, რამაც გამოიწვია დაავადების პროვოცირება. უნივერსიტეტში ვსწავლობდი და იმ დროს გამიჩნდა შეგრძნება, რომ ვერ შევძლებ ჩემი მიზნის მიღწევას იმიტომ, რომ მაგისტრატურაში უკვე ვიყავი და უცებ გავიგე, რომ არ არის გზა წინ ჩემთვის, ანუ იყო იქ იდეეების დონეზე ჩემი გაგზავნა მოსკოვში, მაგალითად, სწავლის გასაგრძელებლად, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო იყო შეუძლებელი. ეს უდიდესი სტრესი იყო ჩემთვის და ძალიან უცებ განვითარდა ასეთი ფსიქიკური მდგომარეობა, რის შედეგადაც აღმოვჩნდი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, თუმცა ეს იყო ხანმოკლე პერიოდით. ამის მერე მომიწია ფსიქოტროპული წამლების მიღება. ყოველთვის ვაკეთებდი აქცენტს ჩემს გონებრივ შესაძლებლობებზე და ის ფაქტი, რომ შენი გონება უკვე შენ არ გეკუთვნის და არ შეგიძლია, როგოც ბაზა გამოიყენო, ეს იყო დიდი დარტყმა ჩემთვის.

მეორე მხრივ, როცა აღმოვჩნდი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში შოკში, ვიყავი იმიტომ, რომ ძალიან დიდი პრობლემები იყო ადამიანის უფლებების კუთხით. ეს, თითქოს, იყო საავადმყოფო, მაგრამ არანაირი ინფორმაცია, ვთქვათ, შენი ადგილ-მდებარეობის შესახებ, უფლებების შესახებ, დაავადების ან მკურნალობის შესახებ იმ დროს არ იყო. ახლაც ნაკლებად ხდება ინფორმირება პაციენტების, როგოც ვიცი. მონიტორინგი არ მიმდინარეობდა და ძალიან საშინელი პირობები იყო. მაგალითად, აბაზანაში არ იყო შუქი, ნახევარი მეტრი ჭუჭყი იყო შიგ და ტილები დადიოდნენ. ასევე, ერთი ბიჭი გარდაიცვალა უცებ, მხოლოდ ერთი მედდა იყო იქ კეთილი მეტ-ნაკლებად და გვეხმარებოდა, რომელმაც თქვა რომ ფსიქოტროპული წამლების ზედოზირების გამო მოკვდა ეს ბიჭი. კიდევ, ექიმი ვინც იყო იმ დროს, დედაჩემს წინასწარ სთავაზობდა გადახდას, როდესაც დედამ თქვა, რომ მინდა ჩემი შვილის გაყვანა ფსიქატრიულიდანო და ა.შ.. ბევრი პრობლემა იყო და არანაირად არ ვიყავით დაცულები.

ნახევარი წელი გათიშულ მდგომარეობაში ვიყავი მართლა, ანუ ისედაც დიდხანს მძინავს და ფსიქოტროპული წამლების შემდეგ, სულ ძილის ქვეშ ვიყავი. უნივერსიტეტში დავდიოდი თან, ვაგრძელებდი, ანუ მანამდე იმდენი გავაკეთე უბრალოდ ჯგუფელებისთვის და ა.შ., რომ მეხმარებოდნენ ჩემი ნაშრომის გაკეთებაში. იმის შეგრძნება, რომ დაკარგულია შენი ყველა ადგილი, პლიუს ოჯახშიც დაკარგულია ავტორიტეტი და თვითრწმენა, საშინელება იყო ჩემთვის. ვფიქრობდი, ალბათ, ყველა მართალი იყო და არ იყო საჭირო ასეთი დიდი მიზნის დასახვა, უბრალოდ საჭირო იყო ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრება და დაქორწინება-მეთქი. არადა მანამდე მე სხვა სტილით ვცხოვრობდი და მჯეროდა, რომ ეს არის სწორი და მე მართალი ვარ. ამ დარტყმის შემდეგ, აღარ შემეძლო დარწუნებით იგივეს თქმა. სულ დედასთან ერთად დავდიოდი, ისე ვაკეთებდი ყველაფერს, როგორც სხვები თვლიდნენ საჭიროდ, ჩაცმულობასაც კი სხვების მითითებით ვირჩევდი.

ეს დიდხანს არ გაგრძელდა. ერთი კონფერენცია იმართებოდა თბილისში, სადაც ჩემი მოხსენება იყო საჭირო. ძალიან ვნერვიულობ ხოლმე პრეზენტაციების წინ, იმ დროსაც ვნერვიულობდი და ფსიქიატრთან როცა მივედი დისპანსერში ვთქვი, რომ თუ შეიძლება რჩევა მომეცით რა დასამშვიდებელი წამალი მივიღო, რომ არ ვინერვიულო-მეთქი. იმ დროს ჯერ მქონდა რწმენა ფსიქიატრების მიმართ. ამის პასუხად მან გამიორმაგა ფსიქოტროპული წამლების დოზა. ნუ, ისედაც გათიშული დავდიოდი და გაორმაგება უკვე გასაგები იყო ჩემთვის – საერთოდ ვეღარ გავალ სახლიდან ამ დოზის მიღების შემდეგ. ეს რომ ვუთხარი ფსიქიატრს, გულგრილად მიპასუხა, რომ „შენ ავადმყოფი ხარ. აბა რა გინდოდა?! წიგნების კითხვა შენ რაში გჭირდება? წადი და დედას დაეხმარე სამზარეულოში“. ასეთი განსაკუთრებული სიმძაფრით ხდება გენდერული სტერეოტიპების გამჟღავნება, როცა საქმე ეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალს. მოკლედ, ამის შემდეგ არამხოლოდ ეჭვი შემეპარა, რომ ექიმი მართალია, საერთოდ გადავწყვიტე, რომ მას არ აინტერესებდა ჩემი, როგორც პაციენტის მდგომარეობა და მეც აღარ უნდა მჯეროდეს მისი დასკვნების. საერთოდ, შევწყვიტე წამლების მიღება. ეს საკმაოდ სახიფათო ნაბიჯია, შემიძლია ვთქვა და ვიცი, რომ ბევრი ადამიანი დაინვალიდდა ამის შედეგად. თუ უცბად წყვეტ, ეს ძალიან ცუდია, ძალიან.

ნახევარი წლის მერე მეტ-ნაკლებად გასუფთავდა ჩემი ორგანიზმი წამლებისგან და უცბად დავიწყე ლექსების წერა, პოემაც კი დავწერე, ანუ ტვინმა ისევ დაიწყო მუშაობა, ანალიზის და აზროვნების უნარი დამიბრუნდა. მერე გადავწყვიტე, რომ უნდა გავაგრძელო მუშაობა იმ თეორიაზე, რაზეც მანამდე ვმუშაობდი ბილოლოგიაში და როცა გავაგრძელე მუშაობა, დიდი დატვირთვა წავიდა ტვინზე და ხელმეორედ მივიღე ეს ფსიქოზური მდგომარეობა. აღმოვჩნდი სხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, სადაც შედარებით უფრო უკეთესი პირობები იყო, მაგრამ კარგი არა ნადვილად – ისევ ინფორმაციის არარსებობა, ისევ პაციენტები ეხმარებოდნენ ერთმანეთს, სიცივე და გასათბობად რეზინის ფეხსაცმელების დანთება პაციენტების მიერ და შედეგად ინტოქსიკაცია. ასევე, იძულებითი მკურნალობა, ან როდესაც ინექციები კეთდებოდა სხვა პაციენტების თანდასწრებით, ანუ ყურადღებას არ აქცევენ, რომ შენ სირცხვილის გრძნობა გაქვს და არ გინდა სხვების თანდასწრებით ეს გიკეთონ.

იქიდან ერთი თვის მერე გამოვედი. პაციენტები ძალიან საინტერესო ადამიანები იყვნენ, კარგად გვესმოდა ერთმანეთის და ძალიან დიდი მხარდაჭერა მივიღე მათგან იმ დროს. მეც მინდოდა დავხმარებოდი, ერთ-ერთ გოგოს ჰქონდა ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები და როდესაც გავედი დაწესებულებიდან, მისთვის ადვოკატების მოძიება შევეცადე. ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას დავეკონტაქტე, რომელიც ამ ადამიანების უფლებებზე მუშაობდა. ისინი ძალიან დაინტერესდნენ ჩემით და გარკვეული პერიოდის შემდეგ მითხრეს, რომ ინგლისში ხომ არ წახვალო სემინარზე, რადგან სჭირდებოდა ინგლისურის მცოდნე დიაგნოზის მქონე ადამიანი. თავიდან შიში მქონდა, მაგრამ დავთანხმდი მაინც და წავედი. ეს იყო სემინარების სერია, სამჯერ მომიწია ინგლისში წასვლა. იქ ვიგრძენი თავი ადამიანად და დამეწყო რეაბილიტაციის პროცესი, პრინციპში, ფსიქოლოგების, სოც-მუშაკებისა და ყველანაირი დახმარების გარეშე. მე გამიმართლა უბრალოდ, მოვხვდი საინტერესო ადგილას და გავცოცხლდი.

მერე უკვე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციიდან მივიღე შემოთავაზება, რომ პროექტი იწყებოდა და ხელმძღვანელი უნდა ყოფილიყო დიაგნოზის მქონე ადამიანი. ქართულიც ძალიან მიჭირდა მაშინ და ვთვლიდი, რომ არც ჩემი გამოცდილება შეესაბამებოდა იმ პოზიციას, ამიტომ რთული პასუხისმგებლობა იყო ჩემთვის, მაგრამ მაინც დავთანხდი, რადგან ყოველთვის იყო ჩემზე სოციალური მდგომარებიდან გამომდინარე ზეწოლა. ახლა კიდევ დაიწყო ახალი ეტაპი და დიდი ცვლილება ჩემს ცხოვრებაში, ეს არის ომბუდსმენთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ჯგუფში ჩართულობა და ვარ ერთ-ერთი ექსპერტი. დავდივარ ციხეებში, იზლოლატორებში, მოხუცებულთა თავშესაფრებში, ბავშვთა სახლებში, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში და მონიტორინგს ვახორციელებ. ასევე, ვარ ფსიქიატრიული პრობლემების მქონე ადამიანების საერთაშორისო ქსელის თავმჯდომარე, 2014 წელს ამირჩიეს.

მოკლედ, მე უბრალოდ გამიმართლა, რომ ჩემი პოტენციალის რეალიზება მოხერხდა, ანუ მძიმე ფსიქო-სოციალური პირობების მოგვარება მეტ-ნაკლებად და აქედან გამომდინარე, გაქრა მაპროვოცირებელი ფაქტორები ჩემს ცხოვრებაში. შედეგად, არ მივეკუთვნები მძიმე პაციენტების ჯგუფს, ვისაც მუდმივად სჭირდება გარკვეული მხარდაჭერა და თავისუფლად შემიძლია ვიარო სერვისების გარეშე, მაგრამ ბევრი ადამიანის შემთხვევაში არის საჭირო მხარდამჭერი სერვისები, რაც ჩვენთან პრაქტიკულად არ არის, სამწუხაროდ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები